რა არის ჩვენი სავიზიტო ბარათი?
24 საათი 04.02.10
რა არის ჩვენი სავიზიტო ბარათი?
სხვა საგანძურთან ერთად, ხუროთმოძღვრული ძეგლები, რომლებიც ქართველების ოსტატობაზეც მიუთითებენ და სარწმუნოებაზეც.
ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების გადასარჩენად შეიქმნა სააგენტო, რომლის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა გუშინ მედიის წარმომადგენლებს გასული 5 წლის ანგარიში ჩააბარა და ამ სფეროს 2010 წლის პრიორიტეტებიც გააცნო.
ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის თანდასწრებით ისაუბრა იმაზე, რაც ცენტრის ინიციატივითა და ძალისხმევით გაკეთდა. თუმცა, ყურადღება მაინც 2010 წლის პრიორიტეტულ პროექტებზე გაამახვილა. ისინი, როგორც შევიტყვეთ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
შეკითხვაზე, რამდენია წლის ბიუჯეტი და რაზე გადანაწილდება ის, გვიპასუხეს, რომ 4 მილიონიანი ბიუჯეტი ძეგლთა რეაბილიტაცია-პოპულარიზაციას, მუზეუმ-ნაკრძალებში თანამედროვე ინტეგრირებული ინფრასტრუქტურის შექმნა-რეაბილიტაციას, კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და კულტურული მემკვიდრეობის განვითარებაში საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალი თაობის ჩართვასა და მათ მონაწილეობას მოხმარდება.
ზემოთ ჩამოთვლილთაგან ძეგლთა რეაბილიტაცია და პოპულარიზაცია ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლების (ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა, არქეოლოგია) რეაბილიტაციას, ქართულ და უცხოურ პერიოდულ გამოცემებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ შემეცნებითი ხასიათის მასალის გავრცელებას, მუზეუმ-ნაკრძალებში თანამედროვე ინტეგრირებული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოზე დაქვემდებარებულ 14 მუზეუმ-ნაკრძალში ეტაპობრივი სამუშაოების განხორციელებას ინტეგრირებული ინფრასტრუქტურის შექმნისა და რეაბილიტაციის მიზნით, კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა - საქართველოს მუზეუმ-ნაკრძალებში საზოგადოებრივ-საინფორმაციო სივრცის შექმნასა და სხვადასხვა სახის აქტიობების განხორციელებას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კულტურულ-მემკვიდრეობის ზონებში ტურისტული მარშუტების დაგეგმვას, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და კულტურულ მემკვიდრეობის განვითარებაში საზოგადოების მონაწილეობა - საქართველოს უკეთ გაცნობის მიზნით, საშუალო და მაღალი პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლებლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებას და ა.შ.
"აი, როგორ მოექცა ჩვენი ერთმორწმუნე მეზობელი ნიქოზის ტაძარს", - აღნიშნა ნიკოლოზ რურუამ, როდესაც ეკრანზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მიზეზით დაბომბილი ნიქოზის ტაძრის ფოტოები ნახა.
ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ყურადღება გაამახვილა გელათის პროექტზე, რომლის ერთ კომპონენტზე, უფრო კონკრეტულად კი აკადემიაზე, მუშაობაც დასრულებულია, მაგრამ კომპლექსში გასაკეთებელი ბევრია, ასევე, ალავერდის ტაძარზე, რომელზე მუშაობაც კონსტრუქციული სირთულეებით გამოირჩეოდა. ამ ცოტა ხნის წინათ იქ ერთ-ერთი ასურელი მამის, იოსებ ალავერდელის საფლავიც აღმოაჩინეს. რაც შეეხება ატენის სიონს, გერმანულ-ქართული პროექტის ფარგლებში უკვე მოხერხდა ძეგლის გადახურვასთან და კონსტრუქციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა. ახლა ფრესკებსაც მივხედავთო, გვითხრა ცენტრის გენერალურმა დირექტორმა. მისი თქმით, რამდენიმე ძეგლი ისეთია, რომელსაც ერთი შეხედვით არაფერი სჭირს, მაგრამ მოითხოვს დახმარებას. მათ შორის აღმოჩნდა გურჯაანის ყველაწმინდა, რომელსაც ინექციის ხანგრძლივ და შრომატევად სამუშაოებს ჩაუტარებენ.
"სვეტიცხოველს თუ ხარაჩოებში ჩასმულს დაინახავთ, არ გაგიკვირდეთ. მას საგანგაშო არაფერი სჭირს, მაგრამ განსახორციელებელია დიგიტალიზაციის პროექტი, რომელიც ძეგლის აზომვასა და მისი თითოეული კვადრატის მდგომარეობის შესწავლას ითვალისწინებს. ეს არის ჩვენი ვალდებულება "იუნესკოს" წინაშე", - განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.
"იუნესკოს" ხსენებაზე გაგვიჩნდა კითხვა, რომელიც ბაგრატის ტაძრის მდგომარეობასა და ბედს უკავშირდებოდა, რაზეც გვითხრეს, რომ საქართველოში "იუნესკოს" ექსპერტები ჩამოვლენ და კონკრეტულ მითითებებსაც მოგვცემენო… შეხვედრაზე დამაჯერებელი პასუხი ვერ მოუძებნეს შეკითხვას, რომელიც თბილისში ერთ-ერთი სომხური ეკლესიის ჩამონგრევის ფაქტს ეხებოდა. ამის გარდა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ისაუბრა ტაბაკინის, ზემო სვანეთის, გრემის, უფლისციხის და სხვა ისტორიული ძეგლების დაზიანებებზე, საკითხებზე, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია იმისათვის, რომ ისინი გადარჩნენ.
ხუთწლიანი ანგარიშისა და 2010 წლის პრიორიტეტების გაცნობის გარდა, ახალი ალბომის, სახელწოდებით "ძეგლთა რეაბილიტაცია - გუშინ - დღეს", პრეზენტაციაც გაიმართა. მასში ათეულობით ძეგლის ძველი და ახალი ფოტოებია შესული. მათ შორის ახლები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ცენტრის მიერ "განახლებულ" ნიმუშებს ასახავენ.