აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებს და ამგვარი განზრახვა არც აქვს.
24 საათი 03.02.10
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებს და ამგვარი განზრახვა არც აქვს.
როგორც სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის თანაშემწე ფილიპ გორდონი აცხადებს, რუსეთის გარდა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ ცნეს. გორდონის თქმით, “ამ პრობლემის შესახებ რუსეთისგან განსხვავებული პოზიცია გვაქვს. ჩვენ, მართლაც, აქტიურად ვმუშაობთ მთელი მსოფლიოს ქვეყნებთან და მათ ჩვენს პოზიციას ვაცნობთ. საიდუმლო არ არის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ უნდა ცნონ. ეს რეგიონში სტაბილურობას ხელს არ შეუწყობს”. ფილიპ გორდონი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების პოზიციას თითქმის ყველა ქვეყანა იზიარებს. ამიტომ, აშშ-ს არც სჭირდება, რომ არაღიარების კამპანია აქტიურად აწარმოოს. ფაქტობრივად, ყველა ქვეყნისთვის ცხადია, რომ “პატივი უნდა სცენ საქართველოს სუვერენიტეტს, სხვა გზა არ არსებობს,” - დასძენს გორდონი. მისი განცხადებით, საქართველოში არსებული დაძაბულობის გადასაჭრელად გზები უნდა გამოიძებნოს.
ფილიპ ფორდონმა საქართველოში შექმნილი სიტუაცია საერთაშორისო ასპარეზზე შექმნილი ვითარების კონტექსტში მიმოიხილა. “რუსეთ-საქართველოს ომმა ნათლად აჩვენა, რომ ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურა არასრულყოფილია და მეტი შედეგის მიღწევაა საჭირო.” მისი შეფასებით, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ნატო-რუსეთის საბჭო არ გამოყენებულა.
“სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მექანიზმი არსებობს და ის პრობლემების დროს უნდა გამოვიყენოთ. მოდით, ვცადოთ ამ მექანიზმის დიალოგისთვის გამოყენება. ძირითადი პრობლემა, რომელმაც საქართველოში ომი გამოიწვია და ამჟამადაც ზოგჯერ ვითარებას ამწვავებს, ერთმანეთის მიმართ უნდობლობაა,” - განაცხადა ფილიპ გორდონმა. შექმნილი ვითარების განმუხტვისთვის, როგორც ჰილარი კლინტონის თანაშემწე აცხადებს, საჭიროა რამდენიმე ფაქტის აღიარება. “უნდა გავიგოთ, რომ რაც ნატო-სთვის ან შეერთებული შტატებისთვის არის კარგი, რუსეთისთვის არ არის ცუდი. ჩვენ პოზიციებში განსხვავებები გვაქვს, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში, ასევე ნატო-ს გაფართოების საკითხში. მაგრამ, მიგვაჩნია, რომ ნატო-ს გაფართოებამ ხელი შეუწყო იმ ქვეყნების მყარ და უსაფრთხო დემოკრატიებად ჩამოყალიბებას, რომელთაგან ზოგი რუსეთის საზღვრებთან მდებარეობს,” - მიიჩნევს გორდონი. მისი თქმით, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ რუსეთს საკუთარ საზღვრებთან ასეთი სახელმწიფოების არსებობა სურს და ისინი რუსეთს საფრთხეს არ უქმნიან.
გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ შეაფასა სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადება. “შეერთებულმა შტატებმა რუსეთს კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ მიუხედავად ავღანეთის, ირანის და სხვა საკითხებში თანამშრომლობისა, საქართველო არ ყოფილა, არ არის და არასდროს იქნება ვაჭრობის საგანი,” - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ფილიპ გორდონის განცხადების შესახებ “24 საათი” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვს ესაუბრა. “ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა საქართველოს მიმართ აშშ-ს პოზიცია კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს სუვერენიტეტს და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მის განუყრელ დაცვას. ამგვარად, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი პარტნიორები - საერთაშორისო თანამეგობრობის უმეტესი ნაწილიც და შეერთებული შტატებიც, , იცავენ და მომავალშიც დაიცავენ ამ პოზიციას,” - მიიჩნევს ნალბანდოვი. რაც შეეხება ზოგადად საქართველოს მიმართ აშშ-ს პოზიციას, როგორც ალექსანდრე ნალბანდოვი შენიშნავს, “სხვადასხვა დონეებზე ბევრჯერ გამოაცხადეს, რომ რუსეთთან შეერთებული შტატების დღევანდელ ურთიერთობაში საქართველო ერთადერთი საკითხია, რომელზეც მათი შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებელია, რამეთუ დიამეტრალურად საპირისპირო პოზიციები გააჩნიათ”.