RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

თანამდევი სული

"არ არის მაგრამ იქნება"

24 საათი 03.03.10

ალექსანდრე ცაგარელი
ალექსანდრე ცაგარელი

"არ არის მაგრამ იქნება"

ვ. ჰიუგო

ცალკე წიგნად გამოცემული ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი?!" ალექსანდრე ცაგარელს ჩავარდნია ხელთ, რომელიც იმჟამად მიუნხენში სწავლობდა. 1869 წლის 16 სექტემბერს ცაგარელი მიუნხენიდან სწერს კირილე ლორთქიფანიძეს:

“კაცია ადამიანი" კარგათ არის გამოცემული. მინდოდა ამის თაობაზედ ჩვენ ახალ ლიტერატურაზედ მეთქო რამე “დროებაში", მაგრამ არ ვიცი მოვიყვან სრულებაში ამ სურვილს თუ არა. კიდეც დავწერე, მაგრამ ახლა გადაწერა და გადასწორება მიჭირს, ძალიან ცოტა დრო მაქვს თავისუფალი..."

საბედნიეროდ, წერილის ავტორს ეს სურვილი სისრულეში მოუყვანია და 1870 წელს გაზეთ “დროების" რამდენიმე ნომერში სათაურით “ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში" ეს სტატია გამოქვეყნდა კიდეც. საბედნიეროდო, ვწერთ, რადგან ეს წერილი უბრალო, სასხვათაშორისოდ დაწერილი რეცენზია არ იყო. იგი გახლდათ პირველი მეცნიერული ხასიათის ნაშრომი, რომელშიც ფართოდაა წარმოდგენილი და თითქმის დეტალურადაა გაანალიზებული ილია ჭავჭავაძის შემოქმედება. იმ დროს, როდესაც მომრიგებელი მოსამართლე დუშეთში “სუდის" პატარა, ბუხრის კვამლით გაბოლილ ოთახში საქმეს არჩევს შესახებ იმისა, გლეხმა პაპაშვილმა ნატბევთან მდგარ მუხასთან ნამდვილად მისცა თუ არა ფული რომელიღაც სომეხ ვაჭარს, გაზეთ “დროებაში" ამ მომრიგებელი მოსამართლის მოთხრობაზე იბეჭდება სიტყვები: “გამოიცა ის წიგნი, რომელშიაც ქართველი თავით ფეხამდინა სჩანს როგორც სარკეში; საუკუნეები რომ გავიდეს და ვისმე სურდეს ქართველი და იმის ცხოვრება წარმოიდგინოს, - მარტო წაიკითხავს ამ წიგნსა და საკმაოა".

მას შემდეგ საუკუნე ზედმეტი გავიდა. “კაცია ადამიანი?!" კი მართლაც უბერებელ ნაწარმოებად დარჩა. როგორც ვხედავთ, ალექსანდრე ცაგარელმა ჯერ კიდევ 1870 წელს აღნიშნა, ამ წიგნში “ქართველი თავით ფეხამდინ სჩანსო". ეს აზრი კი დიდი ხნის განმავლობაში დავიწყებას მიეცა და ლუარსაბ თათქარიძეში მხოლოდ ბატონის სახეს ხედავდნენ.

ალექსანდრე ცაგარელი განაგრძობს: “ილ. ჭავჭავაძე რომ გამოვიდა სალიტერატურო ასპარეზზედ, საკმაოდ ლანძღეს კიდეც და აქეს კიდეცა, მაგრამ არც მომხრეებმა და არც მოწინააღმდეგეებმა არ იცოდნენ რიგიანათ ან რისთვის ფლავდნენ ტალახში და ან რათა სცემდნენ თაყვანსა და გუნდრუკს რათ უკმევდნენ; გაუგებრად ნახირს მისდევდნენ და რასაც ერთი დაიბღავლებდა, როგორც ხშირად მოხდება ხოლმე, სხვანიც ბანს მისცემდნენ; თვითონაც არ გაეგებოდათ რა უნდა ეთქვათ ამით. ეხლა სისხლმა დაიდუღა. სიცხე გამოუნელდათ და გაუგებარი ქებაც და ძაგებაც მოსწყინდათ; იყაყანეს, იყაყანეს და დასდუმდნენ, როგორც ქართველების რიგია. თვითონ ჭავჭავაძეც კი ჩრდილს შეეფარა. ამის მიმყოლი გუნდი კი დარჩა პირდაღებული, ასე ორ წყალშუა; მარტო წინამძღოლის წარმოთქმულს სიტყვებს კიდევ იმეორებენ, აფორიზმებათ მოჰყავთ საღმთო წერილის სიტყვებსავით".

ამ არცთუ რევერანსებით დაწერილ სტატიაში ერთი რამ შესავალშივე ნათლადაა დაფიქსირებული: ილია 60-იანი წლებიდან მოყოლებული უკვე ბელადად, წინამძღოლად, ახალი თაობის მოძღვრად არის აღიარებული. ცაგარელი XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული ლიტერატურის მიმოხილვის შემდეგ დაასკვნის:

“ეხლა ყველასათვის ცხადი შეიქნა, რომ ილია ჭავჭავაძეს მართლა ტოლი უღლის გამწევი არა ჰყავს ჩვენ ლიტერატურაში"

“მართალია ბეჯითობით და ცდით კაცი ბევრს შეიძენს, მაგრამ ილია ჭავჭავაძეები მარტო იბადებიან".

“ილ. ჭავჭავაძის ნიჭი არ არის მარტო ერთგვარი, ერთმხრივი, არამედ დაჰყურებს საგანს ყოველ მხრივ და მრავალ სხვადასხვა ფერ და გვარ საგანსა".

“მოუცილებელი თვისება და უდიდესი ღირსება იმის პოეზიისა არის სიტყვაგამოთქმათ საშინელი და შეუმაგრებელი ძალა. გულწრფელობა და გულღიაობა. აქედან წარმოსდგება იმის პოეზიის ღრმა გრძნობა და ყოვლის შემძვრელი ზედ მოქმედება".

უშუალოდ “კაცია-ადამიანის?!" შესახებ ალექსანდრე ცაგარელი წერს: “ჩემის აზრით, ყველაზე დიდი და შესანიშნავი, რაც კი ილ. ჭავჭავაძეს დაუწერია, არის “კაცია ადამიანი?!". ამ პატარა თხზულებით პოეტმა შიგ ქართვლის ცხოვრების გულში ჩაიხედა და გამოხატა ისე ცხადად ის ფუღურო, ფუყი და დამპალი გულ-მუცელი, რომელსაც თუ ცხოველი იმედი სასოების და მხნეობის უკვდავი ცვარივით არ ეპკურა, სხვა საკურნებელი წამალი აღარა აქვს-რა და უკანასკნელ გაწირულებაშია, თუმცა თვითონ პოეტი სასოწარკვეთილებას და იმედმიხდილობას არასოდეს არ ეძლევა".

ალექსანდრე ცაგარელი ილიას შემოქმედების საერთო დონის მაღალ შეფასებას იძლევა, შემდეგ კი უფრო ვრცლად საუბრობს იმ ნაკლოვანებათა შესახებ, რომელთაც, მისი აზრით, თავი იჩინეს მწერლის მხატვრულ ნააზრევში. ჩვენთვის სწორედ რეცენზენტის შენიშვნებია საინტერესო, საინტერესოა იმდენად, რამდენადაც თანამედროვე მკითხველისათვის დიდი ილიას შემოქმედების ქება არ ახალია. საყურადღებო სწორედ ის გახლავთ, თუ რა დაუწუნა ახალგაზრდა მწერალს თანადროულმა კრიტიკამ. ეს ინტერესი უფრო ცხოველი გახდება და გამძაფრდება მას შემდეგ, თუ აღვნიშნავთ, რომ ილიას სწორედ იმას უთვლიან ნაკლად, უფრო სწორედ იმას ვერ ამჩნევენ, რაც მის თხზულებებს მოჭარბებულადაც კი ახასიათებს. ცაგარელი წერს: “უდიდესი ნაკლულოვანება ილ. ჭავჭავაძის პოეზიისა არის ნაციონალური, ნამდვილ ქართული ხალხის ფერისა და კილოს უქონლობა ანუ ცოტას ქონა, როგორც ლექსებში, აგრეთვე პროზაში. მართალია, ნამდვილი, ჭეშმარიტ ნაციონალური კილო ყველა ჩვენს პოეტებსა და საზოგადოთ ლიტერატურას აკლია, მაგრამ რაც ადრინდელებს ეპატიებათ, ის ჩვენი დროების პოეტს არ შეენდობა. ეხლა ყველამ ვიცით, რომ ნამდვილი ლიტერატურა ნაციონალური უნდა იყოს. უამისოდ ლიტერატურა ლიტერატურა არ არის", როგორც ვხედავთ, ილიას შემოქმედებას ნაციონალური კილოს, ანუ ეროვნული პათოსის, თვითმყოფადობის უქონლობას უკიჟინებენ, არადა მწერლის ყოველი ლექსი, ყოველი მოთხრობა, ყოველი სტრიქონი სწორედ “ნაციონალური კილოთია" გაშინაარსებული. სხვათა შორის, აკაკი წერეთელი იყო პირველი, რომელმაც ეს ფაქტი აღნიშნა. 1864 წელს პეტერბურგში კირილე ლორთქიფანიძემ გამოსცა კრებული “ჩონგური". ამ კრებულში სხვა ავტორების გვერდით დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსებიც. აკაკის ამ კრებულზე რეცენზია დაუწერია, რომელშიც ილიას ასეთ შეფასებას აძლევს: “ბარათაშვილი და ჭავჭავაძე სწორედ ერთს ტახტზედ სხდომის ღირსნი არიან". შემდეგ კი დასძენს: “ჭავჭავაძე არის ბარათაშვილის მოკანანახე, (ბანის მიმცემი, მიმდევარი - ავტ.) და მისი დიდი ღირსებაც ამაზედ არის დაფუძნებული. ყოველს მის ლექსებში ვხედავთ ქართველების ტანჯვას და გოდებას". ასე რომ, აკაკიმ პირველმა შეამჩნია, თუ რა მძაფრად იგრძნობა ილიას ყოველ ლექსში “ქართველების ტანჯვა და გოდება", ის “ნაციონალური კილო" თუ ეროვნული პათოსი, რომლის იგნორირებასაც ალექსანდრე ცაგარელი უჩიოდა ილიას.

ალექსანდრე ცაგარელის მიერ გამოთქმული სხვა შენიშვნებიდან კიდევ ერთი იქცევს ჩვენს ყურადღებას: რეცენზენტი წერს, რომ ილიას “თხზულებაში ნახმარები სიტყვები, და ხან მთელი წინადადება, არ უდგება ქართულ ენასა და ეტყობა მწერალსა იმათი მნიშვნელობა კარგათ არ ეყურება. მაგ. მოვიყვან აქ რაც მომაგონდება, - ყველა იტყვის, რომ ამის უცოდინარობა არამთუ პოეტებს, რომლებიც “ღმერთთან ბაასობენ", უბრალო გიმნაზიის შაგირდებსაც, რომლებსაც ნეტარად ხსენებული ზახარ სტეპანიჩთან ულაპარაკნიათ, არ უნდა ეპატიოს. ილ. ჭავჭავაძე სწერს “პოეტში":

მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო,

ვით ფრინველმა გარეგანმა;არა მარტო ტკბილ ხმათათვის გამომგზავნა ქვეყნად ცამა.

რასა ჰქვიან “გარეგანი" ფრინველი? ამას ქართველი კაცი არ იტყვის და არც სხვა ენაზედ არის გასაგები; ამისათვის, რომ ეს ზედნადები (გარეგანი) ხატავს ერთსა და იმავე საგნის გარეგან მხარესა, ნაწილსა, და იმ ჰაზრით როგორიც ილ. ჭავჭავაძე ხმარობს, სულიერ არსებაზედ თავის დღეში არ იხმარება; - მაშ რა უნდა ეთქვა? - ცხადია, რომ “გარეული" “მოუშინაურებელი", “ტყისა" და სხვა. ყველა ამბობს “შინაური ფრინველი, გარეული ფრინველი" და არა “გარეგანი და შინაგანი ფრინველი".

ერთი სიტყვით, რეცენცენტის აზრით, “გარეგანი ფრინველი" არაბუნებრივი, ქართული ენისათვის შეუფერებელი, ხელოვნურია. მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, “შეკავშირება წინადადებისა მოყვანილ ლექსში “პოეტი" უკანონოა, “ენის წინააღმდეგია". კაცმა რომ თქვას, ცამდე მართალი იყო ილიას ნიჭის დამფასებელი და ამასთანავე მკაცრი ოპონენტი ალექსანდრე ცაგარელი. მართლაცდა, “პოეტის" დაწერამდე არც ერთ ქართველ მწერალთაგანს არ დაუწერია, არც ლექსიკონში ასახულა და, ვგონებ არც არავის უთქვამს სულიერის მიმართ სიტყვა “გარეგანი", მით უფრო - “გარეგანი ფრინველი". ვიმეორებ, ილიამდე ეს ფრაზა არავის დაუწერია, მაგრამ ასე იყო მანამდე, სანამ ამ სიტყვას გენიოსი გამოიყენებდა. იონა მეუნარგიას ჩანაწერებში ვკითხულობთ: “ერთხელ ვიქტორ ჰიუგოსათვის უთქვამთ: ეს სიტყვა ფრანგული არ არისო. არ არის, მაგრამ იქნებაო, - თავმოწონებით უპასუხა საფრანგეთის დიდმა მგოსანმა. იგივე ითქმის ილიასა და ქართულ ენაზე. სანამ ილიამ არ დაუშალა ჩვენებს, ჩვენში ამბობდნენ უფალი კერესელიძე, უფალი მესხი, ეს უფალი ან იყო ამოღებული სამღვთო წერილიდან, ან იყო ნათარგმნი რუსული სიტყვიდან “დîñïîჰèí". ილიამ თქვა, “უფალი მესხის"-ს თქმას “ბატონი მესხის"-ს თქმა არა სჯობიაო? და ეს სიტყვა მას აქეთ დაკანონდა ჩვენში და ამ სიტყვას ისე მაგრად აქვს მოკიდებული ფესვი ჩვენს ენაში, რომ მას ვერ განდევნის ახლა ჩვენი ენიდან ვერც “ამხანაგი" და ვერც “მეგობარი".

ილიამდე ქართული ენის ლექსიკონში არ არსებობდა სიტყვები “სულთა-სწრაფვა", “თვალთახედვის ისარი". ილიამ აკურთხა ეს და სხვა სიტყვები, როგორც დიდმა სჯულმდებელმა. ჰიუგოსავით ილიასაც უკიჟინეს, “ვით ფრინველმა გარეგანმა" ქართული არ არის, “გარეგანი” სულიერ არსებაზე არ ითქმისო. ილიამ კი თქვა და ამის შემდეგ დაკანონდა კიდეც. დღეს აღარავის ეხამუშება ფრაზა “ვით ფრინველმა გარეგანმა", უფრო მეტიც - “გარეგანმა" ქართული ენის განმარტებით ლექსიკონშიც დაიმკვიდრა ადგილი, როგორც “გარეულის" სინონიმმა.

ახლა კი კვლავ პირველსავე სიტყვას მოვიდეთ. ილია, რომლის ნაწერებზეც ამდენს მსჯელობენ, კვლავ დუშეთშია და მორიგ საჩივარს განიხილავს. ნოემბერში თბილისიდან წერილი მიიღო. იმხანად, 1870 წლის შემოდგომაზე, თბილისში ახალგაზრდების ჯგუფმა, რომელთა მიზანი იყო ქართული თეატრის განახლება, შექმნეს ეგრეთ წოდებული “არტისტული წრე”. 23 ნოემბერს ჩითახოვის სახლებში ამ წრის წევრებმა წარმოადგინეს გიორგი ერისთავის კომედია “ძუნწი”, რაფიელ ერისთავის მიერ რუსულიდან გადმოკეთებული ვოდევილი “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს” და ილია ჭავჭავაძის “გლეხთა განთავისუფლების პირველდროების სცენები”. აი, სწორედ ამ საღამოზე იყო მიწვეული ილია. საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩენილა, განსაკუთრებით ილიას “სცენები” მოსწონებიათ, როგორც აღნიშნავს გაზეთი “დროება”. რეცენზენტი წერდა: ყოველი სიტყვა მოქმედი პირებისა და ყოველი მათი მიხვრა-მოხვრა თვით ნამდვილი ცხოვრებიდან გამჭრიახე თვალით არის შენიშნული და ხელოვნური კალმით დაწერილი, აი, ნამდვილი მიზეზი იმისა, რომ სცენები ასე მოეწონა საზოგადოებას.” ასე რომ, დუშეთში ნანახი და განცდილი ილიამ თბილისელ მაყურებელს “სცენების” საშუალებით გააცნო. ამის შემდეგ გადის რამდენიმე დღე და გიორგი წერეთლის სახლში ილია ჭავჭავაძე კითხულობს “კაცია-ადამიანს?!”. ეკატერინე გაბაშვილის 900-იან წლებში დაწერილი მოგონება იმ საღამოს შესახებ: “1869 თუ 70 წელს, - წერდა ეკატერინე გაბაშვილი, - საშობაოთ ქალაქში ჩამოველ და უდიდესი სადღესასწაულო საჩუქარი მივიღე. განსვენებული გიორგი წერეთელი თავის სახლში იწვევდა თბილისის მცხოვრებ შეგნებულ ქართველობას: ილია ჭავჭავაძე წაიკითხავს თავის “კაცია-ადამიანსო”, იწერებოდა მოსაწვევ ბარათში. მეც, თვრამეტი წლის ქალი, ერთი-ორი სტრიქონის დამჯღაბნი, ქართველ შეგნებულ წრეში მოვექციე, ჩემს აღტაცებას, სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, რომ მისრულდებოდა უდიდესი ნატვრა: “მგზავრის წერილების” ავტორის ნახვა (“მგზავრის წერილები” 1870 წელს გამოქვეყნებული არ იყო, ამდენად მოგონების ავტორს ან გადავიწყებია ეს ფაქტი, ან შესაძლოა ხელნაწერში ჰქონდა იგი წაკითხული, რაც ნაკლებად არის სავარაუდო, - ნ. გ.), ჩემი გონების გამოღვიძების და იდეალების ჩამსახველის გაცნობის სურვილი. “ვინც ლუარსაბის და დარეჯანის სახეში თავის თავს იცნობს, ვინც ლუარსაბზედ დაწერილს თავის თავზედ მიიღებს, ის, რასაკვირველია, ლაფის სროლას დაიწყებს და გიჟიას დაუძახებს ამ მოთხრობის უხეირო დამწერსა. ეს კი კარგად იცოდნენ ყველამ, რომ ჩვენ პიროვნებასთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ. სხვამ რაც უნდა სთქვას, მე კი ამ სიტყვების სიმართლით გავამხნევებ ჩემს თავსა: “მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო”. სადა ხარ ეხლა ამ გონიერი სიტყვების მთქმელო? ვიცი სადაც ხარ! ხალხში ხარ, უხილავო, და ხალხისა ხარ, ისიც ვიცი, რაც გქვიან: შენ ხალხის გენიას გეძახიან; ისიც ვიცი რა თვისებისაც ხარ, შენ და მხოლოდ შენ უკეთებ გულს იმას, “ვისაც სხვისთვის” გული სტკივა, მაშინაც კი უკეთებ, როცა თვით ის “სხვანივე” თავიანთ გულშემატკივარს ცოდვად უთვლიან გულის ტკივილს. რა უყოთ? ზოგი გულის ტკივილს იმით იჩენს, რომ მოყვარეს ცუდს უქებს და ზოგი იმითი, რომ ცუდს უწუნებს, ამ ორგვარ ხალხში რომელს უფრო მეტი და ჭეშმარიტი გულის ტკივილი და სიყვარული აქვს, ეს თვითონ მკითხველმა გამოიცნოს”. ასე დაიწყო წინასიტყვაობა ბრწყინვალე, მშვენიერმა, ყოვლის ადამიანის ღირსებით შემკულმა და ღვთისაგან მირონცხებულმა ვაჟკაცმა და მსმენელები მოხიბლა, მე, მე კი ისედაც ეკსტაზამდინ მისული მისი თაყვანისმცემელი, ფანატიკოს თაყვანისმცემელ მონად გადამაქცია.”

1870 წელს ქრისტეშობის წინ, 23 დეკემბერს კიდევ ერთი შინაური საღამო-წარმოდგენა ჩატარდა. სცენიდან კითხულობდნენ ილიას ლექსს “იანიჩარი”. ილია ნაღვლიანად ისმენდა საკუთარ სტრიქონებს:

ვსთქვი თუ ვისთვის შენ კისკასობ ვისთვის იჩენ სიმარდესა? შენი რაა, რომ ამშვენებ შენს დამღუპველ ოსმალეთსა?

იანიჩარობა და მამელუქობა მუდამ იყო საქართველოს ტრაგედია, მისი მოურჩენელი იარა. ქართველი იანიჩარები მუდამ ამშვენებდნენ საქართველოს “დამღუპველ ოსმალეთს”. არ შეიძლებოდა, ამას არ ჩაეფიქრებინა ილია. დარბაზშიც თითქმის ყველამ იცოდა, რა ოსმალეთი, რა იანიჩარი, ეს ხომ ცენზურას შეაპარა, თორემ ლექსი იმპერატორის მსახურ “კონვოებზე” დაიწერა და შენს დამღუპველ ჩრდილოეთსაო, ხელნაწერში ასე მთავრდებოდა.

იმ წელიწადს მას 33 შეუსრულდა.

ჯერ შორს იყო გოლგოთა, მაგრამ წიწამურში უკვე იდგნენ ის ხეები, რომლებიც 37 წლის შემდეგ თანამდევი სულის ხორციდგან გაყრის მოწმენი გახდებოდნენ.

25 აპრილი 1987 წ. - 12 სექტემბერი 1987 წ.

ნოდარ გრიგალაშვილი

გაგრძელება.

დასაწყისი ¹¹20-44.

 

1870

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

 

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი