მიმდინარე კვირას პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ დაიწყო მუშაობა. პირველივე დღეებში ნათელი გახდა, რომ ამ გაზაფხულზე წინასაარჩევნო თემატიკა იქნება წამყვანი.
24 საათი 05.02.10
მიმდინარე კვირას პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ დაიწყო მუშაობა. პირველივე დღეებში ნათელი გახდა, რომ ამ გაზაფხულზე წინასაარჩევნო თემატიკა იქნება წამყვანი.
თუმცა, მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში საგაზაფხულო სესიაზე, ყოველ შემთხვევაში - 2010 წლის 1 ივნისამდე (სწორედ ეს ვადა განსაზღვრეს კანონმდებლებმა ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ბოლო თარიღად) აღარ უნდა ველოდოთ. სამაგიეროდ, პარლამენტი უკვე უახლოეს სხდომაზე რამდენიმე სხვა მიმართულებით საკმაოდ აქტიურ კანონშემოქმედებით საქმიანობას გეგმავს, მანამდე კი ისევ და ისევ საარჩევნო პროცესზე ზედამხედველობის საბჭოს შექმნის და სიების მეთვალყურე პარტიების "გადაკონტროლების" შესახებ მიდის კონსულტაციები.
დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ცესკო-ს თავმჯდომარესთან პირველ საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს. კონსულტაციის მიზანია იმ საკითხების განსაზღვრა, რომლებშიც ცესკო-ს კანონმდებელთა დახმარება დასჭირდება. ამის შემდეგ კონსულტაციები უკვე შიდასაპარლამენტო ფორმატში - ფრაქციებს შორის გაგრძელდება. საინტერესოა, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის საპარლამენტო დახმარება-მონიტორინგის გაწევის იდეას უკვე გამოუჩნდა აქტიური მოწინააღმდეგე გია ცაგარეიშვილის სახით. ცაგარეიშვილს, ცხადია, საარჩევნო პროცესში კანონმდებლების უხეში ჩარევის პერსპექტივა აშფოთებს.
სამართლიანი არჩევნების ჩატარების პროცესში პარლამენტის როლის კონკრეტულად გარკვევამდე დეპუტატებს საპარლამენტო ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი ტრადიციული წლიური ანგარიშით. საკანონმდებლო ორგანო მიხეილ სააკაშვილმა ვიზიტებით საკმაოდ გაანებივრა - იგი შარშან პარლამენტში სამჯერ იმყოფებოდა: გაზაფხულზე - ტრადიციული ანგარიშით, ზაფხულში, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის წინ, დემოკრატიისკენ გადასადგმელი ახალი ნაბიჯების პრეზენტაციით და შემოდგომაზე, როცა ეკონომიკური თავისუფლების აქტი წარმოადგინა.
პარლამენტში ელიან, რომ ამჯერად პრეზიდენტის გამოსვლამ, შესაძლოა, არჩევნების სამართლიანობის უზრუნველყოფის შეპირებითა და წინასაარჩევნო განწყობით ჩაიაროს. წინასწარი ინფორმაციით, ეს მიმართვა თებერვალში უნდა შედგეს, თუმცა თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, რომ 2010 წლის პირველ სხდომაზე დეპუტატები რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ და მათ შორის ერთი ისევ და ისევ არჩევნებს ეხება:
პარლამენტის ოპოზიციონერ ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის მიერ ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილება საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც, 2010 წლის 15 იანვრიდან 2010 წლის 1 ივნისამდე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო რეგისტრაციის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ნაცვლად, გაიცემა საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებით მოწმობა, რომლის იურიდიული ძალა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის იდენტურია, გარდა საარჩევნო მიზნისა, როცა აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენება ხდება. ცნობისათვის - ასეთი ფორმის მოძებნით უპასუხა პარლამენტმა ოპოზიციის ბრალდებებს იმის შესახებ რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის თბილისში რეგიონებიდან ამომრჩევლის "ჩამოწერა" ხელოვნურად ხდებოდა.
მართალია, არა პირდაპირ არჩევნების საკითხს, თუმცა თბილისის თემას ეხმიანება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც უდავოდ დაიმსახურებს გარემოს დამცველთა განსაკუთრებულ ყურადღებას: კანონპროექტის თანახმად, "თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ" კანონპროექტში ცვლილებები შედის და აღნიშნულ ტერიტორიაზე "ტყის ფონდით სარგებლობა დაიშვება სახელმწიფო ტყისთვის სპეციალური დანიშნულების ტყის სტატუსის მინიჭებისას", ხოლო ამ ფონდიდან ტყის ამორიცხვა დაიშვება "საკურორტო-რეკრეაციული პროექტების განხორციელებისას, კონსტიტუციური შეთანხმებებით გათვალისწინებული შემთხვევებისას ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე". საინტერესოა, რომ მთავრობა ამ კანონპროექტის "რიგგარეშედ" განხილვას ითხოვს, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ "საკურორტო-რეკრეაციული პროექტი" ან "საზოგადოებრივი ინტერესი" ამ ტყების მიმართ უკვე "მომზადებულია".
პარლამენტის მიერ განსახილველ საკითხებს შორის საინტერესოა ასევე ცვლილებები "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონში. ეს ცვლილებები განსაზღვრავს "ბენეფიციარი მესაკუთრის", "პოლიტიკურად აქტიური პირის", "პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირის" ტერმინებს, ასევე, სხვა საკითხებთან ერთად, არეგულირებს "პოლიტიკურად აქტიურ პირებთან" დაკავშირებით მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებების საკითხებს. ცვლილებების მოკლე ანოტაციიდანაც ჩანს, რომ ეს სიახლე "პოლიტიკურად აქტიური პირებისთვის" საინტერესო უნდა იყოს.
გარდა ამისა, პარლამენტის დღის წესრიგშია რამდენიმე შესწორება განათლების შესახებ კანონმდებლობაში, რომელიც განათლების სფეროში ხელმძღვანელი თანამდებობის პირების დანიშვნის წესს არეგულირებს, ასევე ცვლილებები საბანკო სფეროსა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულაციის შესახებ, ცვლილებები "დაზღვევის შესახებ", ასევე - "არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის და უზრუნველყოფის" შესახებ კანონპროექტებში.
პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს, პირველ რიგში, პარლამენტის კომიტეტები განიხილავენ. ამ ინიციატივების შესახებ უფრო დეტალური მსჯელობა სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი.