სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში ვერდის "რეკვიემი" შესრულდა და ორმაგად სასიხარულოა ის, რომ კონცერტში თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი და გუნდი მონაწილეობდა.
24 საათი 04.02.10
სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში ვერდის "რეკვიემი" შესრულდა და ორმაგად სასიხარულოა ის, რომ კონცერტში თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი და გუნდი მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ ოპერის თეატრის რემონტის გამო ხელმძღვანელობა შემოქმედებითი საქმიანობას არ წყვეტს და იმედია, არც ორკესტრს და არც გუნდს, ამ მხრივ, პაუზა არ ექნება. სოლისტებზე ოდნავ ქვევით ვისაუბრებ.
საქართველოში ვერდის "რეკვიემი" არაერთხელ შესრულებულა და ვისაც კლასიკური მუსიკა უყვარს ყველამ კარგად იცის ეს რა სირთულის ნაწარმოებია. ესპანელი დირიჟორის მარიანო რივასის მთავარი მიზანი მუსიკის ახლებური და რა თქმა უნდა მისეული ინტერპრეტაციის წარმოდგენა იყო. შეიძლება ეს ჯერ კიდევ პროფესიული მოუმწიფებლობით ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ დირიჟორის მანუალური ტექნიკა არც ისე დახვეწილი იყო. ხელების ზედმეტი მოძრაობა ვერ გადმოსცემდა შესაბამის მუხტს. ორკესტრისა და გუნდის შესრულებიდან იმის დასკვნა შეიძლება, რომ ისინი მხოლოდ "შესვლა-არ შესვლის" დროს გრძნობდნენ. აქვე აღვნიშნავ, რომ თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრი შეიძლება ერთ-ერთი გამორჩეული ორკესტრი გახდეს, თუ მის სათავეში გამოცდილი დირიჟორი ჩადგება, ოღონდ დირიჟორი, რომელიც პერმანენტულად იმუშავებს და არა ცალკეულ კონცერტებსა თუ პროექტებზე შეხვდება შემოქმედებით ჯგუფს. უცხოელ, კარგ დირიჟორთან საინტერესო იქნება მუშაობა, თუმცა კარგი და გამოცდილი დირიჟორისთვის თბილისის ოპერის თეატრი, მაინც მეორეხარისხოვანი სამსახური იქნება, მოგვეწონება ეს ჩვენ თუ არა, მას თვალი მაინც საზღვარგარეთის თეატრის სცენებისკენ ექნება მიმართული. ქართველი ვოკალისტები არ რჩებიან აქ დიდი ხნით უცხოელებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ. შემოქმედებითი ინტერესი, შემოქმედებითი პირობები, აი ესაა მთავარი, რომ დააინტერესო უცხოელი ხელოვანი. ოპერის თეატრი შეიძლება წინ წაწიოს, ისიც თვეების განმავლობაში დაუღალავი შრომითა და მუდმივი სარეპეტიციო რეჟიმით, მაგრამ თვითონ ის რას შეიძენს აქ? ეს მნიშვნელოვანი შეკითხვაა. გავიხსენოთ, თუნდაც ქართული ფეხბურთი, დიდი პატივისცემით მოიწვიეს უცხოელი, გამოცდილი და ცნობილი მწვრთნელი, მაგრამ შედეგი, მაინც ნულის ტოლფასი იყო.
ამგვარად, ორკესტრს დიდი პოტენციალი აქვს და მას პრინციპული და დისციპლინის მოყვარული დირიჟორი სჭირდება. სასიამოვნოდ საყურადღებოა ისიც, რომ ამ მხრივ სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა და მთავარი დირიჟორის თანამდებობა ახლა თავისუფალია. ბოლო რამდენიმე წელი ორკესტრისა და სოლისტების დონე მაღლა არ მიიწევდა, ამან მნიშვნელოვნად დახია თეატრის მხატვრულ-შემოქმედებითი ხარისხი.
დირიჟორმა ორკესტრანტს დაკვრა კი არ უნდა ასწავლოს, არამედ მან მას ნაწარმოების ახლებური ინტერპრეტაცია უნდა შესთავაზოს. კონცერტის დროს იყო, ისეთი მომენტები, როდესაც მთლიანად მ.რივასს ვერ დავადანაშაულებდით, როგორც დირიჟორს. მაგალითად, რეკვიემის ერთ-ერთი ნაწილი "ოფერტორიო" ჩელოების პარტიით იწყება. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ინსტრუმენტები აწყობილი არ ჰქონდათ, თუმცა უფრო რთული მდგომარეობა ლითონის ჩასაბერ ჯგუფში შეიმჩნეოდა. წლების განმავლობაში, როდესაც ორკესტრანტს არ სთხოვდნენ, რომ მუდმივად ფორმაში ყოფილიყო, ისიც დაშორდა პროფესიულ ჩვევებს და ეს ორკესტრსაც დაეტყო.
ჩვენ ვიცით, რომ ვერდი საოპერო კომპოზიტორია და ამ ნაწარმოებში ეს კარგად ჩანს. მასში მძაფრად არის გამოხატული მუსიკალური ხასიათები, განწყობა; იგი დრამატურგიულადაც კი აგებს მთელ ნაწარმოებს. რაც შეეხება მ. რივასისეულ ხედვას, აქ ნაკლებად იგრძნობოდა მესისთვის დამახასიათებელი სიღრმე, დატვირთვა. ერთი და იგივე მუსიკალურ თემას იგი ერთი და იგივე ტემპში და ფერებში გადმოსცემდა. მან მუსიკა ერთ სიბრტყეზე წარმოაჩინა, მაგრამ არსებობს ისეთი ნაწარმოებები, რომელსაც ცუდი შესრულება ვერ აკნინებს, ასეა დრამატულ თეატრშიც, ქორეოგრაფიაშიც და ასეთი ნაწარმოებია ვერდის "რეკვიემიც". მუსიკა, მაინც რჩება სიმაღლეზე, როგორი შესრულებაც არ უნდა იყოს. სწორედ ეს აღმოჩნდა იმის მიზეზი, რომ დარბაზში მსმენელი ბრავოს იძახდა. იმედი მაქვს ამის მიზეზი თვითონ ვერდის "რეკვიემი" იყო და არა მ. რივასის ინტერპრეტაცია.
გაურკვეველი იყო მუსიკალური გადასვლები; დირიჟორი ორკესტრსა და გუნდს კულმინაციისთვის არ ამზადებდა, ამიტომაც მუსიკა აღარ იყო მრავალფეროვანი. სრულიად გაუმართლებელი ტემპები და ნიუანსები ნაწარმოებს უნიკალურობას უკარგავდა. ერთ-ერთმა ცნობილმა დირიჟორმა თავის ინტერვიუში განაცხადა, - არასდროს ვცდები და ვაბიჯებ იმას, რაც უწერია კომპოზიტორს. გენიალურ კომპოზიტორებს, ყოველთვის ყველაფერი უწერიათ, ისინი არცერთ ნოტს უშვებენ უყურადღებოდ და მათთვის ნებისმიერი დეტალი უმნიშვნელოვანესია. მ. რივასი ნაკლებად მიჰყვა ვერდის მუსიკას და მითითებებს, მეტიც, როდესაც არმაზ დარაშვილი "ინჯემისკოს" ასრულებდა, დირიჟორს სოლისტი თითქოს დაავიწყდა და ორკესტრის პარტია ზედმეტად წამოსწია წინ.
სოლისტები იყვნენ: მარიამ ქობალიანი (სოპრანო), ელენე პუტილოვა (მეცო სოპრანო), არმაზ დარაშვილი (ტენორი) და ლეგი იმედაშვილი (ბანი). ვერცერთმა მომღერალმა წარმოაჩინა ვოკალურად გამართული შესრულება. ანსამბლურობის ნაკლებობა, უსუფთაო ნოტები და დაუხვეწელი საშემსრულებლო ტექნიკა ხელს უშლიდა თითოეული ნიუანსი და ფრაზა სათანადოდ გაჟღერებულიყო. "რეკორდარეში" სოპრანოსა და მეცო სოპრანოს ჰქონდათ იმის მცდელობა, რომ ეს სირთულე გადაელახათ. მათ შედარებით დაძლიეს ეს, მაგრამ ამ ბოლო დროს ვოკალისტებზე ხშირად ისმის "შედარებით კარგია", ან "შედარებით უკეთესია". ეს სირაქლემას პოზიციას ჰგავს, რეალობაში კი ყველაფერს თავისი სახელი აქვს და ამას არც მომღერლები აღიარებენ და არც ირგვლივმყოფნი.
პათეტიკა შორს იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სოლისტთა ერთმანეთის მიმართ კოლეგიალურ და ეთიკურ დამოკიდებულებაზე მიდგება. ერთი სოლისტის არასწორ ნამღერზე, მეორე სოლისტი, კონცერტის დროს, რეაქციებს არ უნდა აკეთებდეს და ამით, დირიჟორს "ეკეკლუცებოდეს", როგორც განსწავლული ვოკალისტი. თითოეულმა მომღერალმა უნდა იფიქროს, მხოლოდ მის შეცდომებზე და მის სიმღერაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საშემსრულებლო ხელოვნებას სათანადო დონეზე ვერ ფლობს.
ვერდის "რეკვიემი" ძალიან ხშირად სრულდება საქართველოში, თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრსა და გუნდსაც არაერთხელ შეუსრულებია და საკმაოდ მაღალ დონეზეც, თუმცა 1 თებერვლის კონცერტი მათ რიცხვში არ შედის. ჩვენს ოპერის თეატრში ბევრი კარგი მუსიკოსია და ვიმედოვნებ ეს უფრო და უფრო კარგად გამოჩნდება.
ქეთევან მელიქიშვილი