"ზღვები X ბათუმი" დასასრულს უახლოვდება
24 საათი 25.09.10
"ზღვები X ბათუმი" დასასრულს უახლოვდება
ბათუმიდან დამსვენებელთა უმრავლესობა გაემგზავრა. მათ ნაცვლად ახლა წვიმიანი დღეები საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებს აწუხებთ. ცუდი ამინდი პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებას უშლის ხელს.
"ზღვები X ბათუმის" მონაწილე ვენელინ შურელოვი ფიქრობდა, რომ ბულვარში დადგმული ფანტომატები გამვლელთა ყურადღებას მიიქცევდა. ასეც მოხდებოდა, რომ არა წვიმა, რის გამოც ე.წ. "ჰუმანოიდებმა" დრამატული თეატრის შენობას "შეაფარეს" თავი.
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ფესტივალის დასრულებამდე უფრო მეტი ადამიანი შეძლებს თვალებში ჩახედოს ფანტომატს და დაინახოს ზღვის პეიზაჟი, სანაპიროზე მოსეირნე გამოსახულება, რომელიც ერთი თვალიდან მეორეში გადადის, ან ბადმინტონის მოთამაშე წყვილი, სადაც კადრების შეცვლა ღილაკზე თითის დაჭერით შეგიძლიათ.
ფესტივალის ორგანიზატორებს სურდათ, განსაკუთრებული აქცენტი გაეკეთებინათ: პირველი - საჯარო ხელოვნების ნიმუშებზე, რითაც ქალაქის გამოცოცხლებას შეუწყობდნენ ხელს და მეორე - თემატურად მრავალფეროვან ვორქშოფებზე. ამ უკანასკნელმა, ვფიქრობ, უკეთესად იმუშავა. თუმცა, საკუთარი გამოცდილების სხვისთვის გაზიარების პროცესი განსაკუთრებით საინტერესო მაინც ვორქშოფებში მონაწილეებისთვის აღმოჩნდა. ავიღოთ, თუნდაც, ზემოთ ნახსენები ვენელინ შურელოვი, რომელიც საჯარო ხელოვნების მნიშვნელობაზე საუბრის შემდეგ პრაქტიკულ სამუშაოზე გადავიდა და ქართველები "პლენერზე" გაიყვანა. მათ გადაიღეს ფოტოები და ვიდეო. მასალის დამუშავების შემდეგ კი ფანტომატების თვალებში უკვე ბათუმის პეიზაჟები აციმციმდება. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ხორვატთა გაერთიანებამ, სახელწოდებით BADco, რომელშიც სულ 8 ადამიანია გაწევრიანებული, აქედან 3 ქორეოგრაფია, ხოლო დანარჩენები - დრამატურგი, ფილოსოფოსი, ხმის რეჟისორი, გამნათებელი და პროდიუსერი. ამათგან საქართველოში მხოლოდ 4 ჩამოვიდა. მათი ვორქშოფი ფესტივალის პირველივე დღიდან დაიწყო. ჯგუფის პრაქტიკული სავარჯოშოების ნახვის შემდეგ უკვე შემიძლია გითხრათ თუ როგორ მუშაობენ ისინი და რაზე აკეთებენ აქცენტს.
პირველ დღეს BADco-ს წარმომადგენლებმა ვორკშოფის მონაწილეებს გააცნეს თავი და საკუთარ გამცდილებაზე ისაუბრეს. უცხოელებმა გვაჩვენეს ნაწყვეტები მათი წარმოდგენებიდან და მომდევნო დღე პრაქტიკული სამუშაოებისთვის გამოითავისუფლეს. გუშინდელ ვორქშოფს ბათუმის დრამატული და თოჯინების თეატრის მსახიობების მცირე ნაწილი ესწრებოდა, მაგრამ ამოცანების პრაქტიკაში გადაჭრის მცდელობა ყველასთვის საინტერესო აღმოჩნდა.
ხორვატელთა გამოცდილების გაზიარებისას დარბაზიდან ისმოდა რეპლიკები, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ შემოთავაზებულის არსი და იდეა რამდენიმემ ვერ გაიგო. ეს მანიშნებელია იმისა, რომ ასეთი ტიპის პროექტებში მონაწილეობა საჭიროა თუნდაც გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ უცხოელებს კი არა აქვთ რაიმე ახალი, არამედ ჩვენ არ გვაქვს თანამედროვე ხელოვნება...
რა იყო გამორჩეული? მათი მიდგომა და დამოკიდებულება, აქცენტები, რომლებიც დასვეს და შემოგვთავაზეს. ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ პროექტებში აქცენტი მოძრაობაზეა გაკეთებული, მაგრამ ეს "მოძრაობა" არც ამორფულია და არც კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. არადა, ერთი შეხედვით სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. დრამატურგიულ ნაწილს რაც შეეხება, ხორვატელთა შთაგონების წყარო არაერთი ცნობილი ავტორია, მაგალითად ბეკეტი, რომლის პიესებსაც იყენებენ, მაგრამ ტექსტს მათთან სულ სხვა დანიშნულება აქვს. გარდა იმისა, რომ არ არღვევენ საავტორო უფლებებს და იმასაც კი აღნიშნავენ თუ ვისი ნაწარმოების შთაგონებით შეიქმნა წარმოდგენა, მათთან იგივე ბეკეტს ვერ ნახავთ. აქ ტექსტი გამოყენებულია განწყობისთვის, აღიქმება როგორც მუსიკა ან ხმაური, არის რიტმის მომცემი და განმსაზღვრელი. მართალია, ტექსტს მათთვის სასურველი თემიდან გამომდინარე ირჩევენ, მაგრამ კონკრეტულ სცენებს ტექსტთან კავშირი შესაძლოა არც ჰქონდეს. ხორვატელების ქორეოგრაფიული მონახაზი და საშემსრულებლო ტექნიკა საინტერესოა. ინარჩუნებენ იდეას, მაგრამ ამ "იდეის" განსახორციელებლად ცდილობენ შემოქმედებითი ამოცანები თითოეულ ჯერზე ახლებურად გადაჭრან. ეს ყველაფერი კი იმპროვიზაციასთან ერთად იდეის უცვლელად შენარჩუნებას გულისხმობს. ამის მისაღწევად აქტიურად იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს, პროგრამას, რომელიც საგანგებოდ მათთვის დაიწერა. ის მსახიობის მოძრაობას ეკრანზე ოდნავ შენელებულად გამოსახავს. ამით შემსრულებელს საკუთარ სხეულზე დაკვირვების შესაძლებლობა ეძლევა. განსაკუთრებით საინტერესოა კამერასთან ჯგუფური მუშაობის პროცესი, რაშიც ძალები ქართველებლაც მოსინჯეს. მათ ობიექტივში მათივე სხეული მოექცა.
"BADco ათი წლის წინ ერთმა ქორეოგრაფმა და ორმა დრამატურგმა შექმნა. 2004 წელს დანიელ ტურინთან თანამშრომლობით კი დაიბადა წარმოდგენა, სადაც კომპიურეტული პროგრამა გამოვიყენეთ. ეს იმდენად მოგვეწონა, რომ მასთან თანამშრომობა გავაგრძელეთ და ახლა ის ჩვენი პროდუქციის შექმნაში მონაწილეობს. ციფრული ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიცნოთ ჩვენი სხეული და დავაკვირდეთ მას. სავარჯიშოები და ამოცანები, რომლებსაც ვასრულებთ, ვფიქრობ, სასარგებლოა ყველასთვის, მათთვის ვინც აკადემიურ თეატრში მუშაობს და მათთვისაც, ვინც ექსპერიმენტულ წარმოდგენებში მონაწილეობს. რაც შეეხება ტექსტს, მას ვიყენებთ, მაგრამ განსხვავებულად იკითხება. თუმცა, კონტექსტიდან ამოგლეჯილი არ გახლავთ. აქ ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი. ჩვენ ერთმანეთის ვაკვირდებით და ხშირად ერთმანეთის სამუშაოსაც კი ვასრულებთ, რადგანაც საერთო საქმე და მიზანი გვაქვს. ჩვენ ვსვამთ ამოცანას და ვცდილობთ ის სხვადასხვანაირად განვახორციელოთ", - მითხრა ივანა ივკოვიჩმა. დრამატურგმა ქართველ აუდიტორიასთან ურთოერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა: "პირველი დღე თეორიულ კურსს მივუძღვენით, რადგანაც გვინდოდა ქართველებისთვის საკუთარი თავი გაგვეცნო და გვეთქვა ის, თუ ვინ ვართ ჩვენ, რას ვაკეთებთ და როგორ... ამის შემდეგ უკვე პრაქტიკულ სავარჯიშოებზე გადავედით და პროცესში ქართველი მსახიობები აქტიურად ჩაერთნენ. ისინი უფრო თავისუფლები გახდნენ და სხვადასხვა სირთულის დავალებების შესრულებით დაინტერესდნენ. მიხაროდა როდესაც ვუყურებდი თუ როგორ აკვირდებოდნენ ისინი ერთმანეთს და მითითებებსაც იძლეოდნენ. თქვენმა მსახიობებმა რთულ ამოცანებს კარგად გაართვეს თავი".
BADco-ს შემოქმედებითი ექსპერიმენტების შედეგს ბათუმელები დღეს 19 საათზე ნახავენ. ბათუმის დრამატული თეატრის ფოიეში გათამაშდება წარმოდგენა, სახელწოდებით "დროის ლიგა", რომელიც გვთავაზობს კომპლექსულ ქმედებას დროში. რა მოხდებოდა მაშინ, როდესაც სოციალური თხრობა რეალობის აღქმის საშუალებას არ იძლევა?
უამინდობის გამო თეატრის ორ სართულზე გადანაწილდა ნორვეგიელი ანე ლიზ სტენსეტის "კოცნა და კარგვა" - ცვალებადი აუდიო-ვიდეო ინსტალაცია, რომელიც დამზადდა უკრაინისთვის, ბულგარეთისთვის, რუმინეთისთვის, თურქეთისთვის, ნორვეგიისთვის, შვედეთისთვის, დანიისათვის და გაერთიანებული სამეფოსთვის. ობიექტი მოიცავს 13 ვიდეოს, მაგრამ საქართველოში შემცირებული სახით ჩამოვიდა. თუმცა, პროექტის კონცეფცია ორი ნამუშევრის ნახვიდანაც ცხადი გახდა. სტენსეტმა ქალებს ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან სთხოვა დაეწერათ წერილი, რომელიც წაკითხული და ინტერპრეტირებული იქნებოდა კამერის წინ... ნამუშევრის მთავარი მოტივია თვითმყოფადობა, მიგრაცია, ცვლილებები ევროპაში და ა.შ. ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა ახალგაზრდა თურქი ფეხმძიმე ქალის წერილი ბებიასადმი. მთავარი გმირი ცხოვრობს დანიაში და წერს ბებიას, რომელიც ავადაა, მას და გარდაეცვალა, ორი წლის წინ კი ქმარიც დაკარგა... მათი ურთიერთობა მომავალი შეხვედრის იმედზეა აგებული.
უცხოური პროგრამის პარალელურად მიმდინარეობს ქართული სპექტაკლების ჩვენება. სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ ენახათ გოგა თავაძის სპექტაკლი "ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით", სადაც ერთ-ერთი მთავარი გმირი (ლიანა) მსახიობმა თათია თათარაშვილმა განასახიერა. ამ თვალსაზრისით სპექტაკლი ქართველებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. საფესტივალო პროგრამით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებზე გაზეთ "24 საათის" მომდევნო ნომერში გაცნობებთ.