The New York Times-ი იუწყება, რომ სცენას სახელგანთქმული დირიჟორი სეიჯი ოზავა დაუბრუნდა.
24 საათი 09.09.10

The New York Times-ი იუწყება, რომ სცენას სახელგანთქმული დირიჟორი სეიჯი ოზავა დაუბრუნდა.
სადირიჟორო პულტიდან მისი გადადგომის მიზეზი ავადმყოფობა იყო. 5 სექტემბერს ოზავამ მის მიერ დაარსებული იაპონური მუსიკალური ფესტივალი "საიტო კინენი" გახსნა და ჩაიკოვსკის სიმებიანი ორკესტრისთვის შექმნილი სერენადის პირველ ნაწილს უდირიჟორა.
როგორც The New York Times-ი წერს, ოზავას გამოჩენას პუბლიკა განსაკუთრებულად თბილი ოვაციებით შეხვდა. რთულმა ოპერაციამ კვალი დატოვა: გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ნაწარმოების პირველი ნაწილის შესრულების შემდეგ მაესტრო ოზავას ადგილი პულტთან დირიჟორმა ტაცუა შიმონომ დაიკავა. ოზავამ მსმენელს მოუბოდიშა და მას 2011 წელს სცენაზე საუკეთესო ფორმაში დაბრუნებას დაჰპირდა.
1 სექტემბერს სეიჯი ოზავას 75 წელი შეუსრულდა. 2010 წლის იანვარში მან განაცხადა, რომ საყლაპავი მილის კიბოს ოპერაციის გამო საკონცერტო მოღვაწეობას დროებით წყვეტდა. ექიმებმა მას სიმსივნე ადრეულ ეტაპზე აღმოუჩინეს.