RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

კვენტინ ტარანტინოს ცხოვრების წესები

შეკითხვაზე - რატომ იღებს კინოს? - ტარანტინო პასუხობს: სხვა არჩევანი არ მაქვს.

24 საათი 06.03.10

შეკითხვაზე - რატომ იღებს კინოს? - ტარანტინო პასუხობს: სხვა არჩევანი არ მაქვს.

რატომ უკრავდა მოცარტი როიალზე? უბრალოდ, არ შემიძლია, ფილმი არ გადავიღო. თუ ბარს წარმოვიდგენ, სადაც დიდი რეჟისორები - ჰიჩკოკი, ჯონ ფორდი, სკორსეზე, სპილბერგი, ანტონიონი, გრიფიტი - ერთობიან, მე იქ დასალევად არ შევიდოდი. ჩემი კომპანიაა: სელინჯერი, ბობ დილანი, მხატვრები, რომლებმაც თავიანთი ხელოვნების ჩარჩოებს თავი დააღწიეს. მათმა ნაწარმოებებმა მილიონობით ადამიანის ცხოვრება უკეთესი გახადა; არ ვიცი, ამ ბარში შემიშვებენ თუ არა, მაგრამ მე სწორედ იქ მოხვედრას ვესწრაფვი...

ხელოვანი რომ არ ვყოფილიყავი, საეჭვოა, ფოსტაში ან რვასაათიან სამსახურში მემუშავა. მგონია, რომ გადამგდები ვიქნებოდი. მთელი ცხოვრება ეკონომიკურ დანაშაულებათა განყოფილების თანამშრომლებს დავემალებოდი.

გული არ მწყდება, შავკანიანი რომ არ ვარ. უბრალოდ, ასე მოხდა - მე სადაც გავიზარდე, უამრავი შავკანიანი იყო. თუ თქვენ საფრანგეთში გაიზარდეთ, ფრანგულად ილაპარაკებთ და ყველაფერი ფრანგული გეყვარებათ. მე კი შავკანიანთა შორის გავიზარდე. ერთი ჩემი უფროსი მეგობარი ორდელას ჰგავდა (იარაღით მოვაჭრე ფილმიდან "ჯეკი ბრაუნი"). ის ხალხს არ ხოცავდა, მაგრამ ბნელ საქმეებს კი ატრიალებდა.

საბილიარდოებში არ დავყიალობ. პოკერს არ ვთამაშობ. სპორტულ მატჩებზე არ დავდივარ. ჩემთვის სპორტის ტელევიზორში ყურებაც კი წამებაა. შემიძლია "დოჯერში" (ლოს-ანჯელესის ბეისბოლის მთავარი გუნდი) შევიარო, იმიტომ, რომ იქ თამაშზე მნიშვნელოვანი ლუდი და პუბლიკაა. ჩემთვის გაუგებარია ერთი რამ: საშუალო ამერიკელი კინოში სამ საათს ვერ ძლებს, მაგრამ შეუძლია იდიოტურ ფეხბურთის მატჩს ოთხი საათი ზედიზედ უყუროს.

უამრავი თეორია მაქვს. ერთ-ერთი იმას ეხება, რომ სპორტი სინამდვილეში არავის უყვარს. უბრალოდ, მამაკაცები თვლიან, რომ სპორტი უნდა უყვარდეთ და თავს გაჩვენებენ. იმავეს ვფიქრობ ჯგუფ The Who-ზე. სინამდვილეში ეს ჯგუფი არავის უყვარს. ივარაუდება, რომ მისი სიყვარული უბრალოდ აუცილებელია, სულ ეს არის, და ყველა თვალთმაქცობს. მათთვის საშინელებაა იმის აღიარება, რომ მეფე შიშველია.

ვიღაცას ვინჩესტერიდან ნახევარ თავს წააცლიან - და ეს ერთი ბეწოთიც არ შემძრავს. აღვიქვამ, როგორც მაგარ სპეცეფექტს. უფრო მეტად ჩემზე ჩვეულებრივი ადამიანური ისტორიები მოქმედებს. ვინმე ქაღალდის ფურცელზე ხელს გაიჭრის, და ეს შემძრავს, იმიტომ რომ საკუთარ თავზეც შემიძლია წარმოვიდგინო. მაგრამ მუცელში ტყვიების ჯერი მივიღო - ასეთ რამეს შენს თავზე როგორ წარმოიდგენ...

იარაღი არ მაქვს. იარაღის ტარების აკრძალვის წინააღმდეგიც არ ვარ. ამერიკაში ზღვარს გადასულია ქუჩური ძალადობა. ამიტომ ევროპაში ჩასულს გეჩვენება, რომ საშიშროების გამუდმებულ შეგრძნებას თავი დააღწიე. ევროპაშიც ხდება მკვლელობები, მაგრამ ამერიკასთან შედარებით ეს საბავშვო ბაღია. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ იარაღის ტარების აკრძალვა თვალთმაქცური იდეაა.

ამერიკა იარაღიანმა ადამიანებმა დააარსეს, რომლებიც უბრალოდ იღებდნენ ყველაფერს, რაც მოსწონდათ. ჩვენ, საერთოდ, მეომარი ერი ვართ. ადვილად, ზოგჯერ საქმიანადაც ვიმართებით.

შეგიძლიათ ჩემი სახელის 30 პროცენტი წაიღოთ, არ მეწყინება. 30 პროცენტით ნაკლებიც სრულიად საკმარისია. ადრე შემეძლო უბრალოდ გამესეირნა და თან ჩემთვის მეფიქრა, ახლა ეს შეუძლებელია. ყოველდღე ახალი გოგონას შებმა რომ მდომებოდა, სხვა საქმეა, მაგრამ ამის სურვილი არ მაქვს. ახლა ეს ჩემთვის ძალიან ადვილია, მაგრამ მაინცდამაინც არ მინდა.

კინოსკოლაში არ მივლია, კინოში დავდიოდი.

ფანტელებით საუზმობა ორი მიზეზის გამო მიყვარს: პირველ რიგში, იმიტომ, რომ მართლა გემრიელია, მეორეც - მისი მომზადება იოლია. ფანტელები პიცასავით არის, იქამდე ჭამ, სანამ ცუდად არ გახდები. ყოველთვის მომწონდა, რომ დღემდე მისი მწარმოებლები ბავშვებზე არიან ორიენტირებულნი. ფანტელები მოდიდან უფრო სწრაფად გამოდის, ვიდრე რეპერის "კრასოვკები". ისინი სამი თვე აწყვია სუპერმარკეტში, შემდეგ კი ქრება. მორჩა, ისინი მხოლოდ ნახეთ.

მე დიდი და შესანიშნავი სახლი მაქვს, რომელიც საშუალებას მაძლევს, უამრავი ნივთის კოლექცია შევაგროვო. უკანასკნელ ხანებში ფილმების გასაქირავებელ ვარიანტებს ვაგროვებ. კინოს დამფასებლისთვის ვიდეოების შეგროვება იგივეა, რაც ბალახის მოწევა. უდავოა, ლაზერული დისკები კოკაინია, გასაქირავებელი ასლები კი - სუფთა ჰეროინი. როცა მათ შეგროვებას იწყებ, თითქოს მუდმივი კაიფის ქვეშ ხარ.

გინდათ ჩემი საყვარელი ბინძური ხუმრობა გითხრათ? შავკანიანი ჭაბუკი "კადილაკების" სალონში შედის. მას გამყიდველი უახლოვდება და ეკითხება: "გამარჯობა, სერ. კადილაკის ყიდვას ფიქრობთ?" - "კადილაკის ყიდვას ვაპირებ, მაგრამ მხოლოდ ნაშებზე ვფიქრობ".

არავითარ "თეთრ დანაშაულს" არ ვგრძნობ და რასობრივ წინააღმდეგობაში გაბმის არ მეშინია. ჩემზე რას იფიქრებდნენ, ამისი არასოდეს მეშინოდა, იმიტომ, რომ გულწრფელი ადამიანი ყოველთვის ცნობს გულწრფელს. ის ხალხი, კი რომელიც თვითონ არის სიძულვილით სავსე, ყველაფერს დამაბრალებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ჩემს ფილმებთან პრობლემები გაქვს, ნიშნავს, რომ რასისტი ხარ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მართლა ასე ვფიქრობ.

ძალიან მიყვარს ჟანრული კინო, თანაც ყველანაირი - სპაგეტი-ვესტერნიდან მოყოლებული სამურაის ფილმებამდე.

ცოტათი ვამაყობ იმით, რომ ყველაფერს საშუალო განათლების გარეშე მივაღწიე. ეს ხალხზე შთაბეჭდილებას ახდენს. სკოლა ისე მეჯავრებოდა, მეცხრე კლასიდან გამოვიქეცი. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ მეგონა, ეს საშინელება სამუდამოდ გაგრძელდებოდა. არ მესმოდა, რომ კოლეჯში სხვანაირად იქნებოდა. ყველაფერს თავიდან რომ ვიწყებდე, სკოლას დავამთავრებდი და კოლეჯში ჩავაბარებდი. დარწმუნებული ვარ, თავს გავართმევდი.

მამაჩემს არასოდეს შევხვედრივარ და ეს განსაკუთრებით არასოდეს მდომებია. მხოლოდ იმის გამო, რომ დედაჩემთან იწვა, ჩემი მამა არ არის. მას ოცდაათი წელი ჰქონდა იმისთვის, რომ ვენახე, მაგრამ ჩემთან შეხვედრა მოულოდნელად გადაწყვიტა, როცა ცნობილი გავხდი. ოდესღაც, როცა მის გვარს ვატარებდი, ის კი არ ჩანდა, ვფიქრობდი: "მაგარიც კი არის. რაღაც სტილშია"... მაგრამ ეს წყეული სახელი ადამიანებს იზიდავს.

დიდი ხანია, კინოში ისეთი არაფერი მინახავს, რაც შემაშინებდა. რისიც მართლა მეშინია, ვირთხები არიან. ნამდვილი ფობია მაქვს, ხუმრობის გარეშე.

როცა ვიდეომაღაზიაში ვმუშაობდი, მესმოდა, მშობლები შვილებს როგორ ეჩხუბებოდნენ იმის გამო, რომ მათ ყოველთვის ბევრჯერ ნანახი და საყვარელი ფილმები მიჰქონდათ. ბავშვი ფიქრობს: "რატომ წავიღო ის, რაც არც კი ვიცი, რა არის? ისევ ამ კასეტას ავიღებ". მეც ბავშვის ფსიქოლოგია მაქვს - ასეთი მიდგომა მომწონს.

მანქანების დიდი ტრფიალი არ ვარ. მანქანა ჩემთვის უბრალოდ გადაადგილების საშუალებაა. წითელი "შევი მალიბუ", რომელსაც ტრავოლტა "კრიმინალურ საკითხავში" ატარებს, მე მეკუთვნის. მაგრამ ის მანქანების სადგომზე მქონდა გაჩერებული, რომ ხშირად არ წავწყდომოდი. გადაღებების დროს მის გაყიდვას ვცდილობდი. მანქანა სულ ახალი იყო, ყველა მოდიოდა და ტუჩებს ილოკავდა. მაგრამ ყველას ეჩვენებოდა, რომ მას რაღაც სჭირდა, იმიტომ, რომ ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი.

ქალებსა და მამაკაცებს შორის მუდმივად დაძაბულობა. ამას ვგრძნობ. ქალი ქუჩაში მიდის, მე უკან მივყვები, და უეცრად დაძაბულობა ჩნდება. ჩვენ, უბრალოდ, ერთი გზა გვაქვს. ის კი ფიქრობს, რომ მე მოძალადე ვარ. მეც თავს დამნაშავედ ვგრძნობ. თუმცა ცუდი არაფერი გამიკეთებია.

თუ წლის ბოლოს შევძლებ ვთქვა, რომ ათი ნამდვილად კარგი ფილმი - ყოველგვარი შეღავათის გარეშე - ვნახე, ნიშნავს, რომ წარმატებული წელი იყო.

დიდი იდეები კინოს აფუჭებს. კინოში მთავარია - კარგი კინო გააკეთო. შესანიშნავია, თუ მუშაობის პროცესში თავში რაიმე იდეა მოგივა. მაგრამ ეს დიდი კი არა, პატარა იდეა უნდა იყოს, რომლიდანაც ყველა თავისას გამოიტანს. მხედველობაში მაქვს, რომ თუ ფილმს იმაზე იღებ, რომ ომი ცუდია, მაშინ საერთოდ რა საჭიროა ფილმის გაკეთება? თუ სულ ეს არის შენი სათქმელი - მხოლოდ ორი სიტყვა თქვი: ომი ცუდი რამაა, ანუ სამი სიტყვა. თუმცა ორი სიტყვა უკეთესია: ომი ცუდია.

აღიარებამდე უხეში ბიჭი ვიყავი, რადგან ვგრძნობდი, რომ ისეთივე კარგი ვიყავი, როგორც ახლა ვარ, მაგრამ ეს აზრადაც არავის მოსდიოდა. ოცი წლამდე ლოს-ანჯელესის შემოგარენის იქით არ გავსულვარ. ის კი არა, თოვლი პირველად ვნახე, როცა სანდენსის ფესტივალზე წავედი.

როცა სურათმა "სილამაზე ამერიკულად" საუკეთესო ფილმისთვის ოსკარი მიიღო, ამით ახალი ეპოქა დაიწყო. ბოლოს და ბოლოს, უიღბლოთა შესახებ ფილმმა, მაგარმა ფილმმა გაიმარჯვა. იქამდე ყოველთვის ასე იყო: იყო ჰოლივუდის კინო და მაგარი კინო; და ყოველთვის, როცა საქმე დაჯილდოებამდე მიდიოდა, ჰოლივუდის ფილმი იმარჯვებდა. საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი. მაგარი ფილმი კი ყოველთვის სცენარისთვის ჯილდოვდებოდა. ეს სანუგეშო პრიზივით იყო.

ჩემს შესახებ წერა რომ დაიწყეს, საკუთარ თავზე იმდენი საოცარი რამ გავიგე. თურმე ლამის სასაცილო ვარ ჩემი უცნაურობების გამო: ძალიან სწრაფად ვლაპარაკობ, ხელებს ძალიან ვიქნევ. ასე რომ, ახლა ვფიქრობ ხოლმე: "ოჰ, იქნებ ასე სწრაფად არ უნდა ვილაპარაკო?" ან "იქნებ თმების წიწკვნა არ ღირდეს?" მთლად გადარეული ვარ.

თარგმნა

რუსუდან ქართველიშვილმა

ჟურნალი Esquire

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი