ცოლად ყინულის კაცს გავყევი.
24 საათი 06.03.10
ცოლად ყინულის კაცს გავყევი.
სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გავიცანით ერთმანეთი. ვფიქრობ, ყველაზე შესაფერისი ადგილია მსგავსი შეხვედრისთვის. ფოიეში ჯგუფად შეყრილი ახალგაზრდობა ხმაურობდა. ის თავისთვის იჯდა წიგნით ხელში, ბუხრისგან მოშორებით. შუადღე თითქმის გადასული იყო, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ ისევ ზამთრის დილის ცივ სინათლეში იყო გახვეული.
- ხედავ! აი, იქ ყინულის კაცია, - გადმომიჩურჩულა მეგობარმა. მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა, ვინ ან რა იყო ყინულის კაცი. ჩემს მეგობარსაც ახლახან შეეტყო ასეთი სახელის მქონე არსებაზე. - ალბათ ყინულისაა, იმიტომ ეძახიან ასე, - ისე სერიოზულად მითხრა, თითქოს საუბარი მოჩვენებებს ან კეთროვნებს ეხებოდა.
ყინულის კაცი მაღალი იყო. ახალგაზრდული სახე ჰქონდა, მავთულებივით გაფშეკილ თმაში კი აქა-იქ დაუმდნარი თოვლივით მოუჩანდა ჭაღარა კულული. ღაწვები სალ, მდუმარე კლდეებს მიუგავდა, თითები მარადიული თრთვილით ჰქონდა დაფარული. სულ ეს იყო. მეტი არაფრით გამოირჩეოდა ჩვეულებრივი ადამიანისგან. მართალია, არც ისეთი სიმპათიური იყო, მაგრამ კარგად თუ დაკვირდებოდით, საკმაოდ მიმზიდველი მოგეჩვენებოდათ. რაღაც ჰქონდა ისეთი, გულს რომ შეგიტოკებდათ. განსაკუთრებით თვალები. დაუნჯებული, გამჭოლი მზერა, მბზინავი, როგორც ყინულის ლოლუა ზამთრის დილით. ამ ულაზათო სხეულში მხოლოდ თვალები იყო ერთადერთი, რაშიც სიცოცხლის ნაპერწკალი ენთო. ერთხანს შორიდან ვათვალიერებდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ აუწევია თავი, გაუნძრევლად განაგრძობდა წიგნის კითხვას, თითქოს საკუთარ თავს არწმუნებდა, აქ არავინ არისო.
მომდევნო დღეს, ნასადილევს, ზუსტად იმავე დროს და იმავე ადგილას იჯდა წიგნით ხელში. მაშინაც, როცა სასადილოში შევედი, მაშინაც, როცა სხვებთან ერთად თხილამურებით სრიალის შემდეგ უკან მოვბრუნდი, ის იმავე გამომეტყველებით იჯდა იმავე სკამზე და იმავე წიგნს კითხულობდა. იგივე გამეორდა მეორე დღესაც. მიილეოდა დღე, გასრულდებოდა ღამე, შეცვლით კი არაფერი იცვლებოდა - იჯდა სკამზე და კითხულობდა, მარტოდმარტო, ჩუმად, როგორც ზამთარი ფანჯრებს იქით.
მეოთხე დღეს, სადილის შედეგ, რაღაც საბაბი მოვიგონე და არ წავედი სათხილამუროდ. ხალხი წავიდ-წამოვიდა. ერთხანს მიტოვებული ქალაქივით დაცარიელებულ ფოიეში ვიხეტიალე. დამძიმებულ ჰაერში ნესტს შერეული რაღაც უცნაური ნაღველის სუნი იგრძნობოდა. ეს ბათინკებზე აწებებული და მერე ბუხართან შეუმჩნევლად დამდნარი თოვლის სუნი იყო. ფანჯრებიდან ქუჩა მოვათვალიერე, ერთი-ორი გაზეთი გადავფურცლე, მერე მივედი ყინულის კაცთან და ავლაპარაკდი. საერთოდ, მაინცდამაინც თამამი არ ვარ და რაიმე სერიოზული საბაბის გარეშე უცნობ ადამიანებთან საუბარს არ ვაბამ. მაგრამ მაშინ, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, აუცილებლად უნდა დავლაპარაკებოდი ყინულის კაცს. უკანასკნელ ღამეს ვათევდი სასტუმროში. მასთან გამოლაპარაკების შანსი ალბათ აღარასოდეს მომეცემოდა.
- თქვენ არ სრიალებთ თხილამურებით? - რამდენადაც შემეძლო, გულგრილად ვკითხე. ნელა აწია თავი. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს სადღაც შორიდან ქარის ზუზუნი მოესმა. ასეთნაირადვე შემომხედა და ხმაამოუღებლად გააქნია თავი.
- არა, არ ვსრიალებ. სავსებით ვკმაყოფილდები იმით, რომ წიგნს ვკითხულობ და დროდადრო ვუყურებ თოვლს. - მისი სიტყვები ჰაერში ღრუბლის თეთრ ქულასავით დაეკიდნენ. როგორც ფრაზა ნახატ "მანგაზე". თვალნათლივ დავინახე მისი სიტყვები. თვალშეუვლები მოძრაობით თრთვილი ჩამოიბერტყა თითებიდან.
აღარ ვიცოდი, მეტი რა მეთქვა. ამიტომ გავწითლდი და ადგილზე დავრჩი. ყინულის კაცმა თვალებში შემომხედა. თითქოს გაიღიმა კიდეც. თუმცა ძნელი მისახვედრი იყო, მართლა გაიღიმა თუ მხოლოდ მე მომეჩვენა ასე.
- თუ გსურთ, დაბრძანდით, ვისაუბროთ, - თქვა ყინულის კაცმა. - ვხვდები, გაინტერესებთ: ალბათ გინდათ გაიგოთ, როგორია ის - ყინული კაცი. - თქვა და ისევ გაიღიმა. - ნუ გეშინიათ, ჩემთან საუბრისას არ გაცივდებით.
აი, ასე დაველაპარაკე ყინულის კაცს. ჩვენ ფოიეს კუთხეში, დივანზე გადავსხედით და იქ გავაგრძელეთ მორიდებული საუბარი. მე ცხელი კაკაო შევუკვეთე, მან უარი თქვა. სამწუხაროდ, ჩემსავით მორიდებული და გაუბედავი გამოდგა საუბარში. ამას გარდა, საერთო თემასაც ვერ მივაგენით: თავიდან ამინდზე ვთქვით თითო-ოროლა სიტყვა, მერე - სასტუმროს კეთილმოწყობაზე.
- მარტო ჩამოხვედით? - ვკითხე.
- დიახ. თქვენ მოგწონთ თხილამურებით სრიალი?
- არც ისე. - ვუპასუხე. - მეგობრებმა შემაგულიანეს. მართალი გითხრათ, მაინცდამაინც კარგად ვერ ვსრიალებ.
ძალიან მინდოდა ბევრი რამ შემეტყო მასზე: მართლა ყინულის სხეული ჰქონდა თუ არა, საერთოდ რას ჭამს, სად ცხოვრობს ზაფხულში, ჰყავს თუ არა ოჯახი და ამისთანები. მაგრამ საკუთარ თავზე ყინულის კაცი არაფერს არ ყვებოდა. მე კი ვერ ვბედავდი შეკითხვას, ვვარაუდობდი, რომ არ უნდოდა ამაზე საუბარი.
სამაგიეროდ თვითონ ჩემს შესახებ მომიყვა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ყინულის კაცმა კარგად იცოდა ყველაფერი, რაც მე მეხებოდა, იყო ეს ოჯახი თუ ასაკი, გატაცება თუ ჯანმრთელობა, სკოლა თუ ამხანაგები, - ყველაფერი, ისეთი წვრილმანებიც კი, რომლებიც კარგა ხნის დავიწყებული მქონდა.
- ვერაფერი გამიგია, - ვთქვი და გავწითლდი. - ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველას თვალწინ გამაშიშვლეს. საიდან იცით ჩემზე ყველაფერი? იქნებ ადამიანების ფიქრებს კითხულობთ?
- აზრების კითხვა, ასე ვთქვათ, არ შემიძლია, მაგრამ მესმის. უბრალოდ, გასაგებია ჩემთვის. - მიპასუხა მან. - თითქოს ყინულს ვუყურებდე, სიღრმეში. თუ ყურადღებით დაგაცქერდებით, ყინულივით გამჭვირვალე იქნებით და ყველაფერს გავიგებ.
- ჩემს მომავალსც?
- მომავალი არ ჩანს, - ცივად მიპასუხა და ნელა დამიკრა თავი. - მომავალი საერთოდ არ მაინტერესებს. უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ჩემთვის არ არსებობს თვით ცნება "მომავალი". იმიტომ რომ ყინულს მომავალი არა აქვს. მასში მხოლოდ წარსულია ჩაყინული. ისეა ჩაყინული, ისე ნათლად ჩანს, თითქოს ეს ყველაფერი ცოცხალია. ყინულს შეუძლია სუფთად და ხელუხლებლად შეინახოს სხვადასხვა საგნები. შეინახოს ისეთი, როგორიც არის. და ეს არის ყინულის მთავარი დანიშნულება, მისი არსი.
- მშვენიერია! - გავმხიარულდი. ისე, კაცმა რომ თქვას, სულაც არ მინდოდა საკუთარი მომავლის ცოდნა.
ჩვენ კიდევ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, ამჯერად ტოკიოში. სულ მალე პაემანზეც დავიწყეთ სიარული უქმეებზე. თუმცა არც ფილმის სანახავად შევდიოდით, არც კაფეში. ერთადაც კი არ ვვახშმობდით, იმიტომ რომ ყინულის კაცი თითქმის არაფერს ჭამდა. სამაგიეროდ პარკში, გრძელ სკამზე ჩამოვსხდებოდით და ხან რაზე ვსაუბრობდით და ხან რაზე. მართლა ბევრ რამეზე ვსაუბრობდით, მაგრამ ყინულის კაცს ფიქრადაც არ მოსვლია, საკუთარ თავზე მოეთხრო.
- რატომ? - როგორღაც ვკითხე ერთხელ. - რატომ არაფერს არ ყვები შენს წარსულზე? ხომ უნდა ვიცოდე, სად დაიბადე, ვინ არიან შენი მშობლები, როგორ იქეცი ყინულის კაცად?
ყინულის კაცმა ერთხანს მიყურა. მერე მშვიდად გააქნია თავი.
- არ ვიცი. - მიპასუხა ჩუმად და გარკვევით და თავისი თეთრად შეფერილი სუსხიანი ამონასუნთქი შეურია ჰაერს. - მე არა მაქვს წარსული. რა თქმა უნდა, ვიცი და ვინახავ კიდეც წარსულს, მაგრამ თვითონ მე წარსული არა მაქვს. არ ვიცი, სად დავიბადე, მშობლები ერთხელაც არ მინახავს. ისიც კი არ ვიცი, მყავდა თუ არა. არ ვიცი, რა ასაკის ვარ, ისიც კი არ ვიცი, მაქვს თუ არა საერთოდ.
ყინულის კაცი სულ მარტო იყო, ისე როგორც აისბერგი მრუმე ღამეში.
და მეც სერიოზულად, ნამდვილი სიყვარულით შევიყვარე ყინულის კაცი. ყინულის კაცს ხომ არც ჩემი წარსული და არც მომავალი "მე" არ უყვარდა, სწორედ რომ ახლანდელი "მე" უყვარდა. არც მე მიყვარდა წარსული ან მომავალი, დღევანდელი ცოცხალი ადამიანი მიყვარდა და მიმაჩნდა, რომ ეს მშვენიერი იყო. ნელ-ნელა საუბრები დაქორწინებამდე მივიდა. მაშინ სულ ოცი წლისა ვიყავი და ყინულის კაცი პირველი მამაკაცი იყო, ვინც ნამდვილად შემიყვარდა. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რას ნიშნავს "გიყვარდეს ყინულის კაცი". თუმცა, მის ადგილას სხვაც რომ ყოფილიყო, მაინც არაფერი მეცოდინებოდა.
დედაჩემი და უფროსი და კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ ჩვენი ქორწინებისა.
- შენს ასაკში ნაადრევია გათხოვება, - მეუბნებოდნენ ისინი. - თანაც წარმოდგენა არა გაქვს მის ჭეშმარიტ ხასიათზე, ისიც კი არ იცი, როდის და სად დაიბადა. როგორ ვუთხრათ ნათესავებს, რომ ასეთ კაცს მიჰყვები ცოლად, თან... ყინულისას? ერთ მშვენიერ დღეს რომ დადნეს? მაშინ რა ვქნათ? შენ, როგორც ჩანს, არ გესმის, რომ ქორწინება საპასუხისმგებლო საქმეა. აი ის, ყინულის კაცი კი იკისრებს ქმრის პასუხისმგებლობას?
მაგრამ ეს უკვე მათი თავსატეხი არ არის! ყინულის კაცი უბრალოდ ცივია, როგორც ყინული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სითბოში მოხვედრისთანავე დადნება. თან სხეული არც ისე ცივი აქვს, რომ სხვა ადამიანებს წაართვას სითბო.
აი, ასე დავქორწინდით, ყოველგვარი ლოცვა-კურთხევის გარეშე. არც მეგობრებს, არც მშობლებს, არც დას, არავის არ გახარებია ჩვენი შეუღლება. ქორწილიც კი არ გადაგვიხდია. პირდაპირ ხელის მოსაწერად წავედით და აღმოჩნდა, რომ არსად არ არის რეგისტრირებული. ამიტომ უბრალოდ გადავწყვიტეთ, რომ ცოლ-ქმარი ვართ. პატარა ტორტი ვიყიდეთ და ჩვენ, ორმა შევჭამეთ. სულ ეს იყო ჩვენი ქორწილი. ბინა დავიქირავეთ. ყინულის კაცი სამაცივრო საწყობში მუშაობდა. იქ ხორცს ინახავდნენ. ალბათ არ ღირს იმის თქმა, რომ ადვილად იტანდა სიცივეს და სულ არ იღლებოდა, რამდენიც არ უნდა ემუშავა. თან თითქმის არაფერს ჭამდა. სამუშაოზე ძალიან აფასებდნენ და სხვებზე მეტ ხელფასს უხდიდნენ. ჩვენ მშვიდად და ბედნიერად ვცხოვრობდით, არც არავის ვუშლიდით ხელს, არც არავინ გვიშავებდა რამეს.
მის მკლავებში ყინულის ლოდზე ვფიქრობდი. ძალიან მაგარ ყინულის ლოდზე, რომლის სამყოფელი სადღაც, რომელიღაც ადგილას იყო და რომლის შესახებაც მხოლოდ მან იცოდა. ლოდი ძალიან დიდი იყო, ქვეყნად ყველაზე დიდი, მაგრამ ის შორს იყო. ყინულის კაცი კი შესაძლოა უნებურად, მაგრამ თავისი არსებობით იმ უზარმაზარი ყინულის მთის განსახიერება იყო. თავიდან მის მკლავებში რაღაცნაირად ვიბნეოდი, მაგრამ მერე შევეჩვიე და მომწონდა კიდეც მისი ხვევნა. ის ისევ არაფერს ყვებოდა საკუთარ თავზე, თუმცა არც მე ვაწუხებდი შეკითხვებით. სიბნელეში, ერთმანეთს ჩახვეულები, უხმოდ ვიპყრობდით იმ ვეებერთელა ქვასავით მკვრივ ყინულის ლოდს... ლოდს, რომელიც თავის თავში მკვიდრად ინახავდა წარსული სამყაროს მრავალ მილიონ წელიწადს.
ჩვენს ცხოვრებაში ისეთი არაფერი ხდებოდა, რასაც პრობლემა შეიძლება დაარქვას კაცმა. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ამაში არავინ და არაფერი გვიშლიდა ხელს. გარშემო მყოფნი თანდათან შეეჩვივნენ ყინულის კაცს და დროდადრო გაესაუბრებოდნენ ხოლმე კიდეც. სულ უფრო ხშირად ამბობდნენ:
- ყინულის კი არის, მაგრამ დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანებისგან. - თუმცა სულის სიღმეში, რა თქმა უნდა, ვერ იღებდნენ მას, ისევე როგორც არ ესმოდათ ჩემი. ჩვენ განვსხვავდებოდით მათგან და ამ უფსკრულის ამოვსება შეუძლებელი იყო.
არა და არ გვიჩნდებოდა შვილი. იქნებ პრობლემა ყინულისა და ჩვეულებრივი ადამიანის გენების შეუთავსებლობა იყო? ბოლოს და ბოლოს, ამის გამო იყო თუ სხვა რამის, თანდათან ვიგრძენი, რომ არ ვიცოდი, სად წამეღო დრო. დილით, სწრაფად რომ მოვამთავრებდი საქმეებს, აღარ ვიცოდი, რა მეკეთებინა. არც მეგობრები მყავდა, რომლებთანაც ან ჭორაობით გავირთობდი თავს ან სადმე წავიდოდი, არც ნაცნობი მეზობლები. დედა და და ძველებურად გაბრაზებული იყვნენ ჩემზე და არ აპირებდნენ ურთიერთობის განახლებას. მეტიც, მთელი ოჯახის შემარცხვენლად მივაჩნდი. დარეკვითაც ვერავის ვურეკავდი და ამიტომ, როცა ქმარი სამსახურში მიდიოდა, ან ვკითხულობდი, ან მუსიკას ვუსმენდი. მართალი გითხრათ, შინ ჯდომა უფრო მსიამოვნებდა, ვიდრე სხვაგან ყოფნა - ისეთებს არ ვგავარ ხასიათით, ვინც მარტოობას გაურბის. ეს ასე კი არის, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ნელ-ნელა უფრო და უფრო აუტანელი გახდა ყოველგვარ მრავალფეროვნებას მოკლებული ერთგვაროვანი დღეების გრძელი ჯაჭვი. მოწყენილობა სულს მიხუთავდა. განსაკუთრებით მძიმე ტვირთად მაწვა ერთფეროვნება, რომელშიც საკუთარ თავს საკუთარივე თავის გამეორებად თუ ანარეკლად შევიგრძნობდი.
ერთხელაც ქმარს შევთავაზე: იქნებ გარემოს გამოსაცვლელად სამოგზაუროდ წავსულიყავით?
- სამოგზაუროდ? - გაუკვირდა ყინულის კაცს. თვალები მოჭუტა და შემომხედა. - არ მესმის, რატომ უნდა წავიდეთ სადმე სხვაგან. აქ რა, ბედნიერები არა ვართ?
- არა, მაგას არ ვგულისხმობ. მე ბედნიერი ვარ, ყველაფერი რიგზე გვაქვს. უბრალოდ, მოწყენილი ვარ. მინდა იქ გავემგზავრო, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ, იქაური ჰაერი შევისუნთქო. გესმის ჩემი? თანაც არც საქორწინო მოგზაურობაში ვყოფილვართ. ფული გვაქვს, შვებულებით არ გისარგებლია. ჩვენს გემოზე შეგვიძლია ვიმოგზაუროთ.
ყინულის კაცმა ამოიოხრა. ამონასუნთქი იქვე იქცა წკრიალა კრისტალებად. დათრთვილული თითები მუხლებზე გადაიჯვარედინა.
- რა გაეწყობა. თუ ასე გინდა მოგზაურობა, წინააღმდეგი არა ვარ. მართალი გითხრა, ეს აზრი მაინცდამაინც არ მომწონს, მაგრამ თუ შენ გაგახარებს, სადაც გინდა, იქ წამოგყვები. შვებულებას როცა მინდა, მაშინ ავიღებ, უპრობლემოდ. ისე, საით აპირებ?
- სამხრეთ პოლუსი რომ იყოს? - საგანგებოდ ავირჩიე სამხრეთ პოლუსი, იმის იმედით, რომ ცივი ადგილით დაინტერესდებოდა. - მინდა ერთხელ მაინც მოვხვდე იქ, პოლარული ციალი და პინგვინები ვნახო. - წარმოვიდგინე, კაპიუშონიან ბეწვის ქურქში გამოწყობილი როგორ ვეთამაშები პინგვინებს.
ქმარმა მომისმინა და ისევ გამომხედა. თვალიც არ დაუხამხამებია. აი, ამ ყინულის ლოლუას მზერამ გუგებში გამიარა და კეფას მიებჯინა. წამით ჩაფიქრდა, მერე კი ჭრიალით თქვა: "კარგი".
- კარგი. თუ ასე ძალიან გინდა, რატომ არ უნდა მოვინახულოთ სამხრეთ პოლუსი? კმაყოფილი ხარ?
თავი დავუქნიე.
- ვფიქრობ, ორი კვირის შემდეგ მოვახერხებ შვებულების აღებას. ამასობაში შენ მოემზადები. შევთანხმდით?
მაგრამ პასუხის გაცემა მაშინვე ვერ მოვახერხე: მისი დაჟინებული მზერისგან თავში სიცივემ დამიარა და გამაბრუა.
თუმცა სულ მალე სანანებელი გამიხდა ჩემი შეთავაზება. რატომ? თვითონაც არ ვიცი. მას შემდეგ, რაც პირველად დამცდა სიტყვა "სამხრეთ პოლუსი", მეჩვენებოდა, რომ ჩემს ქმარში რაღაც შეიცვალა: მისი მზერა წინანდელზე გამჭოლი გახდა, ამონასუნთქი - უფრო თეთრი, თრთვილი - თითებზე უფრო სქელი. ბევრად უფრო სიტყვაძუნწი და ჯიუტი გახდა, ჭამაზე სულ აიღო ხელი და ამას არ შეიძლება არ შევეწუხებინე. და აი, გამგზავრებამდე ხუთი დღით ადრე, როგორც იქნა, გავბედე:
- მოდი, ნუ წავალთ სამხრეთ პოლუსზე. იქ ალბათ ძალიან ცივა, ეს კი ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ვფიქრობ, სხვა ადგილი უნდა შევარჩიოთ. იქნებ ევროპაში? თუნდაც სადმე ესპანეთში. დავისვენებთ, ღვინოს დავლევთ, პაელიას შევჭამთ, კორიდას ვნახავთ.
მაგრამ ქმარი არ მისმენდა. სადღაც გვერდზე იხედებოდა. მერე ჩემსკენ გადმოიტანა მზერა, თვალებში მომაშტერდა. მზერა ისეთი ღრმა იყო, რომ მომეჩვენა - თითქოს ჩემი სხეული ნელ-ნელა ქრებოდა.
- არა, ესპანეთში არ მინდა. - მკაფიოდ წაროთქვა. - შეიძლება გეწყინოს, მაგრამ ესპანეთი ჩემთვის მეტისმეტად ცხელი და მტვრიანი ქვეყანაა, ყველა კერძი ცხარეა. თანაც უკვე ვიყიდე ორი ბილეთი სამხრეთ პოლუსზე, შენთვის კი - ბეწვის ქურქი და ბათინკები... რა ვქნათ, ყველაფერი გადავყაროთ? უბრალოდ, უნდა ავდგეთ და გავემგზავროთ.
გამოგიტყდებით, საშინლად შევშინდი. ისეთი წინათგრძნობა დამეუფლა, თითქოს სამხრეთ პოლუსზე რაღაც გამოუსწორებელი რამ დაგვატყდებოდა თავს. ზედიზედ მესიზმრებოდა ერთი და იგივე კოშმარი. მივდივარ, ღრმა ორმოში ვვარდები და ვიყინები ისე, რომ ვერავინ მამჩნევს. გაქვავებული შევცქერი ცას. გონზე კი ვარ, მაგრამ თითის განძრევაც კი არ შემიძლია. საზიზღარი შეგრძნებაა: ვხვდები, რომ ყოველი წამის შემდეგ თვითონვე ვხდები წარსული. მომავალი არა მაქვს - მხოლოდ წარსული მავსებს ფენა-ფენად. შემომცქერიან აი ასეთს და ხედავენ, როგორ ვიძირები წარსულში.
თვალს ვახელ. გვერდით ყინულის კაცს სძინავს. არ სუნთქავს, თითქოს მოკვდა და გაცივდა კიდეც. მაგრამ მე მიყვარს ყინულის კაცი. ვტირი. ცრემლები ლოყაზე ეცემა. უცებ იღვიძებს და მეხვევა.
- უცნაური სიზმარი ვნახე, - ვეუბნები. ნელა აქნევს თავს სიბნელეში.
- ეს მხოლოდ სიზმარია, - მამშვიდებს, - სიზმრები... ისინი ხომ წარსულიდან მოდიან და არა მომავლიდან. არა, სიზმრები არ გაწუხებენ, შენ თვითონ აწუხებ სიზმრებს, გესმის?
- ჰო, - ვამბობ, მაგრამ მაინცდამაინც დარწმუნებული არა ვარ.
ასე იყო თუ ისე, მე და ჩემი ქმარი ჩავსხედით თვითმფრინავში და სამხრეთ პოლუსისკენ გავფრინდით. ერთი მიზეზიც კი ვერ მოვიფიქრე ამ მოგზაურობაზე უარის სათქმელად. პილოტები და სტიუარდესები არაბუნებრივად სიტყვაძუნწები გამოდგნენ. ილუმინატორში გახედვა მინდოდა, მაგრამ სქელი ღრუბლების მეტი არაფერი ჩანდა. სულ მალე ფანჯარას ყინულის ქერქი გადაეკრა. ქმარი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად კითხულობდა წიგნს. მოგზაურობა არც შთამაგონებდა და არც მახარებდა. ეს იყო, ზუსტად ვაკეთებდი იმას, რაც ჩაფიქრებული გვქონდა.
ტრაპიდან სამხრეთ პოლუსის მიწაზე რომ დავდგით ფეხი, მომეჩვენა, რომ ქმარი ძლიერ შეკრთა. წამზე უსწრაფესად. კაციშვილმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო და, ბუნებრივია, ვერც ვერაფერი შენიშნეს. თვითონაც არ შეიმჩნია, თუმცა მე არ გამომპარვია. ყინულის კაცის სხეული როგორღაც ძალუმად, მაგრამ ამავე დროს ჩუმად აძაგძაგდა. ყურადღებით ვუყურებდი მის პროფილს. შეყოვნდა, ჯერ ცას ახედა, მერე თავის ხელს დააცქერდა და ღრმად ამოიოხრა. შემომხედა და თბილად გამიღიმა.
- ეს ის ადგილია, შენ რომ ოცნებობდი? - მკითხა.
- ჰო.
როგორსაც ვვარაუდობდი, პოლუსი ისეთი გამოდგა, მაგრამ რეალობამ რაღაცით ჩემს მოლოდინს მაინც გადააჭარბა. თითქმის არ იყვნენ ადამიანები. ერთი, ერთადერთი უსახური ქალაქი. ქალაქში მხოლოდ ერთი უსახური სასტუმრო. სამხრეთ პოლუსი ტურიზმის ადგილი არ არის. პინგვინებიც კი არსად ჩანს... ისევე როგორც პოლარული ნათება. კანტიკუნტად შემხვედრს ვეკითხებოდი:
- სად შეიძლება პინგვინების ნახვა?
ხმას არავინ მცემდა. თავს გააქნევდნენ და გვერდით ჩამივლიდნენ. ჩემი სიტყვები არ ესმოდათ. მაშინ პინგვინის დახატვა ვცადე, მაგრამ ადამიანები ისევ აქნევდნენ თავს და მიდიოდნენ. მარტო ვიყავი. ქალაქი ყინულით იყო გარშემორტყმული. არც ხეები, არც ყვავილები, არც მდინარეები, არც ტბები - სულ არაფერი. თვალი რასაც კი სწვდებოდა, უკიდეგანო ყინულის უდაბნო იყო.
ქმარი კი შეუსვენებლად გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორეზე თავისი თეთრი ამონასუნთქითა და დათრთვილული თითებით, შორეთს გაჰყურებდა ლოლუასავით წამახული მზერით. უცებ ისწავლა აბორიგენების ენა და აქაურ მცხოვრებლებს ზუსტად ისეთივე ჭრიალა ხმით ელაპარაკებოდა. მე წარმოდგენა არ მქონდა, რაზე საუბრობდნენ ასე გაცხოველებით. ქმარი აქაურობამ, როგორც ჩანს, აშკარად მონუსხა. რაღაც საოცრად იზიდავდა აქ. თავიდან ეს გულზე მხვდებოდა - ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მიმატოვეს, ქმარმა კი მიღალატა და ყურადღებასაც არ მაქცევდა.
სქელი ყინულით შებორკილ ამ მდუმარე სამყაროში თანდათან მეცლებოდა ძალა. სულ ოდნავ, ნელ-ნელა, ასე რომ, მალე გაბრაზების ძალაც კი აღარ დამრჩა. თითქოს შეგრძნებების კომპასი დავკარგე სადღაც. დავკარგე მიმართულება, დრო და არსებობის აზრი. არ ვიცი, როდის დაიწყო ეს და როდის დასრულდებოდა. როცა გამოვერკვიე, მარადიული ზამთრის უფერული სამყაროს ყინულით ვიყავი შეპყრობილი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველანაირი გრძნობა დაკარგული მქონდა, ერთს მაინც მივხვდი: "სამხრეთ პოლუსზე ჩემი ქმარი უკვე აღარ იყო ის წინანდელი ქმარი". არა, ის არ შეცვლილა. ის ისეთივე ყურადღებიანი და თბილია. და, რაც მთავარია, მშვენივრად მესმის, რომ მისი თითოეული სიტყვა გულწრფელია. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ყინულის კაცი ისეთი აღარ არის, როგორსაც სათხილამურო კურორტის სასტუმროში შევხვდი. უცნაურია, მაგრამ არავისთვის ამის მოყოლაც კი არ შემიძლია: სამხრეთ პოლუსზე ყველა კეთილგანწყობილია მის მიმართ და ჩემი არც ერთი სიტყვა არ ესმით. ყველა ერთნაირად თეთრფერად სუნთქავს, ყველას დათრთვილული აქვს სახე. ისინი ხუმრობენ, საუბრობენ, კამათობენ, წუწუნებენ თავიანთ წრიალა სამხრეთპოლუსურ ენაზე. მე კი გალიაში ჩასმული ჩიტივით მარტო ვზივარ სასტუმროს ნომერში, შევყურებ რუხ, პირქუშ ცას და ვსწავლობ სამხრეთპოლუსური ენის აცაბაცა გრამატიკას (რომელსაც ალბათ ვერასოდეს დავძლევ).
აქ რომ მოგვიყვანა, იმ თვითმფრინავის კვალიც კი გაქრა: მაშინვე აფრინდა ცაში. აეროდრომი დაცარიელდა. სულ მალე საფრენი ბილიკი ყინულის სქელი ფენის ქვეშ დაიმარხა. ისევე როგორც ჩემი გული.
- დაზამთრდა, - ამიხსნა მეუღლემ. - ძალიან დიდი ხნით. სანამ ეს ზამთარი გრძელდება, არც ერთი თვითმფრინავი არ მოფრინდება, არც ერთი გემი არ მოადგება ნაპირს. ყველაფერი გაიყინება. რას იზამ, იძულებული ვართ, გაზაფხულს ველოდოთ.
ჩამოსვლიდან სამი თვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი. ისიც ვიცოდი, პატარა, რომელიც დაიბადებოდა, პატარა ყინულის კაცი იქნებოდა. მუცელი გამეთოშა - იქ პატარ-პატარა ყინულის ნატეხები დაცურავდნენ. ვიცოდი: ბავშვს მამამისივით ყინულის ლოლუებივით მახვილი მზერა და თრთვილით დაფარული თითები ექნებოდა. და ჩვენი ახალი ოჯახი უკვე ვეღარასოდეს დატოვებდა სამხრეთ პოლუსს. მარადიულმა წარსულმა, მისმა აბსურდულმა სიმძიმემ მაგრად შეგვიკრა ხელ-ფეხი - ასე რომ, ვეღარსად წავუვალთ.
ახლა ნასახიც აღარ დამრჩა იმისა, რასაც "გული" ჰქვია. ხანდახან ვერც კი ვიხსენებ მის სითბოს, მაგრამ ტირილს მაინც ჯერჯერობით არ გადავჩვეულვარ. სულ მარტო ვარ, მარტოდმარტო სამყაროს ამ ყველაზე პირქუშ და ცივ ადგილას. როცა ვტირი, ყინულის კაცი მკოცნის. ჩემი ცრემლები ყინულის პატარა ბურთულაკებად იქცევა. ის იღებს ამ ბურთულაკებად ქცეულ ცრემლებს და ენაზე იდებს:
- იცი, მიყვარხარ. - და ზუსტად ვიცი, რომ ეს ტყუილი არ არის. ყინულის კაცს ვუყვარვარ. უცებ საიდანღაც მოვარდნილი ქარი მის თეთრ ორთქლად ქცეულ სიტყვებს წარსულში მიაქანებს... წარსულში. მე ვტირი. პატარა ყინულის ბურთულაკებად ვიღვენთები. ყინულის სახლში, შორეულ და ცივ სამხრეთ პოლუსზე.
ჰარუკი მურაკამი
თარგმნა
ირაკლი ბერიაშვილმა