რადიოსადგურმა Planet Rock საუკეთესო ლაივ ალბომების ჩამონათვალი გამოაქვეყნა
24 საათი 03.03.10

რადიოსადგურმა Planet Rock საუკეთესო ლაივ ალბომების ჩამონათვალი გამოაქვეყნა
გახსოვთ საბჭოთა პერიოდში აუდიო კასეტებზე როგორ ვაწერდით ხოლმე: Led Zeppelin 1969, Queen 1986, Beatles 1964 და ასე შემდეგ. ზოგჯერ კი ციფრების გასწვრივ სიტყვა live-ც ჩნდებოდა - ანუ სტუდიური კი არა ცოცხალი ჩანაწერის მფლობელები ვიყავით (რაც მელომანს დამატებით ერთ ქულას მატებდა). ბრიტანულმა რადიო სადგურმა Planet Rock, სწორედ საუკეთესო ცოცხალი ჩანაწერების ჩამონათვალი შეადგინა, ხმის მიცემა კი რადიოს ნებისმიერ მსმენელს შეეძლო, ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად სახალხო გამოკითხვა შედგა.
პირველი ადგილი ლეგენდარული ირლანდიური ჯგუფის, Thin Lizzy-ის 1978 წელს გამოშვებულმა Live and Dangerous-მა დაიკავა. აღნიშნული ლაივი ჯგუფმა 1977 წელს ლონდონსა და ტორონტოში ჩატარებული კონცერტებისას ჩაწერა. კონცერტები ორი ალბომის, Johnny the Fox და Bad Reputation-ის მხარდასაჭერი ტურნეს შემადგენელი იყო. Live and Dangerous-ის CD ვერსია 1996 წელს გამოვიდა, ხოლო DVD 2007 წელს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩანაწერი შესულია გამოცემაში 1001 Albums You Must Hear Before You Die.
როდესაც აღნიშნული გამოკითხვის შესახებ გახდა ცნობილი, იმთავითვე ვარაუდობდნენ, რომ პირველ პოზიციაზე აუცილებლად “დიფ ფარფლის” გენიალური Made in Japan გავიდოდა, თუმცა როგორც ნახეთ, ასე არ მოხდა და “ფარფლების” საკონცერტო ჩანაწერი მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა. ორმაგი Made in Japan ჯგუფმა 1972 წელს ოსაკასა და ტოკიოს “ბუდოკან არენაზე” ჩატარებული კონცერტებისას 15-17 აგვისტოს ჩაწერა. ცოცხალ ალბომში ძირითადად ასევე გენიალური Machine Head-ის კომპოზიციები შევიდა. მათ შორისაა Highway Star, Child in Time, Smoke on the Water, The Mule, Strange Kind of Woman, Lazy და სხვა.
მესამე ადგილი ჯგუფ UFO-ს 1979 წლის Strangers in the Night-ს ერგო, შემდეგ პოზიციაზე კი The Who-ს Live at Leeds-ია. ეს ჯგუფის პირველი და პრაქტიკულად ერთადერთი ცოცხალი ჩანაწერია, რომელიც მისი აქტიური მოღვაწეობის პერიოდშია გაკეთებული. Live at Leeds ჟურნალ “როლინგ სთოუნის” 500 საუკეთსო ალბომის 170-ე ადგილზეა და ცხადია 1001 Albums You Must Hear Before You Die-შიცაა შეტანილი.
If You Want Blood, You Got It - ასეთი უსიამოვნო სახელწოდება აქვს AC/DC-ს 1978 წლის ჩანაწერს, რომელიც შემდეგ პოზიციაზე აღმოჩნდა. ცოცხალი ალბომი ძირითადად ჯგუფის ძველი სტუდიური ჩანაწერების კომპოზიციებს აერთიანებს. მათ შორისაა სიმღერები ალბომებიდან T.N.T., Dirty Deeds Done Dirt Cheap, Let There Be Rock და Powerage. აღსანიშნავია, რომ ესაა 1980 გარდაცვლილი ბონ სკოტის ბოლო ნამუშევარი ჯგუფთან ერთად, რის შემდეგაც ე.წ. ბონ სკოტის ერა დასრულდა.
შემდეგ პოზიციაზე მსმენელმა “პინკ ფლოდის” 1995 წლის ორმაგი Pulse გაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მის ჩაწერაში არ მონაწილეობდა როჯერ უოტერსი, ჯგუფის თაყვანსიმცემლები მას მაინც საუკეთესო ლაივად მიიჩნევენ. ალბომში შევიდა კომპოზიციები ჯგუფის 1994 წლის საკონცერტო ტურნედან, რომლის კონცერტებზეც “პინკ ფლოიდის” წევრები ძირითადად Dark Side of the Moon-ის Wish You Were Here-სა და The Wall-ის სიმღერებს ასრულებდნენ. მას მოსდევს Iron Maiden-ის Live After Death, რომელიც ჯგუფმა 1985 წლის World Slavery Tour-ის დროს ჩაწერა.
საუკეთესო ლაივ ალბომების ჩამონათვალში ასევე შევიდა: “ჯენეზისის” Seconds Out, “სტატუს ქუოს” Live!, “ჯეტრო ტალის” Bursting Out, “ლედ ზეპელინის” The Song Remains the Same და How The West Was Won, “ქუინის” Live Killers, “რაშის” All The World's A Stage, Exit Stage Left და Rush In Rio, “მოტორჰედის” No Sleep 'Til Hammersmith, “ურაი ჰიპის” Live 1973, “მეტალიკას” S & M, “როლინგ სთოუნზის” Get Yer Ya Ya's Out, “რეინბოუს” On Stage, “ჯუდას პრისტის” Unleashed In The East, ვუდსტოკის ფესტივალის კონცერტების ჩანაწერი და სხვა.
რაც შეეხება რადიოსადგურ “პლანეტ როკს”, იგი 1999 წლიდან მუშაობს და მხოლოდ კლასიკურ როკზეა ორიენტირებული. მის ეთერში ხშირად იწვევენ ცნობილ როკ მუსიკოსებს, ელის კუპერს კი საკუთარი გადაცემა აქვს სახელწოდებით Breakfast with Alice. ასევე რადიოს ეთერში შეგიძლიათ მოისმინოთ ჯო ბონამასას გადაცემა ბლუზ-როკზე, Yes-ის წევრის რიკ უეიკმანის შოუ Rick's Place და ბასისტ გაი პრატის პროექტი.