კრის ტორჩი ქართველებთან თანამშრომლობას აგრძელებს
24 საათი 29.09.10

კრის ტორჩი ქართველებთან თანამშრომლობას აგრძელებს
ფესტივალ “ზღვები X ბათუმის" დასრულების შემდეგ ფესტივალის იდეის ავტორს - კრის ტორჩს (Chris Torch) გავესაუბრეთ. მასთან ინტერვიუმდე, მკითხველს გავაცნობ, ვინ არის ის და რა გამოცდილება აქვს.
კრის ტორჩი 1952 წელს, ამერიკაში დაიბადა. დაამთავრა ამერიკის მასაჩუსეტსის კოლეჯის დრამის ხელოვნებისა და ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი. როგორც მსახიობი, ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა თეატრში, სახელწოდებით Living Theatre, 1976-1977 წლებში კი წარმოდგენით “მუშაობა" მთელი ევროპა და ამერიკა მოიარა. 1977 წელს ტორჩმა სტოკჰოლმში (შვედეთი) Jordcirkus (საერთაშორისო თეატრალური კომპანია) დააარსა. 1990 წლამდე ის არაერთი წარმოდგენის რეჟისორი, სცენოგრაფი და მონაწილე იყო. თანამშრომლობდა სხვადასხვა ქვეყანაში (აფრიკაში, საუდის არაბეთის სამეფოში, პოლონეთში და ა.შ.) განხორციელებულ კულტურულ პროექტებში. 1990-1995 წლებში ტორჩი IETM-ის (Informal European Theatre Meeting) აღმასრულებელი კომიტეტისა და საბჭოს წევრი იყო. 1992 წელს მან დააარსა "ინტერკალტი", რომელიც დღემდე ორიენტირებულია საშემსრულებლო ხელოვნებაზე, საერთაშორისო გაცვლებსა და დისტრიბუციაზე. ამ ორგანიზაციის ფორმირებაში მან 1996 წელს ცვლილებები შეიტანა და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. სწორედ “ინტერკალტის" ინიციატივით განხორციელდა პროექტი “ზღვები", რომელმაც მიზნად საპორტო ქალაქების გამოცოცხლება დაისახა და მიზნის მისაღწევად არაერთი შემოქმედებითი ჯგუფი და ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, მოიცვა.
ბათუმში ჩამოსული კრის ტორჩი, როგორც ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, პროექტის მიმდინარეობას თვალს ადევნებდა და ქართულ წარმოდგენებსაც ესწრებოდა. მონაწილეობდა ვორქშოფში, რომელიც ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში ჩატარდა. მასთან ერთად, თემაზე “კულტურის მენეჯმენტი" ლევან ხეთაგურმაც (“ზღვები X ბათუმის" კოორდინატორი, ფონდ “კავკასიის" პრეზიდენტი) ისაუბრა. ორი დღის განმავლობაში მათ ყურადღება მენეჯმენტის ძირითად საკითხებზე გაამახვილეს, იმსჯელეს ქსელურ მუშაობაზე და, თეორიული საკითხების გარდა, მონაწილეთა შეკითხვებსაც უპასუხეს. ვორქშოფის ფარგლებში ლიდერებმა იმსჯელეს სპეციფიკაზე, რითაც კულტურაზე ორიენტირებული ორგანიზაციების მენეჯმენტი გამოირჩევა, ასევე, კულტურული ანიმაციის ნიმუშებზე. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თუ არ იარსებებს ადგილობრივი კადრები, მსგავსი ტიპის ფესტივალების ორგანიზებას აზრი დაეკარგება და ერთიანი სანაპირო ზოლის პროექტის მნიშვნელობაც გაუგებარი დარჩება. ბათუმში სეზონი 12-თვიანი უნდა გახდეს და კულტურული ტურიზმი სათანადოდ ამოქმედდეს, - მიაჩნიათ მათ.
კრის ტორჩი ბათუმსა და თბილისში ნამყოფია. მას ქართული სპექტაკლებიც უნახავს. იცნობს ქართველ ხელოვანებს, რეჟისორებსა და მმართველებს. "ჩვენი ფესტივალი ბევრად მასშტაბურია, მაგრამ ბათუმში ყველა შემოქმედებითი ჯგუფის ჩამოყვანა ვერ შევძელით. საქართველოსთვის ისეთი წარმოდგენები და ღონისძიებები შევარჩიეთ, რომელთა ნახვაც ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა და რითაც ქართველები მათი მეზობლების, მაგალითად - თურქების, ხელოვნებას გაეცნობოდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩამოვიტანეთ, თუნდაც, "მოლოდინი" (თურქეთი) ან "დროის ლიგა" (ხორვატია)... აქცენტი გავაკეთეთ საჯარო ხელოვნების ნიმუშებზე, რომელთა ჩვენებაც ქუჩებში, ბაღებსა და სკვერებში შეიძლებოდა, რათა რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მიგვეზიდა და დაგვეინტერესებინა," - გვითხრა ტორჩმა.
- ბათუმში საერთაშორისო პროექტი “ზღვები" დასრულდა, მაგრამ საქართველოსთან თანამშრომლობას გააგრძელებთ?
- ვფიქრობ ახალ პროექტზე, რომელიც შესაძლოა ისევ ბათუმში განხორციელდეს. ამ ქალაქში რამდენიმე კარგი სივრცეა, მაგალითად - ცირკის შენობა, რომელსაც გამოცოცხლება სჭირდება. როცა ვნახე, ძალიან მომეწონა. იგივე შემიძლია გითხრათ ბათუმის დრამატულ, ასევე, თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებზე, სადაც ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე წარმოდგენა ვაჩვენეთ. ასე რომ, ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს ვაგრძელებ და იმედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი გამოვა და კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშემწყობ პროექტებს მხარს დაუჭერენ. სივრცეები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, მგონია, რომ ჩაკეტილია... თეატრების კარები ფართოდ უნდა გავხსნათ, რათა ისინი საზოგადოებისგან მოწყვეტილი არ იყოს...
- მაშინ პრობლემებზეც ვისაუბროთ...
- მოხარული ვარ, რომ პროექტის ამოქმედებას ბათუმში მხარი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაუჭირა. რამდენჯერმე შევხვდი აჭარის კულტურის მინისტრს და მასთან გასაუბრების საშუალებაც მომეცა. ჩვენი ჩანაფიქრი სამინისტროსა და ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით განხორციელდა.
ურთიერთობისას უმნიშვნელოვანესია ის, თუ რამდენად გასაგებ ენაზე ვლაპარაკობთ. მე თუ საქართველოში პროექტების განხორციელება მსურს, ცოტა ქართული მაინც უნდა ვისწავლო და სასურველია, თუ გეცოდინებათ ინგლისური, რომელიც ლამის საერთაშორისო ენაა. ამის გამო პროცესი ნელა ვითარდება, თორემ მეტი არაფერი... და კიდევ, გავიმეორებ იმას, რაც ზემოთ უკვე ვთქვი: თეატრმა უნდა გახსნას კარები ხალხისთვის, მაყურებლისთვის, რათა ის მათგან დამოუკიდებლად და მხოლოდ ერთეულებისთვის არ ფუნქციონირებდეს.
- არ შემიძლია არ გკითხოთ მსოფლიოში ცნობილ იტალიელ ავტორსა და თეატრის რეჟისორთან, ეუჯენიო ბარბასთან თანამშრომლობაზე...
- ეუჯენიო დიდი ხნის წინათ გავიცანი. პირველად მას 1975 წელს, სტოკჰოლმში შევხვდი. მან, როგორც ავტორმა და შემოქმედმა, ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ის დღემდე ჩემი ინსპირაციის წყაროა. მისი ხელოვნება ახლებური აზროვნების შედეგია და ძალიან თანამედროვეა. ის ძალიან ბევრს მოგზაურობდა ისეთ ქვეყნებში, როგორიც, მაგალითად, აფრიკაა და მოგვიანებით უკვე ეთნოკულტურათა ელემენტების შერწყმა, შეჯერება მოახერხა, რამაც მისი შემოქმედებისადმი ინტერესი კიდევ უფრო გააღრმავა. ის საოცრად ნიჭიერი და ენერგიული ადამიანია. მისი რჩევა და მოსაზრება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მან იცოდა, რაზეც ვმუშაობდი ("ზღვების" პროექტს ვგულისხმობ) და მოიწონა...
- საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაზრისით, რა შეგიძლიათ გვითხრათ ქართველებს?
- ძალიან ნიჭიერი მსახიობები გყავთ. მე ვნახე თქვენი სპექტაკლები და მათი ნიჭიერება თვალშისაცემია. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მიმართულებით ჩანს, ანუ ისინი ძირითადად აკადემიური თეატრების დადგმებში მონაწილეობენ და მხოლოდ კლასიკურ განათლებას იყენებენ... ვფიქრობ, აუცილებელია მათთვის თანამედროვე საშემსრულებლო ამოცანების შეთავაზება, ახალი მეთოდოლოგიის გაცნობა, ფიზიკურ ტრენინგებში მონაწილეობა, რათა საკუთარ სხეულს ფლობდნენ, უკეთესად მოძრაობდნენ. წარმოდგენები უნდა იმართებოდეს არა მხოლოდ თეატრებში, არამედ ყველგან, მიტოვებულ შენობებსა თუ ფაბრიკებში, რათა საშემსრულებლო ხელოვნება ყველასთვის "ხელმისაწვდომი" გახდეს... სწორედ ამას აკეთებდა ეუჯენიო... კარგი იქნება, თუ ისეთი წარმოდგენები განხორციელდება, სადაც ახალ ტექნოლოგიებსაც გამოიყენებთ, რადგანაც ის განსხვავებული ფორმის შესაქმნელად გიბიძგებთ... შემსრულებლებთან ერთად, ვფიქრობ, სასურველია ტექნიკური პერსონალის გადამზადება, რათა მათ ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ. ის, რაც ყველასაგან გამოგარჩევთ, თქვენი არტისტულობაა. ამიტომაც გაცილებით კრეატიულები უნდა იყოთ, ვიდრე ხართ. თქვენ ეს შეგიძლიათ!..