ბავშვობაში და შემდგომაც, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, მას უთუოდ ჰქონდა შესაძლებლობა, მიახლებოდა შუასაუკუნეობრივ ქართულ მონუმენტურ ფერწერას, შემონახულს ძველ ეკლესია-მონასტრებში და ამ ფერწერას, მსოფლიო ხელოვნების უშესანიშნავეს მოვლენას, შეუძლებელია, მასზე არ მოეხდინა წარუშლელი შთაბეჭდილება.
24 საათი 06.03.10
ბავშვობაში და შემდგომაც, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, მას უთუოდ ჰქონდა შესაძლებლობა, მიახლებოდა შუასაუკუნეობრივ ქართულ მონუმენტურ ფერწერას, შემონახულს ძველ ეკლესია-მონასტრებში და ამ ფერწერას, მსოფლიო ხელოვნების უშესანიშნავეს მოვლენას, შეუძლებელია, მასზე არ მოეხდინა წარუშლელი შთაბეჭდილება.
ამჟამად, ოდნავი ხელშეხებითაც თუ გავეცნაურებით მის ნახატებს, ძალდაუტანებლად შესაძლებელია მათში - კომპოზიციაში, ცალკეული ფიგურებისა და სახეების გააზრებაში, დეტალებში - მოძიება მსგავსებისა ძველქართულ ფრესკებთან. მსგავსება ზოგჯერ საგანგებოდ ძლიერი, არცთუ იშვიათად კი გასაოცარია; ოღონდ უნდა ითქვას, რომ ამ მოვლენის შეფასებისას სიფრთხილეა საჭირო. არც საზოგადოდ მაშინდელი ცხოვრებისეული პირობები, არც საკუთრივ ფიროსმანაშვილის პირადული, ყოფითი მომენტები არ იძლეოდა საფანელს, ვრცლად გასცნობოდა მონუმენტური ხელოვნების ნიმუშებს. ის გაცილებით ნაკლებ რასმე ეზიარებოდა, ვიდრე ამას თანამედროვე ტურისტი ახერხებს, ორი-სამი კვირით რომ ჩამოდის საქართველოში სოხუმიდან მოკიდებული, სიღნაღამდე - სამოგზაუროდ...
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იგი არ იცნობდა იმ ძეგლთა ნიმუშებსაც კი, რომლებშიც დღეს პარალელებს ვეძებთ მის ნამუშევრებთან, მაგრამ მით უფრო ინტენსიურად მხატვრის ცნობიერება გადაამუშავებდა კანონზომიერებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ ხელოვნებას; ამას თან ერთვოდა ძლიერი თანხმიერება შორეულ წინაპრებთან, შინაგანი წადილი მისი, ასე რომ გვაცვიფრებს დღეს.
სრულიად ახალი შთაბეჭდილებანი დაახვავდა მას ტფილისში ჩამოსვლის შემდგომ. აქ, ამ მდიდარსა და მსხვილ სავაჭრო ცენტრში, უამრავ ხელოვან-ხელოსანს შეხვდებოდით - ფერმწერებს, გადამკვრელებს, კედლის მომხატველებს; ამას გარდა, ფოტოგრაფებსა და მღებავებს, გაერთიანებულს ამქარში (XX საუკუნის დასაწყისში მასში ირიცხებოდა დაახლოებით 100 ან ცოტა მეტი ხელოსანი); მათ საამქრო დროშაზე გამოსახული იყო იესო ქრისტე და ანგელოზები - ერთ-ერთ მათგანს ხელში ეჭირა პალიტრა, მეორეს - ფუნჯი და თიხის ფიალა, საღებავით სავსე; მათ ქვემოთ იხილვებოდა ცირკული, სამკუთხედი და სამენოვანი წარწერები.
ამქართა საქმიანობა მრავალგვარი იყო. ისინი ამზადებდნენ ფირნიშებს ათასობით დიდი და მცირე საწარმოებისთვის, ასურათხატებდნენ ეკლესიის, ამქრებისა და სამხედროთა დროშებს, ამზადებდნენ ქუჩების დასახელებების აბრებს, სახლების ნომრებს, ქმნიდნენ ფერწერულ ფონებს იმხანად მომრავლებული ფოტოატელიეებისთვის, აფორმებდნენ საცხოვრებელ ბინებს, მოხატავდნენ ჭერს, კედლებს, იატაკებსაც კი (იმ მოდის კვალობაზე, აღმოსავლეთიდან რომ შემოდიოდა), იგივე ხალხი დეკორატიული და სიუჟეტური მოხატულობებით ამშვენიერებდნენ რესტორნების, სასადილოების, დუქნებისა და მდიდართა სახლების სადარბაზოთა კედლებს (ასეთი სადარბაზოები აქა-იქ დღესაცაა შემორჩენილი ტფილისში).
ფერწერული საქმიანობის პირველი გაკვეთილები, უეჭველად, მათგან მიიღო ახალგაზრდა ფიროსმანაშვილმა; სახელდობრ, მათი ნამუშევრების მიხედვით, პირველ ყოვლისა, აბრებით გაიწაფა ხელი, ასე უხვად რომ იყო გაკრული მთელ ქალაქში. აბრებმა გავლენა იქონია არა მხოლოდ მის არჩევანზე, არამედ ცხოვრებისეულ წესზეც (მან ხომ სცადა კიდეც ხელის გაწაფვა მეაბრეთა ამქარში!); ისინი ასწავლიდნენ, თუ რა არის საჭირო მატერიალური კონკრეტულობისა და ხორციელი დამაჯერებლობისთვის, ზუსტი, კარგად შემუშავებული ხელოსნური საშუალებების ძიებისთვის.
ჩვენ, უნდა ითქვას, არაფერი ვიცით იმის შესახებ, ხატავდნენ თუ არა ეს ხელოსნები საკუთარ, ორიგინალურ “ნახატებს” დაზგური ხელოვნების ნიმუშისას, იმის მსგავსს, რასაც ხატავდა ფიროსმანაშვილი. სავარაუდოა, რომ ასე არ იყო. ყველაზე ნიჭიერი და ვიწრო პროფილის, ხელოსნობის ჩარჩოებიდან გამოსული ნახატებიც კი კარაპეტ გრიგორიანცისა, ჩვენთვის ცნობილნი, დათარიღებულია 30-იანი წლებით - იმ დროით, როდესაც მხატვარ ფიროსმანაშვილს ამ საქმიანობაზე ხელი ვეღარ მიუწვდებოდა; იხსენებენ, რომ ის ადრეც ხატავდა ლამაზ “ნატურმორტებს” ვიტრინების სამშვენისად, მაგრამ ცნობილი, მოგვიანო ხანის ნამუშევართა მიხედვით, ეს იყო წმინდა სახის დეკორატიული კომპოზიციები.
ფიროსმანაშვილი, შესაძლოა, დაზგურ ფერწერას სხვა გზითაც გასცნობოდა. თავისი საცხოვრებელი ბინის მეპატრონისა და აგრეთვე სხვა შეძლებულ ოჯახებში, განსაკუთრებით სომხურ ოჯახებში, ის იხილავდა XVIII-XIX საუკუნეების ტფილისური პორტრეტული სამხატვრო სკოლის ქმნილებებს, თავადთა, ჩინოვნიკთა და ვაჭართა პორტრეტებს, რუსული სკოლის მონათესავე მიმართულებისას, პოლონური “სარმატული” ტიპის ნახატებს, რომელნიც მოსილია მომხიბლავი გულუბრყვილობით, ხოლო თავისი უზენაესი გამომსახველობით (აკოფ ოვპატანიანის ნამუშევართა დარად) ზოგჯერ აღწევენ დიდ ლირიკულ წვდომა-მიხვედრებს; ეს ნამუშევრები ენათესავება ფიროსმანაშვილის ქმნილებებს თავისი სტატუარულობით, ფსიქოლოგიური დაძაბულობა-გულისყურობით, როგორღაც შინაგანი სამყაროს დახშულობითა და კიდევ არაერთი კომპოზიციური ხერხით.
იმავე ბინებში, განსაკუთრებით მდიდართა საცხოვრებლებში, ფიროსმანაშვილი შეიძლება წასწყდომოდა XVIII საუკუნის მავან სახელგანთქმულ ირანელ პორტრეტისტთა ნაწარმოებებს; მაშინ, კეთილმოსაგონარ ძველ დროში, მათ ჯერ კიდევ ესათუთებოდნენ, ვითარცა მუზეუმთა ცხრაკლიტულს მიღმა მყოფ ნივთებს. მათგან მომავალ მხატვარს თავისუფლად შეეძლო შეეთვისებინა და აღექვა ფერთა სიუხვე და მოუქნელი პლასტიკა, ხასიათობრივი ტიპურობა. ირანული ხელოვნების მასზე ზეგავლენა სრულიად უდავოა. არცთუ დიდი ხნის წინათ ზოგიერთნი (მართალია, მცირედნი) ერთობ ზეაღმატებითაც კი მიიჩნევდნენ ფიროსმანაშვილის მთელ მემკვიდრეობას ირანული ფერწერის განშტოებად: “ძნელი არ არის, მის ფერწერულ მიდგომებში - კომპოზიციაშიც, ხატვის სტილშიც, ფერადოვან გამებში და, რაც განსაკუთრებით ფასეულია და თვალშისაცემი, მისთვის ჩვეულ ბავშვურ გულუბრყვილობაში - შევამჩნიოთ სახელდობრ სპარსული მინიატიურებისა და პორტრეტების თანამსგავსობა” (ს. ისაკოვი). ამის შესახებ უფრო მართებულად მსჯელობდა ი. ტუგენჰოლდი: “...ტალანტი, ზღაპრულად ურთიერთშემავსებელი თავისთავში სპარსული და ბიზანტიური ფერწერისა”. ირანული კულტურა ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდან ძალუმად იჭრებოდა საქართველოს ქალაქურ ცხოვრებაში, ყოფაში, ზემოქმედებდა პოეზიაზე, მუსიკაზე, ფერწერაზე. ფიროსმანაშვილს არ შეიძლება უშუალო შეხება ჰქონოდა სახელგანთქმულ სპარსულ მინიატიურასთან - ის იმ დროისთვის უკვე იმდენად ხელმისაწვდომი აღარ იყო, მაგრამ მხატვარს შეეძლო მასთან მიახლება დემოკრატიზებული გზით (ირანული ლითოგრაფირებული საბაზრო წიგნები) და მათი კომპოზიციური აღნაგობისა და შინაგანი სივრცისეული გააზრების ზოგიერთი თავისებურების შეთვისება.
შეუძლებელია გავლენის იმ სფეროს მიჩუმათება, რასაც მასზე ახდენდა სრულიად განსხვავებული, ნაწილობრივ ვულგარული ნიმუშები სახვითი ხელოვნებისა, რითაც სავსე იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება. ის ხედავდა უამრავ ფოტოგრაფიულ მასალას, რამაც მყარად დაიმკვიდრა ადგილი იმდროინდელ ყოფაში - ინდივიდთა, წყვილთა, ჯგუფური პორტრეტები, ჩასურათხატებული ოჯახური მოვლენები - ჩარჩოში ჩასმულნი, გამოკიდებულნი კედლებზე და სპეციალურ, სქელ ალბომებში მოთავსებულნი... მათი სტილი შეპირობებული იყო იმდროინდელი ტექნიკით, აგრეთვე პორტრეტული, განსაკუთრებით პარადული ფერწერის მანერით. მათი გავლენა ფიროსმანაშვილის ნამუშევრებზე ეჭვს არ იწვევს. ყველაზე მეტად გამორჩეულ “მხატვრულ” ფონებს, რომელნიც ნებისმიერი ფოტოატელიეს უცილობელ ატრიბუტს შეადგენდა, თავისუფლად შესაძლებელია, ზეგავლენა მოეხდინა ფიროსმანაშვილის პეიზაჟურ მოტივებსა და ფიგურების გარემოსთან დაკავშირების ხასიათზე.
მის ხელთ ხშირად ჩავარდნილა ყოვლისმომცველი ილუსტრაციებით (უმეტესად უმსგავსი) და რეპროდუქციებით (არასათანადო ხარისხის) მოსილი ჟურნალები და, ცხადია, ყოველივე ამის მეშვეობით მხატვარს შეეძლო, შეექმნა გარეკვეული საკუთარი წარმოსახვა მისთვის მიუწვდომელი “პროფესიული”, “მეცნიერული” ხელოვნებისა. საქართველოს იმდროინდელ ყოფით ცხოვრებაში მოჭარბებულად იყო საბაზრო სურათები, უმეტესწილად რუსეთიდან შემოტანილი და ის მათშიც მოიძიებდა საჭირო ინფორმაციას. ყველაფერი ნანახი მეხსიერებაში აღებეჭდებოდა, რის მეშვეობითაც საკუთარი, ჭეშმარიტად ფანტასტიკური ინტუიციით ახერხებდა, ამოეკრიფა ოქროს ზოდები თავისებური შემოქმედებითი ცდებისა, ყველაფერს გადაადნობდა თავისი წარმოსახვის ქურაში, ინსტინქტურად ქმნიდა საკუთარ ფერწერულ სისტემას.
იყო მარტოსული, თავისთვის გარინდებული - პირად ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც, გათქვეფილი იყო მასაში, ცხოვრობდა ბრბოს თვალსაწიერში, რისგანაც განმატოებას მხოლოდ ღამით ახერხებდა, დადიოდა ყველასგან განცალკევებით, საკუთარი განსაკუთრებული ცხოვრებით სასოობდა. მისეული მხოლოდღა ფერწერა იყო, ოღონდ ეს მისთვის თვითდამკვიდრების საშუალება არ ყოფილა, არც არსობის პური, რაიმე გასამრჯელოც კი, თუმცა უკვე მხატვარ-პროფესიონალად მიიჩნეოდა. ფუნჯით საარსებო ლუკმაპურს შოულობდა. შავი მუშამბა იყო მისი ყანობირი. ერთხელ როგორღაც თავისი სამუშაოს შესახებ წამოსცდა: “როგორც აქამდე ვხნავდი და ვთესავდი, ბოლომდე ასე გავირჯები...” სხვა რაიმეს კეთება მას არ შეეძლო.
როგორც წესი, საზღაურად არავითარ ფულს არ იღებდა... “ხანდახან მიხდიან... მაგრამ საერთოდ კვებით...” “მიყიდეთ საღებავები და რასაც გინდათ, დაგიხატავთ...” ფულს მხოლოდ სახატავი მასალისთვის იღებდა - საღებავები, მუშამბა. “ღვინო მისთვის არ გვენანებოდა”, - იგონებს სოზაშვილი. მისი ერთ-ერთი მეტსახელი იყო штучный постаканчик- რაღაც ველური შეერთება რუსული სიტყვებისა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთ ნახატში მას ჭიქა ღვინოს მიაწვდიდნენ სამადლოდ. “ზოგჯერ ჩვენ მოვითათბირებდით და მისთვის საცვალსა და ტანისამოსს ვყიდულობდით”, - ამბობდა იგივე სოზაშვილი.
და მაინც, უნდა ითქვას, დროდადრო საზღაურად ფულსაც იღებდა, თუმცა სხვადასხვა ოდენობით. ნახატისთვის - “ქეიფი გვიმრაძესთან” მას გადაუხადეს ოცდაათი მანეთი, ამდენივე - ბაქოს რკინიგზის უფროსის ყიფიანის (ეს ნახატი ჯერჯერობით დაკარგულად ითვლება) პორტრეტისა და “თელეთობისთვის”; “რთველი” 26 მანეთად გაიყიდა, მაგრამ ეს იყო გამონაკლისი შემთხვევები. მეტწილად იღებდა ნახატში ერთ-ორ მანეთს, იშვიათად - სამ-ოთხ მანეთს, დამოუკიდებლად სურათის ზომისა თუ სირთულისა. ხუთი მანეთი მიიღო ნახატისთვის “გოგო საჰაერო ბუშტით”, ამდენივე - ნახატისთვის “ქართველი ქალი დაირით”.
ვაჭრობა არ ეხერხებოდა და იშვიათადაც ცდილობდა. იტყოდა ხოლმე: “რასაც მომცემთ - ყაბულსა ვარ”. არაერთხელ გაუცუცურაკებიათ კიდეც. როდესაც ბეგო იაქსიევთან ცხოვრობდა, ვიღაცის დუქანი მოხატა. თანხა მას კი არ გადაუხადეს, არამედ ბეგოს. ალბათ, ჩათვალეს, რომ რაკიღა ბეგოსთან ბინადრობდა, დამოუკიდებლად ანაზღაურების მიცემა არ ერგებოდა, ან იქნებ შიშობდნენ, შეზარხოშებულს ფული არ დაეკარგა. თვითონ კი ბეგოს ამ ფულის აღებაზე მტკიცე უარი სტკიცა. სხვა დროსაც ასევე მოიქცა, როდესაც ბეგომ მისი ნახატის საზღაური გაიღო. თავისებურად ბეგოც მართალი იყო: მან ხომ სურათი ფაქტიურად უფასოდ მიიღო და ძმაკაცის ნაშრომზე სარგებლის შოვნა ეთაკილებოდა, მაგრამ, თავის მხრივ, ფიროსმანაშვილიც მართალი იყო.
გოლა ჭიჭინაძემ, დუქან “არარატის” მეპატრონემაც, გაყიდა მისი ერთი სურათი; ვიღაც “ფრანცუზმა” (სავარაუდოდ, მხატვარმა ლე-დანტიუმ) შეიძინა, ხოლო თანხა ფიროსმანაშვილს შესთავაზა: “შეიმოსე, იყიდე, რაც გჭირდება”. მან უარი განაცხადა: “ნახატებს ფულის გამო არ ვხატავ”. ფული ძალით შეაჩეჩეს. გადაირია, გაიქცა და რამდენიმე დღით გადაიკარგა, ისე იყო შეურაცხყოფილი. მისი ურთიერთობა გოლასთან, მართალია, ახლობლური იყო, მაგრამ არა ისეთი გულითადი, როგორც ბეგოსთან. ოღონდ მეტისმეტი წესიერება და სიამაყე ფულის აღებას როგორღაც მისთვის შეუძლებელს ხდიდა, რადგან ასე ფიქრობდა: სხვისთვის დახატულ ნამუშევარში, რომელიც უკვე მას აღარ ეკუთვნოდა, ფული როგორ ავიღოო, თუმცა, ისიც კარგად იცოდა, რომ ეს ნახატები სხვისთვის თითქმის მუქთად იყო შექმნილი, ან სულაც ერთი გამასპინძლების ფასად...
მისი გაბრიყვება-მოტყუება სულ ადვილი იყო. ვინმე ნესტორ გრიგორიევიჩმა, ჩერქეზოვისუბნელმა პარიკმახერმა, შეუკვეთა საკუთარი პორტრეტი, მაგრამ საზღაურის გადახდა არ ინება: “არა მგავს!” ფიროსმანაშვილი აილეწა. მომხდარში მისი ამხანაგი, ღვინისაღმართელი სარქისა ჩაერია; ეს ის პიროვნებაა, ვის შესახებაც ვანო კიკვაძე მოგვითხრობდა: “სარქისა ჩემი მეგობარია, წესიერი კაცია, ღვინოში წვეთ წყალს არ გაურევს; მისი აზრით, ღვინო ღვთიური მადლია და მისი წყლით გაფუჭება ისეთივე ცოდვაა, როგორც ქურდობა”. სარქისა გულმოსული იყო მხატვარზეც და საკუთარ თავზეც, რადგან ამ საქმეში თვით გაუწია რეკომენდაცია პარიკმახერს. მან როსტევან გრიგორიევიჩი გალახა და, როგორც ჩანს, საკმაოდ გვარიანადაც, რადგან მეღვინე მკვიდრად ჩამოსხმული აღნაგობისა მოჩანს ფიროსმანაშვილის მიერ შექმნილ პორტრეტში “ღვინის აღმართზე სარქისა ღვინოს ასხამს”.
ვაიმეცენატ-თაყვანისმცემლები ხშირად ატყუებდნენ და ფულს “უტეხავდნენ” ფიროსმანაშვილს, ბოროტად სარგებლობდნენ მისი უანგარობითა და სიმორცხვით, თან არც კი რცხვენოდათ ამის გამხელა. შესაძლოა, ისინი ამას ჩვეულებრივ ამბად თვლიდნენ, უგუნურებად მიაჩნდათ, ასეთ ნეტარ და არაპრაქტიკულ ადამიანთან სხვაგვარად მოქცეულიყვნენ.
სინამდვილეში ის სრულიადაც არ იყო ნეტარი, სალოსი, ცხოვრებისგან განდგომილი ადამიანი. აკი შეიძლო კიდეც, სამი თუ ოთხი წელი ვაჭრობით გაეტანა თავი. კარგად ჰქონდა აღქმული სხვათა საქმოსნობა, გონიერი რჩევების მიცემაც შეეძლო. მისთვის ჩვეული რამ იყო სხვებზე ზრუნვა. “არა უშავს. - უპასუხა მან, როდესაც შეეკითხნენ, შეიძლებოდა თუ არა მისი ნახატის ბეგოსგან შეძენა, - არაფერია. მე კიდევ დავუხატავ. ის კი ცოტას მაინც იხეირებს...”
არც ბოჰემური უზრუნველობით გამოირჩეოდა მაინცდამაინც. სხვისგან დასაბრუნებელი ვალი არც კი ახსოვდა, ხოლო საკუთარი გადასახდელის მიმართ ერთობ მგრძნობიარე იყო. ვალის აღება იოლად არ იცოდა, ხოლო როდესაც დაივალებდა, ჩქარობდა, მალე დაებრუნებინა, უმეტესად, ნახატებით, თანაც, ისე, რომ არც კი ანგარიშობდა ნამუშევართა ღირებულების ჭეშმარიტ თანაფარდობას სესხთან მიმართებაში.
არ იყო ისეთი ადამიანი, რომელმაც არ იცოდა საკუთარი თავისა და ნაღვაწის ფასი. ილია ზდანევიჩს უთხრა: “ნახატები ბაიაძესთანაა. რომ არ დაგიმალოთ, ისინი არ მომწონს. შემიძლია უკეთესები დაგიხატოთ...” და იმავე ზდანევიჩს, ბეგო იაქსიევთან ნაყიდი ნატურმორტის შესახებ: “როგორ არა, ვიცი, ეს ერთი ჩემი უკეთესთაგანი რამაა. ჩემთვის ვხატავდი, არა უშავს, რომ მცირე ზომისაა - თამამად შეიძლება მასში 100 მანეთის გადახდა”. და კიდევ - სხვა ნამუშევრის შესახებ: “მოსკოვში ნებისმიერი მებუფეტე იყიდის...” და დაუმატა კიდეც: “ოღონდ ფასი ასწიეთ...” (ეს ყველაფერი, სულ ცოტა, საოცრად ჟღერს იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც თვითონ არასოდეს აფასებდა თავის ნამუშევარს).
ცოტა უცნაური ხომ არ არის? ყველაფერი, რასაც აკეთებდა ფიროსმანაშვილი, უპირობოდ აღიარებას პოულობდა, იწვევდა გულწრფელ აღფრთოვანებას; კონკურენტები მას ფაქტიურად არ ჰყავდა, იმიტომ რომ აბრების დამამზადებლები ნახატებს ვერ ქმნიდნენ. მას შეეძლო, გვარიანი მოგება ენახა და წარმატებულიც ყოფილიყო.
მას თითქმის ყველაფერი გაეგებოდა, მაგრამ სხვანაირად ცხოვრობდა. გამომუშავებულ თანხას დუქნის დახლზე ტოვებდა იმავე დღეს - განურჩევლად იმისა, თუ რა თანხა იყო ეს: მანეთი, სამი მანეთი თუ თუმანი. გონებას ძალა უნდა დაატანო, რომ ის დინჯად გამრჯე წარმოიდგინო მუშაობისას, თანხის მიღებისას: ეს სახატავი მასალისთვის, ეს საკვებისთვის, ეს ბინისთვის, ეს შავი დღისთვის... თავის უფალი საკუთარ ქმნადობაში. მას სურდა, თავის უფალი ყოფილიყო ცხოვრებაშიც - თავისუფალი ყველაფრისგან, რაც ბოჭავს, ხუნდებს ადებს, ავიწროებს ადამიანებს...
ერასტ კუზნეცოვი
(ნაწყვეტი)
თარგმნა ოლეგ გოლიაძემ