პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება შეერთებული შტატების ასეთ მკაფიო და უცვლელ პოზიციას და მხარდაჭერას.
24 საათი 01.02.10
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება შეერთებული შტატების ასეთ მკაფიო და უცვლელ პოზიციას და მხარდაჭერას.
შეერთებული შტატები სწორედ მტკიცე პოლიტიკის გამო არ მისცემს რუსეთს უფლებას, რეგიონი გავლენის სფეროებად დაყოს. გარდა ამისა, აშშ არ დაუშვებს ეთნოწმენდის შედეგად 500 ათასი ქართველის დევნილობისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებული ოცი პროცენტის დაკანონებას, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 30 იანვარს გამართულ ბრიფინგზე,
ქართველი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველოს საკითხი სხვა საერთაშორისო პრობლემებისგან განცალკევებით არ განიხილება. როგორც ისინი განმარტავენ, სწორედ ამიტომ, დემოკრატიულ დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობა უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევა.
“საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის” ექსპერტი არჩილ გეგეშიძე, “24 საათთან” საუბარში, სახელმწიფო მდივნის სიტყვით გამოსვლას აშშ-ს პოლიტიკის ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევს. მისი თქმით, შეერთებული შტატები რუსეთის მიმართ მკვეთრ პოზიციას ყოველთვის, ყველა დონეზე გამოხატავდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ობამამაც ისაუბრა მოსკოვში ყოფნის დროს, აშშ-ს ყველა ოფიციალური პირი რუსეთის მოქმედებებზე მუდმივად აკეთებს აქცენტს. გეგეშიძემ გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ 2009 წლის გაზაფხულიდან, როცა “გადატვირთვის” პოლიტიკა გამოცხადდა, აშშ ოფიციალურ დონეზე მუდმივად აღნიშნავს იმას, რაზეც ჰილარი კლინტონმა პარიზში ისაუბრა. გეგეშიძე შენიშნავს, რომ “სახელმწიფო მდივნის სიტყვით გამოსვლაში პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის პოლიტიკის კრიტიკის თვალსაზრისით ახალი არაფერი ყოფილა.”
რაც შეეხება “გადატვირთვის” პოლიტიკის წარმატება-წარუმატებლობას, ექსპერტის აზრით, “ქალბატონი ჰილარის სიტყვაში არანაირი მინიშნება არ ყოფილა, რომ ეს წარუმატებელია. პირიქით, იქ დიპლომატიური ენით არის ნათქვამი, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩამოთვლილია მთელი რიგი საკითხები, სადაც რუსეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ღრმავდება. თუმცა, იქვე გამოსვლაში საკმაოდ მკაფიოდ ამბობს, რომ ნატო-ს ფუძემდებლურ პრინციპებს და მე-5 მუხლს, რომელიც კოლექტიური თავდაცვის პრინციპს გულისხმობს, განუხრელად დაიცავენ. კლინტონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუკი ნატო-ს რომელიმე წევრი ქვეყანა თავს დაუცველად მიიჩნევს, ნატო, თუ ამის საჭიროება იქნება, ამ მუხლის გათვალისწინებით იმოქმედებს.” ამავე დროს კი, გეგეშიძის თქმით, ჰილარი კლინტონმა ძალიან მოკლედ ისაუბრა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებულ განსხვავებებზე. “როგორც ქალბატონმა კლინტონმა განმარტა, განსხვავებები ყოველთვის იყო, თუმცა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ამ განსხვავებებმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს იმ თანამშრომლობაში, რომელიც ორ ქვეყანას უკვე დაწყებული აქვს. კლინტონის სურვილია, განსხვავება დიალოგით და კონსტრუქციული ურთთიერთშეთანხმების პროცესით დარეგულირდეს,” - განმარტა გეგეშიძემ.
როგორც გეგეშიძე შენიშნავს, ჰილარი კლინტონი, რა თქმა უნდა, რუსეთთან ფასეულობების შეუთანხმებლობაზე საუბრობს. აქედან გამომდინარე, აქტუალურია, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გლობალური ინტერესების შეუთავსებლობა. ექსპერტის აზრით, “კლინტონი გულდაწყვეტით ამბობს, რომ ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანია. ის ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა და დღესაც საჭიროა, რათა პარტნიორებს ერთმანეთის ნდობა განუმტკიცდეთ, მათ შორის, ურთიერთშემოწმების მექანიზმის ამუშავებით, რათა ორივე მხარეს შეეძლოს ერთმანეთის შემოწმება, თუ როგორ სრულდება აღებული ვალდებულებები. რადგან რუსეთმა ცალმხრივად მორატორიუმი გამოაცხადა და ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება აღარ მოქმედებს, შესაბამისად ეს ურთიერთშემოწმების მექანიზმებიც არ მუშაობს. ჰილარი კლინტონის აზრით, ასეთ დროს ნდობის გაჩენა რთულია.” გეგეშიძე დასძენს, რომ სახელმწიფო მდივანი ევროპის უსაფრთხოებაზე ზრუნვას ყველას სთავაზობს. კლინტონს მიაჩნია, რომ ევროპა გაყოფა არ შეიძლება. მისი მტკიცებით, რუსეთიც ევროპის ნაწილია და ამერიკაც - როგორც ევროპის პარტნიორი. ამიტომ, ჰილარი კლინტონის თქმით, უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ყველამ ერთად უნდა იზრუნოს. “აშშ-მ რუსეთს ანტისარაკეტო სისტემაში მონაწილეობა შესთავაზა, რათა რუსეთმა ამ პროცესებიდან გარიყულად არ იგრძნოს თავი. კლინტონის გამოსვლაში არ ყოფილა რაიმე მინიშნება, რომ “გადატვირთვის” პოლიტიკა არ მუშაობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აშშ და ჰილარი კლინტონი ასე არ ფიქრობენ, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ამბობენ. ამიტომ აქ ის არ უნდა ვეძებოთ, რისი დანახვაც გვინდა,” - შენიშნავს არჩილ გეგეშიძე.
ჰილარი კლინტონმა რუსეთის უსაფრთხოების არქიტექტურის პროექტზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც გეგეშიძე მიიჩნევს, სახელმწიფო მდივანს რუსეთის კონცეფციაზე ხელაღებით არ უთქვამს უარი. მან განმარტა, რომ რუსეთმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. კლინტონის თქმით, რუსეთმა ნატო-რუსეთს შორის ურთიერთობების თავისებური ხედვაც დასახა. სახელმწიფო მდივანმა საფრანგეთიც ახსენა, რომელიც მიესალმება რუსეთსა და დასავლეთს შორის დიალოგს. კლინტონმა დასძინა, რომ “ეს ყველაფერი განიხილება,” მაგრამ, ექსპერტის თქმით, იქვე ის პრინციპები ჩამოთვალა, რაზეც მომავალში ევროპის ახალი არქიტექტურა უნდა აიგოს. როგორც კლინტონი განმარტავს, პირველი პრინციპი ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობაა. მან დიპლომატიურად თქვა, რომ ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა უკვე არსებულმა ინსტიტუტებმა - ნატო-რუსეთის საბჭომ და ეუთო-მ უნდა შექმნან და ახალი ინსტიტუტები (რასაც რუსეთის კონცეფცია ითვალისწინებს) საჭირო არ არის. “ამით კლინტინმა რუსეთს მიანიშნა, რომ მედვედევის მიერ წარმოდგენილ წინადადებაზე რუსეთის იმედები შეიძლება ყველაფერში არ გამართლდეს. დასავლეთს თავისი კონტრწინადადებები ექნება, რომლებსაც საბოლოოდ ნატო-ს მორიგ სამიტზე ჩამოაყალიბებს. ამ სამიტზე ნატო-მ თავისი სტრატეგია და ამ ახალ ცვალებად ვითარებაში საკუთარ ადგილსა და როლზე თავისი ხედვა უნდა წარმოადგინოს. სწორედ ამ დროს გაირკვევა რუსეთსა და დასავლეთს შორის ევროპის ახალი არქიტექტურის შესახებ მიმდინარე დიალოგის ბედიც. როგორც ჩანს, ამ პროცესში რამდენიმე ქვეპროცესი მიდინარეობს. მათ შორის - ე.წ. “კორფუს პროცესი,” სადაც რუსეთის წინადადება ფორმალურად განიხილება, მაგრამ ეს ფორუმი არ არის ერთადერთი და უნიკალური, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ,” - შენიშნავს გეგეშიძე.
ექსპერტმა საქართველოს დღევანდელ პოზიციებზეც ისაუბრა. როგორც გეგეშიძე აცხადებს, “ჰილარი კლინტონის სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პოზიციები არ გამყარებულა. სამწუხაროდ, შეერთებული შტატები და ნატო ჯერჯერობით განცხადებების იქით ვერ მიდიან. მართალია, აღნიშნავენ, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ გატარებულ პოლიტიკაში არ ეთანხმებიან, კერძოდ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობაში, მაგრამ სტატუს-კვოს შემოსაბრუნებლად პრაქტიკულ ნაბიჯებს არ დგამენ.”
გეგეშიძემ განმარტა დემოკრატიული დასავლეთის დღევანდელი პოლიტიკა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ არსებობს სხვადასხვა მიზეზები, პირველ რიგში, მთელი რიგი საკითხები, რაშიც დასავლეთს რუსეთთან თანამშრომლობა სჭირდება - ავღანეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ტრეფიკინგი, გლობალური დათბობა და სხვა. ამ ყველაფერში რუსეთთან თანამშრომლობა დასავლათს სასიცოცხლოდ მიაჩნია. თუმცა, გეგეშიძე დასავლეთის დამოკიდებულებას მაინც ოპტიმისტურად უყურებს. “არ არის გამორიცხული, მოვიდეს დრო, როცა ამ საკითხების გადაჭრაში რუსეთთან თანამშრომლობა დღევანდელივით აღარ დასჭირდებათ. სხვა შემთხვევაში, ბოლო-ბოლო რუსეთთან ვერ შეთანხმდებიან და გადატვირთვის პოლიტიკა ჩაიშლება, აღდგება ცივი ომი და, აი, მაშინ დასავლეთი რუსეთის მიმართ უკვე უფრო მკაცრ და კატეგორიულ პოზიციას დაიკავებს. თუმცა, გარკვეული დრო უნდა გავიდეს, რათა ამ საკითხზე უფრო დამაჯერებლად ვისაუბროდ,” - ვარაუდობს არჩილ გეგეშიძე.
“24 საათი” “ევროპული კვლევების ცენტრის” ხელმღვანელ კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ჰილარი კლინტონის სიტყვაში ევროპასთან მიმართებით შეერთებული შტატების საგარეო-პოლიტიკური ხედვა ძალიან კონცენტრირებულად იყო გადმოცემული. როგორც გოგოლაშვილი შენიშნავს, “ყველა ის კითხვის ნიშანი, რომელიც ევროპის უსაფრთხოებაში აშშ-ს როლის, რუსეთის ახალი წინადადების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან დამოკიდებულების საკითხებში არსებობდა, მოიხსნა. აგრეთვე, კიდევ ერთხელ დაეჭირა მხარი ნატო-ში ინტეგრაციისკენ საქართველოს სწრაფვას და ამ პროცესის გაგრძელებაზე ქვეყნის სუვერენულ უფლებას, ამას ემატება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისადმი ერთგულება.” როგორც გოგოლაშვილი აცხადებს, ჰილარი კლინტონმა ყველა ამ საკითხზე ძალიან პირდაპირ და ზუსტად, სრულად ისაუბრა. გოგოლაშვილის აზრით, მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში ბარაკ ობამა მოვიდა, ეს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე კონცენტრირებული ყოვლისმომცველი გამოხატვა იყო.
კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს საკითხი ცალკე, სხვა საერთაშორისო პრობლემების გარეშე არ განიხილება, იმიტომ, რომ, თუკი შეერთებული შტატები რუსეთის ახალ არქიტექტურას დაეთანხმება, მაშინ საქართველოს საკითხი რთულდება და გადახედვას ექვემდებარება. თუ აშშ რუსეთის მიერ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის ნატო-ში ინტეგრაციის აკრძალვას შეეგუება, ესეც პირდაპირ საქართველოს და ფუნდამენტურ პრინციპს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება. მით უმეტეს, რომ საერთაშორისო უსაფრთხოება, პირველ რიგში, ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და მათ სუვერენიტეტს ეყრდნობა. როგორც გოგოლაშვილი მიიჩნევს, “ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის გაუთვალისწინებლად საქართველოს ინტერესებზე საუბარი არ შეიძლება.”
ასოციაცია “სამართალი და თავისუფლების” ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა “24 საათს” განუცხადა, რომ საქართველოსთვის ჰილარი კლინტონის სიტყვა, პირველ რიგში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილი მძიმე ვითარების გამო არის ყურადსაღები. “რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლინტონი საქართველოს მხარდაჭერას გამოხატავს. რაც მთავარია, აქცენტი კეთდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე და პრინციპულ პოზიციებზე. შეერთებული შტატები ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს. ამ შემთხვევაში რუსეთის პოზიციას აშშ შეცდომად აფასებს და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულებას მოუწოდებს. ეს თავისთავად მიანიშნებს, რომ შეერთებული შტატების აზრით, რუსეთი არ ასრულებს შეთანხმებას, რაზეც მედვედევი ხშირ შემთხვევაში აპელირებს და ამბობს, რომ საერთაშრისო შეთანხმების შესაბამისად მოქმედებს,” - შენიშნავს სესიაშვილი. იგი ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე დღის წინ მედვედევის მიერ გაკეთებულ განაცხადებაზე, რომ რუსეთი ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს მაქსიმალურად გააკონტროლებს. ამ ვითარებაში საქართველოსთვის დასავლეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. თუმცა, სესიაშვილის თქმით, ნატო მხოლოდ შეერთებული შტატები არ არის, ხოლო ევროპა, ხშირ შემთხვევაში, ისეთ პოზიციას იკავებს, რაც არათუ ჩვენთვის, აშშ-სთვისაც არ არის მისაღები.
“24 საათი” პარლამენტის ევროპასთან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით დარჩიაშვილს დაუკავშირდა. მან რუსეთის მიმართ აშშ-ს დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი აზრით, რუსეთის მიერ წარმოდგენილი წინადადებები აბსოლუტურად არაადეკვატურია, რადგან რეალობა და რიტორიკა ერთამანეთს აცდენილია. როგორც დარჩაშვილი შენიშნავს, პოზიციის ასე გამოხატვა საერთაშორისო ურთიერთობებში კარგ ტონად არ აღიქმება. დასავლეთმა, კერძოდ კი ევროკავშირმა, ნატო-მ, დასავლეთ ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ, არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთმა, როდესაც იგი რიტორიკულ წინადადებებს აყენებს, უნდა გაიხსენოს, რა გააკეთა უახლოეს სამეზობლოში. როგორც დარჩიაშვილი შენიშნავს, “თუკი რუსეთი საერთო ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბრობს, გასათვალისწინებელია მეზობლებთან მისი ურთიერთობა და ასევე ის, თუ რამდენად საერთოა მისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები. საერთო უსაფრთხოება მხოლოდ საერთო ღირებულებებს უნდა ეყრდნობოდეს. ქალბატონი ჰილარის განცხადებები ამ ჭრილშია გაკეთებული.”
“ჰილარი კლინტონის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, - დასძენს დარჩიაშვილი, - მით უმეტეს, რომ მან ჩვენთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. აშშ საქართველოს მხარდაჭერას პირველად არ გამოხატავს, მაგრამ საგარეო ურთიერთობებში, საერთაშორისო პოლიტიკაში უნდა განმეორდეს ხოლმე გარკვეული პრინციპები და ამაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა აუცილებლად უნდა ისაუბრონ. ქალბატონი ჰილარი რამდენადაც ხშირად გამოხატავს აშშ-ს პოზიციას, იმდენად უფრო დამკვიდრდება ეს პრინციპები საერთაშორისო ურთიერთობებში.”