ამონარიდი 2041 წელს დაწერილი "ქართველი კაცის მემუარული ანთოლოგიიდან":
24 საათი 05.02.10

ამონარიდი 2041 წელს დაწერილი "ქართველი კაცის მემუარული ანთოლოგიიდან":
"ახალგაზრდები გვეკითხებიან: ნუთუ თქვენს დროს მართლაც გმირებად იწოდებოდნენ ისინი, ვინაც შიშველი ხორცი გამოაჩინა ეთერში? ვინაც შიშველი ძუძუი დასდვა ეროვნულ კინო და ტელე-ეკრანზე და ვინაც თამამად ილაპარაკა ამ ტელე-ეკრანებითგანვე საკუთარ სექსოპათიკურ გამოცდილებაზე?
ნორჩებს არ სჯერათ, რომ ჩვენს დროს მცირედლიბერალმორწმუნენი გმირებად და წამებულებად მოვიხსენიებდით ყველა იმ დედაკაცს, ვინც შიშველი ხორცის გამომზეურებას არ თაკილობდა და ვისაც ალალად შეეძლო ეთქვა: დიახ, მე გავიხადე, დიახ, მე გავანაწყენე ამით დედაი და ბაბა, ძმაი და ბიძაშვილები ანზორ და გოგი (ვთქვათ!), მაგრამ მაინც გავიხადე!
ნორჩებმა არ იციან, რომ ჩვენც გვყავდა ჩვენი დროის გმირი წამებულები...
ერთ-ერთი ასეთი, მაგალითად, გახლდათ გმირი-ქალი შორენა (დღეს მისი სახელობის სკვერიც კი არსებობს გლდანულას მეტროსთან)! უგვირგვინო მეფის მიერ წამებული ქართველი ქალი, რომელმაც ჯერეც უდღეურ ჟურნალ-გმირ "მოთამაშე ჯეილის" ("პლეიბოის" ესე იგი) ფურცლებზე დასდვა თამამად ძუძუნი ამა ქვეყნისანნი, ხოლო მერთმეთ და მერმეთ კაცთა და ქალთა სექსოლიბრისტიკულ განათლებას შეუდგა ერთ-ერთ ოდინდელ ტელევიზიაში.
გმირი იყო, აბა რა! დიდი კოწიეს შორენა კოლონკელიძესავით მეფის სიყვარულს კი არ გადაჰყოლია, უგვირგვინო პერვერტ-მეფეს (ნახევრად ესპანოიდს, სხვათა შორის!) წიხლი ჰკრა და გმირული ტელემასაჟით, გმირული ღია საუბრებით, გმირული სითამამით აღგვაღტაცნა.
ამიტომაც იცის დღეს ყველა სკოლის მოსწავლემ გმირი-ქალი შორენას სახელი, ამიტომაც ძევს ყველა დღევანდელ სკოლაში მისი მსხვილი ბიუსტი და ამიტომაც ემადლეირებიან მას ჩემი თაობის პროგრესული მოხუცები.
მაგრამ მხოლოდ გმირ-ქალ შორენას არ დაუდვია თავი (და ძუძუი) სამსხვერპლოზე... სხვა წამებულებიც გვყავდნენ.
ხსენებული დიდი კოწიეს "დიდოსტატის მ.-ს" 100 წლის წინანდელ ეკრანიზაციაში, მაგალითად (შორენა კოლონკელიძე ტყუილად არ მიხსენებია!), უსახელო გმირმა კოსკოდიორმა ქალმა მსახიობ ლეილა აბაშიძის მაგივრად წარმოაჩინა მარმარილოსებრ ფითქინა ძუძუ და ამ აქტით მაშინათვე შეუერთდა უსახელო წამებულთა არმიას...
გვახსენდება ვინმე კიკუს კოსკოდიორის შიშველი ხორციც კინოფილმ "დავით თუთაშხიადან"... ესეც უსახელო გმირი-ქალია, მაგრამ მაინც უზომოდ პატივნაგებია ჩვენგან.
იყო პროფილური (ანუ გვერდიდან დანახული) ძუძუც მსახიობ ი. ნინიძისა ძველთაძველ კინოფირ "მონანიე ვარლამში". იგიც უპირველესი გმირია ჩვენთვის და ქედს ვიხრით ამ პროფილურობის (ესე იგი, გვერდეხიდან დანახული მკერდგულის) წინაშე...
გვახსენდება ყოვლად უნიჭო ფილმიც "რევერსი, ანუ როგორი ცუდი რეჟისორები ვიყავით", სადაც მსახიობმა მარისიამ (თუ სწორად მახსოვს, ამ გმირ-ქალს ასე ერქვა) დიდი სათნოებით წარმოგვიჩინა ტევადი ხორცი და ოდნავ მორიდებული, მაგრამ მაინც სანახაობრივად მსუყე ოთხჯერადი სექსოპანორამით გაგვაოგნა...
ვშიშობ, ბევრი წამებული გამომრჩება, მაგრამ მთავარი მაინც არასდროს გაჰქრება ჩვენი მეხსიერებიდან: მათი შიშველი ხორცი არ დაგვავიწყდება სიკვდიმდე! რამდენი ამუნათეს, რამდენი ჰგმეს, რამდენი წყევლეს, მაგრამ გმირები მაინც გმირებად დარჩნენ...
დღეს რომ ქართველი არ გადაშენებულა, ვფიქრობ, ესეც ამ წამებულ ქალთა დამსახურებაა, რადგან სწორად ითქვა ოდესღაც (დღეს ეს სიტყვები ყველა დღევანდელმა მოსწავლემ ზეპირად იცის): "იყვნეს სექსი, იყვნეს სექსი, ბიჭები ერთმანეთს აღარ დაჭრიან და გენოფონდს პრობლემები არ შეექმნება".
ჭეშმარიტად ასეა! დიდება მათ და დიდება ამ სიტყვებს!