მიკრობების დახმარებით მწვანე რევოლუცია ხდება.
24 საათი 02.02.10

მიკრობების დახმარებით მწვანე რევოლუცია ხდება.
კემბრიჯი, მასაჩუსეტსი - ჰარვარდის უნივერსიტეტში იატაკქვეშა რევოლუცია ხდება. სოკოების, ბაქტერიების, მიკრობებისა და ფესვების მონაწილეობით ის მართლაც მიწის ქვეშ გაუჩინარდა. ეს ყველაფერი ნიადაგში პესტიციდებისა და სინთეზური აზოტის ნაცვლად კომპოსტთან და კომპოსტის ჩაისთან ერთად შეჰყავთ.
შედეგი იმდენად გასაოცარი აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ჰარვარდის ეზოში დაწყებული ორგანული სასუქის გამოყენების ეს პატარა საპილოტე პროექტი უნივერსიტეტის ტერიტორიის მთელ 10 ჰექტარზე გაავრცელა.
"ჩვენი მიზანია, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩვენი ტერიტორიის მთელ 80 აკრზე მხოლოდ ორგანული სასუქები გამოვიყენოთ," - ამბობს ჰარვარდის გარემოს მენეჯერი უეინ კარბოუნი.
ჰარვარდის პრეზიდენტი დრუ გილპინ ფოსტი გასულ გაზაფხულს მისი რეზიდენციის წინ მოწყობილმა ჰარვარდის ნიადაგის აღდგენის პროექტის გამოფენამ დააინტერესა.
"მიწის ბელტებზე ნაჩვენები იყო, თუ როგორ იზრდება ბალახი ქიმიური და ორგანული სასუქების გამოყენების შემთხვევაში, - თქვა მან, - შესაძლებელი იყო ფესვების დათვალიერება და სხვაობის დანახვა".
ორგანული სასუქით დამუშავებული ბალახი ახლა ნიადაგში შეყვანილი მიკრობებით იკვებება. არ გამოიყენება სინთეზური აზოტი, რომელიც კომერციული სასუქების უმეტესობაში ძირითადი ელემენტია. არ გამოიყენება არც ჰერბიციდები და პესტიციდები. ბალახის ფესვები ნიადაგში 20 სანტიმეტრამდე იზრდება, თუმცა უწინ ნიადაგი აქ ისეთი მკვრივი იყო, რომ ახლადდარგული ხეებიც კი იღუპებოდა.
როგორც კოლეჯებში ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ჰარვარდის ეზოშიც უამრავი ადამიანი მიდი-მოდის. "აქ ყოველდღე დაახლოებით 6-დან 8 ათას ადამიანამდე დადის," - ამბობს ბატონი კარბოუნი.
მიუხედავად ამისა, მიკრობების აქტივობა ამ ხალხის ფეხქვეშ ნიადაგს წმენდს. ხის ფესვები თავისუფლად სუნთქავს და ნიადაგიდან საკვებ ნივთიერებებსა და წყალს იღებს.
ელმვუდის 40 წლის ბაღები, რომლებიც კომპოსტის ჩაით დამუშავდა, Cercospora melonis-სა და Venturia inaequalis-საგან თავისუფლდება.
"უკვე ჩანს, რომ Cercospora melonis უკან იხევს და ხეებს ფოთლების საფარიც უფრო გამოუცოცხლდა," - ამბობს დოქტორი ფოსტი, რომელიც ამ მეთოდს თავის ეზოშიც იყენებს და სამზარეულოს ნარჩენებისგანაც კომპოსტს ამზადებს.
პროექტის განხორციელება 2008 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ნიუ იორკის Battery Park City Parks Conservancy-ის ხელმძღვანელი მებაღეობის დარგში ერიკ ფლაიშერი იმ დროს ჰარვარდის დიზაინის ერთწლიან მაგისტრატურაში ლოუბის სტიპენდიანტი იყო. ბატონ კარბოუნთან და მის თანამშრომლებთან ერთად მან გადაწყვიტა დაედგინა, რა ცვლილებების მიღწევა შეიძლებოდა ბაქტერიების მეშვეობით გამოფიტული მიწის ერთ პატარა ნაკვეთზე.
ბატონი ფლაიშერი ამბობს, რომ პროექტის დასაწყისში "მიწა ისეთი მკვრივი იყო, რომ ბარვას სამი დუიმის [7 სანტიმენტრის] სიღრმეზე თუ ვახერხებდით".
მიუხედავად ამისა, ეს წამოწყება ყველას არ მოსწონს.
მღვდელმსახურ პიტერ გომესის ეზოს ძახველის ღობეზეც ნახავთ პატარა ნიშანს, რომელიც გატყობინებთ, რომ ეს ტერიტორია ჰარვარდის ორგანული ლანდშაფტის ნაწილია. "ეს ყველაფერი სულ არ მომწონს," - ამბობს ბატონი გომესი და დასძენს, რომ ლოზუნგიც და ნიშანიც "დიდი სისულელეა".
ის დიდი ხანია უნივერსიტეტის მემორიალურ ეკლესიაში მღვდელმსახურებას ეწევა. მისი თქმით, ხეების, ბუჩქებისა და მრავალწლიანი მცენარეების უმეტესობა აქ "საკუთარი ხელით" აქვს დარგული, მაგრამ ბალახს ყოველთვის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა უვლიდა. "სანამ ყველაფერი ეს შესახედად კარგია, სხვა არაფერი მაინტერესებს," - თქვა მან.
ენ რეივერი