...სადაც მოქმედებას წინ არჩევანი არ მიუძღვის, იქ არ არსებობს შეგნება თავისუფლებისა და სადაც თავისუფლების შეგნება არ არის, იქ არ არის განსხვავებაც ბოროტებასა და სიკეთეს შორის...
24 საათი 05.02.10
...სადაც მოქმედებას წინ არჩევანი არ მიუძღვის, იქ არ არსებობს შეგნება თავისუფლებისა და სადაც თავისუფლების შეგნება არ არის, იქ არ არის განსხვავებაც ბოროტებასა და სიკეთეს შორის...
გერონტი ქიქოძე
ყური მოვკარი, როგორი შემართებით წარმოთქვა ერთმა: ეშმაკსაც კი მივყიდი სულს, ოღონდ საქართველო გამთლიანდესო. უუუხ! გარდა იმისა, რომ ეს გამოუსყიდველი ცოდვაა, სულაც არ სჭირდება საქართველოს ასეთი სახის მსხვერპლი. რა სიკეთეს მოუტანს სამშობლოს სულგაყიდული ადამიანი? თანაც, ასეთების უამრავი მაგალითი გაგვაჩნია ისტორიაში. მაგრამ, სამწუხარო უფრო ისაა, რომ ბევრისთვის ასეთი გამოთქმა ლამის ძირითადი პატრიოტული ლოზუნგია. სწორედ არათავისუფალი ადამიანები ცდილობენ ყველას და ყველაფრის გამართლებას, მათთვის არ არსებობს ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის. ასეთები არიან იმ მარგინალი პოლიტიკოსების მთავარი მხარდამჭერი და “მშობელი” ელექტორატი, რომლებიც ასე გადიდგულებულები ბრუნდებიან “იმპერიის კარიდან”. თან უკვე “მოთაყვანეთა” რიგი დადგა.
დღეს მსოფლიო გატრუნულია... უკრაინის არჩევნების შედეგებს ველოდებით. იქ გამოიკვეთება კაცობრიობის განვითარების ვექტორი. პოლიტიკური პროგნოზების გაკეთება ძალიან უმადური საქმეა, მაგრამ ამას მაინც ყველა ცდილობს. მოვლენების ლოგიკიდან გამომდინარე, ჩამომიყალიბდა არათუ პროგნოზი, რწმენა იმისა, რომ რუსეთი უკრაინას ვერ ეღირსება. თუ ვცდები და ჰიპოტეტიურად გამოუვიდა, საქართველოს მაინც ვეღარ მიიღებს. რა მაძლევს ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს? ბევრი რამ. ბაიდენის ჩამოსვლის წინ, ერთ ცნობილ ტელეარხზე, ერთი ცნობილი ექსპერტი აცხადებდა: რა თქმა უნდა, ახლა ბაიდენი ამას (სააკაშვილს) “წაიყვანსო” იმიტომ, რომ შეარცხვინა მსოფლიოო. ვიზიტის მერე, იგივე ექსპერტი, იმავე არხზე: რა თქმა უნდა მხარს დაუჭერდაო(?!). აი, “საღოლ”!!! “ლოგიკაც” ამას ჰქვია!!! უბედურებაც ის არის, რომ ასეთი აზროვნება ბევრს ნორმად მიაჩნია.
ცოდვაა ადამიანი. ჩემი ოპტიმიზმი კი ეყრდნობა იმათ, ვინც მართლაც ნორმალურად და პატიოსნად აზროვნებს, ასეთები საქართველოში, მადლობა ღმერთს, უმეტესობაა. უკვე გადავლახეთ ის ზღვარი, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია.
უკრაინაშიც და ჩვენთანაც “ბუნტები” გველოდება. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ეს “ბუნტები” რუსული პოლიტიკიდან მოდის? ეს კითხვა მათთვისაა, ვინც ამბობს: რა შუაშია რუსეთიო? მაგრამ, მითქვამს და გავიმეორებ: დღევანელმა რუსეთმა რაც არ უნდა მოიმოქმედოს, ყველაფერი ისევ მის წინააღმდეგ იქნება. უამრავი ფაქტორია ამის დასტური. გარდა იმისა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე რუსულმა პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა, მისი შინაური პრობლემები უფრო დიდია, ვიდრე ვინმეს მოეჩვენება. რუსული მართვის სისტემა, უფრო სწორად რეჟიმი, სრულიად გამორიცხავს რამენაირ ეკონომიკურ წინსვლას. რაც მისი პრემიერის უშუალო პასუხისმგებლობის ზონაა. აქედან გამომდინარე სრულიად გაუგებარია, რას ეპოტინებიან ამ ჩაძირვის პირას მისულ “ხომალდს”, რომლისგანაც უერთგულესი თანამებრძოლებიც კი უკვე დისტანცირებას ცდილობენ. არ შემიძლია არ გავიხსენო “დათა თუთაშხია”, სახომალდე ვირთხების “გამოყვანის” მეთოდი. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური “ვირთხების” გამოყვანის პროცესი დიდი ხანია დაწყებულია. ჯერ კიდევ სადა ხართ, აწი დაიწყება “თავდავიწყება”. დავინახავთ, როგორ გადაეკიდებიან ერთმანეთს, როგორ შეუდგებიან ერთმანეთის “ჭამას”. ერთია, რომ მათ საერთო მტერი ჰყავთ და ეს აიძულებთ ცოტა თავის შეკავებას, მაგრამ თამაშის წესები იმდენად ხისტია, რომ მაინც მოუწევთ “მუჯლუგუნები”. ჩემთვის რუსულ პოლიტიკასთან შეხმატკბილებული პოლიტიკოსები და ისინიც, ვინც რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებას “არ გამორიცხავს”, ქართული პოლიტიკის მიღმა განიხილება, ამიტომაც დიდი პატივი იქნებოდა მათი გვარების დასახელებაც კი. ეს გზაც უკვე გავლილი გვაქვს. გვინახავს და გვახსოვს, რა ხდებოდა ქართულ პოლიტიკაში. რუსები გვთავაზობენ: ელაპარაკეთ სეპარატისტებსო, ხელშეკრულება დაუდეთო, ასეთია მათი ხალხების ნებაო. თავად კი, საქართველოს კანონიერ ხელისუფლებასთან საუბარი არ უნდათ. ჩვენ პირდაპირ ხალხს დაველაპარეკებითო. როგორი მოსიყვარულენი გახდნენ? აგვისტოც და 2006-ც რომ არ გავიხსენოთ, როდესაც ამავე ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას პატივს არ სცემ, განა ეს ხალხის ღირსების შელახვა არაა? მათთან ერთად მათი სატელიტები იმეოერებენ, თქვენი ხელისუფლება არალეგიტიმურიაო. ე.ი. საქართველო არალეგიტიმურია და მისი ოკუპირებული რეგიონები ლეგიტიმურია? ესაა ლოგიკა? თავი გავანებოთ იმასაც, რომ ცივილიზებული სამყარო ამას არ ცნობს. ჩვენ თვითონ რა? არ გვინდა გავიგოთ, რომ ქართული ე.წ. არასაპარლამენტო ოპოზიცია “ნაურუსეული” და “ჰამასისეული” აზროვნების პოლიტიკოსებისგან შედგება? თუ მათი დემაგოგიური დემოკრატიულობაა დამაჯერებელი? თავადვე აღიარებენ, სულს გავყიდითო.
არჩევნები ერთადერთი საშუალებაა რუსული პოლიტიკისთვის, რომ როგორმე ქვეყნებზე კონტროლი დააწესოს. ეს ცივილიზაციის დიდი მიღწევაა, რომ დემოკრატიის ველზე მოქმედებას აიძულებს. ამიტომაცაა უკვე წინასწარი საუბრები არჩევნების გაყალბებაზე, მთავარია “ბუნტის” საბაბი შეიქმნას. არც მალავენ, ისევე მოვალთო, როგორც სააკაშვილიო. მაგრამ იმ “მოსვლას” და ამათ მცდელობას შორის დიდი ზღვარია. მაშინ, სწორედაც “გამარჯვებული ვირთხის” მეფობა დასრულდა. ხისგან დამზადებული ხომალდისთვისაა ვირთხა საშიში, თორემ, ქართული პოლიტიკური “ხომალდის” კორპუსი უკვე მეტალისგანაა. აჯობებს კბილებს გაუფრთხილდნენ. ჰო, კიდევ ერთი არგუმენტი: ვის ეომები, ატომური იარაღი აქვსო. აქვს და აქამდე გაგვთელავდა, რომ არა მსოფლიო თანამეგობრობა. ახლა რა? ჩვენს დამცველებსაც ვუღალატოთ? ჩვენგან მხოლოდ ერთი რამ მოითხოვება, ვიყოთ მტკიცედ და მოთმინებით. არ აინტერესებს რუსულ იმპერიას არც ქართველები და არც საქართველო, ეს ადგილია მისი ბროლის ოცნება. სულაც “კიდია”, ვის დანიშნავს აქ მმართველად, მთავარია თვითონ დანიშნოს. ამ ადგილის გარეშე თავის გაზს ვერ გაყიდის მონოპოლიურ ფასებში და თუ ფული არ ექნება, იმპერიასაც ვეღარ შეინარჩუნებს, ეს არის მისი მთავარი პრობლემა. ამიტომაც ეს, გლობალური საკითხია და არა მარტო ჩვენი. სათანადოდ მთელი მსოფლიოა ამ საქმეში ჩართული. ამის სანაცვლოდ კი გვთავაზობენ, ჩავალთ მოსკოვში და ყველაფერს მოვაგვარებთო. ეს უფრო პოლიტიკურ ონანიზმს წააგავს. უკვე ვიყავით გამთლიანებულები ორასი წელი, ოღონდ იმპერიის შემადგენლობაში. გვეყო რაა! ჩვენ მთლიანი თავისუფლება გვჭირდება.
ამ თავისუფლების შეგნებას გისურვებთ, ამის მერე ძალიან იოლია განსხვავება ბოროტებასა და სიკეთეს შორის.