"სუპერ 8" - ბილეთი ბავშობაში დასაბრუნებლად
24 საათი 01.07.11
"სუპერ 8" - ბილეთი ბავშობაში დასაბრუნებლად
კარგია, როდესაც ერთი საღამოს განმავლობაში ასეთი არჩევანის წინაშე დგები: მესამე "ტრანსფორმერები" ნახო თუ "სუპერ 8" - ზაფხულის ცხელი დღის შემდეგ გრილ კინოდარბაზში თავის შეფარებას ხომ არაფერი სჯობს, ხოლო ვინაიდან სიგრილესთან ერთად სასიამოვნო კინოსეანსი ორმაგი კომფორტია, "სუპერ 8-ს" ვირჩევ, ფილმს ძალიან კარგი რევიუებითა და შეფასებებით.
ვირჩევ იმიტომაც, რომ მისი რეჟისორი (ჯეი ჯეი აბრამსი) და პროდუსერი (სტივენ სპილბერგი) თანამედროვე ამერიკულ კინოში ბეიბიბუმერთა ორ თაობას წარმოადგენენ, ცალ-ცალკეც კარგად მუშაობენ, ერთად კი ალბათ უკეთესად. ამრიგად კინო "საქართველოში" მივდივარ, რათა ერთი მიწიერი მიზეზის გამო პირველად ვინანო არჩევანი...
ჩვენს გაქირავებაში გამოსული ფილმები ქართულად რომ უნდა იყოს გახმოვანებული ან ქართული ტიტრებით გადიოდეს, ამაზე არავინ დაობს, ეს აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ ფილმებს რუსულად არ ვუყურებდეთ (ნამდვილად არ მესმის, რუსულად რატომ უნდა ვუყურებდეთ თუ ვუსმენდეთ!). გარდა იმისა, რომ ფილმების ქართულად გახმოვანება ელემენტარული კინოკულტურის მაჩვენებელი იქნება, ეს გახდება გარკვეული სატყუარაც იმ მაყურებლისთვის, ვინც ასაკის გამო რუსული არ იცის (პოსტსაბჭოთა პერიოდში დაბადებულები), რადგან ინფორმაციის მშობლიურ ენაზე მიღება და აღქმა ყველაზე იოლი და უბრალოდ სასიამოვნოა. ანუ შევთანხმდით, რომ ქართული გახმოვანება უნდა არსებობდეს, მაგრამ სწორედ აქ ვაწყდებით ისეთ წინაღობას, რომლის გადალახვის მექანიზმიც უბრალოდ არ ჩანს, მიზეზი კი გახმოვანებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებისა და ზოგადად დუბლირების სკოლის არქონაა. ილუზიაა ის, რომ პროფესიონალი მსახიობი სხვა მსახიობის მიერ შექმნილ პერსონაჟს რეპეტიციებისა და ხანგრძლივი მუშაობის გარეშე გაახმოვანებს. იმისთვის, რომ, ვთქვათ, გივი სიხარულიძის ხმა ალ პაჩინოს გმირს მიესადაგოს, მარტო გივი სიხარულიძეობა არ კმარა, ინტონაცია, ტემბრი და სხვა უამრავი რამ უნდა დამუშავდეს და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ეს მოუგვარებელი პრობლემაა და სწორედ ამიტომაა, რომ მაყურებლის გარკვეული ნაწილი, სწორედ ის, ვინც კინოში ფილმი სანახავად დადის და არა პოპკორნის საჭმელად, ყოველთვის თავს არიდებს ქართულად გამოხმოვანებული ფილმების ნახვას. ასე ვარ მეც, თუმცა "სუპერ 8-ის" შემთხვევაში გამოუვალი სიტუაცია შეიქმნა, ამ ფილმის ნახვა უბრალოდ ძალიან მინდოდა.
ვნახე, მაგრამ რამდენად მოვისმინე, ვერ გეტყვით: პრაქტიკულად არ ისმის გარე ხმები, მაგალითად, კადრში ძაღლი ყეფს, მანქანას ქოქავენ, კარს აჯახუნებენ, დარბაზში კი სიჩუმეა. ამას ემატება პერსონაჟთა გამხმოვანებლების წარმოუდგენლად უნიჭო ხმები და ინტონაციები. თუ სხეულის ენას ზედმიწევნით არ ფლობ და ემოციას მათ სახეზე არ ამოიკითხავ, ვერ გაიგებ, გმირს უხარია, ეშინია თუ, უბრალოდ, საშემოდგომო გამოჰყვა. ყველაზე დიდი განსაცდელი მაშინ იწყება, თუ კადრში მუსიკის ხმა აუცილებელია. ამ დროს ხმოვანი ბილიკი ზემოთაა ამოწეული, დიალოგები სადღაც იკარგება და მხოლოდ იმით ინუგეშებ თავს, რომ "საქართველოში" ხარ, აქ კი ბევრი მაყურებელი არ დადის, შესაბამისად, უკულტუროთა ხმაური, მობილურების წკრიალი და ოხვრა-ხვნეშა სმენას არ გიხშობს (მერე რა, რომ კონტროლიორი გოგონა მთელი ხმით ეჭორავებოდა დაქალს - ერთი ადამიანის გაჩუმება იოლია). იყო შემთხვევებიც, როდესაც ზოგი პერსონაჟის ხმა საერთოდ არ ისმოდა, მხოლოდ პირის ცმაცუნს ხედავდი - მოკლედ, Read my lips-ის პრინციპი მუშაობდა...
ეს ყველაფერი დიდ დისკომფორტს ქმნის. სმენის დაძაბვის გამო ძნელდება სიუჟეტური ხაზის აღქმა, ზოგადად დიალოგები ხომ სწორედ იმისთვის არსებობს, რომ გავიგოთ, რა ხდება ფილმში. მიუხედავად ამისა, "სუპერ 8" სწორედ ის ფილმი აღმოჩნდა, რომლის ლოდინი ნამდვილად ღირდა: სანახაობრივიც, დაძაბულიც, მხიარულიც, სევდიანიც, ჰუმანურიც და, რაც მთავარია, ბავშვობაში დაბრუნების საუკეთესო საშუალებაა - 12 წლისა ხომ ყველა ვიყავით, ამ ასაკში კი ბავშვში მხოლოდ ფიზიკური კი არა, დიდი შინაგანი გარდატეხები ხდება, თვალსაწიერი ეზრდება, თავგადასავლებში ეხვევა, თვითდამკვიდრების სურვილი უჩნდება და სხვა. ასეთები არიან აბრამსის ბავშვებიც: ერთი გოგონა და ხუთი ბიჭი, რომლებიც "სუპერ 8-ის" სისტემის სამოყვარულო კამერით (პრაქტიკულად ყველა კადრში ჩანს სხივის ანარეკლი ("ბლიკი"), რომელსაც ნახსენები კამერა დაბალი ხარისხის გამო იძლეოდა. რეჟისორი კი ქმნის ეფექტს, თითქოს ამ ფილმსაც ბავშვობისდროინდელი "სუპერ 8-ით" იღებდა. კარგი გადაწყვეტაა) ზომბებზე ფილმს იღებენ, ერთ-ერთი გადაღებისას კი სამხედრო მატარებლის კატასტროფის მოწმეები გახდებიან...
პროექტი მთლიანად ჯეი ჯეი აბრამსისაა. იდეა, სცენარი, რეჟისურა მას ეკუთვნის, თუმცა ფილმის ნახვის შემდეგ გრჩება შეგრძნება, თითქოს აბრამსმა ეს ნამუშევარი თავის კუმირს, სტივენ სპილბერგს მიუძღვნა, უბრალოდ უსაჩუქრა და მის "მესამე ხარისხის ახლო კონტაქტებთან" და E.T.-სთან ერთად ერთგვარი ტრილოგია შექმნა. ისევე, როგორც დასახელებულ ფილმებში, "სუპერ 8-შიც" მოქმედება პატარა ქალაქში ხდება, ბავშვები ველოსიპედებით დაჰქრიან, საქმე გვაქვს უცხო ცივილიზაციასთან და მასთან კონტაქტშიც უბრალო ადამიანები შედიან. ამას ემატება უცხოპლანეტელისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერის განცდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ჯეი ჯეი აბრამსი მაინც გვიჩვენებს აუცილებელ მსხვერპლს მაშინ, როდესაც სპილბერგის ზემოთ ნახსენებ ფილმებში არათუ სიკვდილი არ ჩანს, პრაქტიკულად უარყოფითი პერსონაჟებიც კი არ არსებობენ.
"სუპერ 8" გაუცხოების, შეუმდგარი კონტაქტის ისტორიაა. გაუცხოებაა გარდატეხის ასაკში მყოფ შვილებსა და მშობლებს, დედამიწელებსა და უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელს შორის. ამ უკანასკნელს მხოლოდ ერთი რამ - შინ დაბრუნება უნდა (გახსოვს, E.T. phone... home...), რისთვისაც იმის ჩადენა უწევს, რაც იქნებ სულაც არ სურს, მაგრამ ძნელია დარჩე დედამიწაზე, სადაც ყველასთვის საშინელი ურჩხული უფრო ხარ, ვიდრე კოსმოსიდან ჩამოსული სასწაული, ამიტომ უბრალოდ იტყვის: E.T. phone... home... და ვარსკვლავებით მოჭედილ კოსმოსს უერთდება...