"ილია ჭავჭავაძე უკანასკნელი საჩუქარია გვაროვნული არისტოკრატიის წრიდან" კონსტანტინე გამსახურდია
24 საათი 03.02.10
"ილია ჭავჭავაძე უკანასკნელი საჩუქარია გვაროვნული არისტოკრატიის წრიდან" კონსტანტინე გამსახურდია
1838 წლის დასაწყისში გრიგოლ ჭავჭავაძე დადარდიანებული თბილისს გაემგზავრა. დადარდიანებული, რადგან უოქმო საქმე საოქმოდ გაუხდიათ. თავად-აზნაურთა სადეპუტატო საკრებულოში განცხადების შეტანა სურს, რათა თავადების სიაში ჩარიცხონ მისი შვილები, ხოლო თუ ღმერთი გაწყრა და მათ თავადის წოდება არ უბოძეს, ერთხელ და სამუდამოდ გადაეკეტებათ ადამიანური ცხოვრების გზა. ვინც თავადად ან აზნაურად არ არის დაბადებული, ცხოვრების სიკეთე და სიამე მისთვის არ არსებობს. მისთვის სწავლაც მიუწვდომელია, თანამდებობაც, სახელიცა და ღირსებაც. ასეთია ბატონყმური ცხოვრების დოგმადქცეული წესი. "კეთილშობილნი" ოდენ არისტოკრატული გვარების წარმომადგენლებს ჰქვიათ. გლეხი თავადის მოკვლისათვის სიკვდილით ისჯება, თავადი კი, თუ გლეხს გამოასალმებს წუთისოფელს, მხოლოდ ჯარიმდება.
"რა წაიქცეს გლეხი კაცი, საქართველო დაძაბუნდეს"-ო, - ჩვენმა მეფეებმა თეორიულად ეს კარგად იცოდნენ, მაგრამ, დალოცვილი, ესეც მეფის "სამართლიდან" არის - "გლეხისა ყოველივე ბატონისა არს, გარდა სულისა".
XIX საუკუნეში გლეხკაცის ცხოვრება სულ გაუბედურდა. ერთის ნაცვლად ორი გაუბატონდა: შინაური და გარეული, თავადი და ჩინოვნიკი.
საარქივო დოკუმენტებში დაცულია ცნობა: ერთმა მზარეულმა იმპერატორს თხოვნით მიმართა, რათა ნება მიეცათ, გიმნაზიაში მიებარებინა შვილი. მის უდიდებულესობას კი აღშფოთებულს მიუწერია მზარეულის განცხადებაზე: რუსეთის საქმე მაშინ წახდა "კუხარკის" შვილებმა სასწავლებლის გზა რომ ისწავლესო! "მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანის ცემა ღირსებას! ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარის შვილობას!" - თეორიულად, ასე ფიქრობდა ქართველი თავად-აზნაურობის მოწინავე ნაწილი, პრაქტიკულად კი... საქართველო მაშინ დაიღუპა, უგვარო აზნაურები რომ წამოგვასხდნენ თავზეო, განაცხადა ზემოთ მოყვანილი დიდებული სტრიქონების ავტორმა 1864 წელს, როცა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად აბაშიძეების ყოფილ აზნაურს, დიმიტრი ყიფიანს ირჩევდნენ. გვაროვნული და წოდებრივი უპირატესობის გრძნობა იმდენად შესისხლხორცებული ჰქონდათ ჩვენს დიდგვაროვან თავადებს, რომ "უსახელო აზნაურების" არჩევნებისას, შეურაცხყოფილნი მიატოვებენ სხდომას გენერლები: ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი, გიორგი რომანოზის ძე ერისთავი, ივანე შალიკაშვილი, მიხეილ გაბრიელის ძე ყაზბეგი (ალ. ყაზბეგის მამა), ალექსი დიმიტრის ძე საგინაშვილი; მათთან ერთად 29 კაცი, ხოლო გრიგოლ ორბელიანი, სიტყვით რომ ნიჭისა და ღირსების მიხედვით მოითხოვდა ადამიანის დაფასებას, აზნაურის წინამძღოლის თანამდებობაზე არჩევამ ისე შეაძრწუნა, ლოგინში ჩავარდა და თვენახევარს იწვა. მეფისნაცვალი, დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე, ხშირად ნახულობდა მას და ამშვიდებდა, ყიფიანს არ დაამტკიცებენო. აზნაურის გადიდკაცება თუ ასე აღელვებდა, ადვილი წარმოსადგენია, როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ გლეხებისადმი. ერთი სიტყვით, ბატონყმური ცხოვრების პირობებში, განსაკუთრებით - XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თავადობა ერთადერთი გარანტია იყო (თუ გამონაკლისს არ მივიღებთ მხედველობაში) თანამდებობრივი იერარქიის მაღალ საფეხურზე ასასვლელად.
XIX საუკუნეს განსაკუთრებით გამოვყოფ ერთი გარემოების გამო: ადრე, როცა საქართველოს სატახტო ქალაქი თბილისი იყო, ქვეყანას ქართველი მეფე მართავდა. გლეხს შეეძლო აზნაურობაზე ეოცნება და აზნაურს - თავადობაზე, რადგან მამულისა და მეფისათვის დანთხეული სისხლი, მსხვერპლის გაღება, მეფისგანვე უფასდებოდათ. XIX საუკუნეში კი ხელმწიფე-იმპერატორი ძალზე შორს იყო საიმისოდ, რომ რომელიმე ქართველის თავდადება შეემჩნია და წოდება ებოძებინა მისთვის... ამიტომ აზნაურობისა და თავადობის მაძიებელთ XIX საუკუნეში სხვა ხერხს მიმართეს. გაჩნდნენ ფალსიფიკატორები. ისინი ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს, რომელთაც გარკვეული გასამრჯელოს ფასად ურიგებდნენ ტიტულის მაძიებელთ. ახალი მმართველების მოტყუება ადვილი იყო. მათ არათუ ქართული გვარების წარმომავლობაზე, თვით საქართველოს შესახებაც ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ. ასეთ სიტუაციაში სიყალბე, სიცრუე კანონად იქცა. ვისაც სურდა, ჩოლოყაშვილი ხდებოდა, ვისაც სურდა - ორბელიანი. თუ ძალიან მოინდომებდნენ და დიდ გასამრჯელოს გაიღებდნენ, ბაგრატიონობის დამადასტურებელი სიგელიც შეეძლოთ ხელში ჩაეგდოთ. ყველაფერი ფულსა და მარიფათზე იყო დამოკიდებული. ერთიც და მეორეც უხვად ჰქონდათ მიმადლებული განგებისაგან თბილისელ ჩარჩ-ვაჭრებს, რომელნიც გვარ-ტომობით არაქართველნი იყვნენ.
1830 წელს ყალბისმქმნელთა ჯგუფი აღმოაჩინეს. პეტერბურგის წინაშე ეჭვქვეშ დადგა თითქმის ყველა ქართველი აზნაურისა თუ თავადის ვინაობის საკითხი. სიმართლის დასადგენად დაარსდა სპეციალური კომისია, რომელმაც ათ წელიწადს იმუშავა და ვერაფერი ვერ დაადგინა. დიმიტრი ყიფიანი "მემუარებში" დაწვრილებით აღწერს შექმნილ ვითარებას: საქართველოს თავად-აზნაურთ ავტორიტეტულად განუმარტეს, რომ პეტერბურგში სენატის წინაშე ვინც ვერ დაამტკიცებდა სადეპუტატო საკრებულოს მეშვეობით თავის თავადობას ან აზნაურობის ღირსების უფლებას, ის მოხარკე წოდებაში იქნება გადარიცხულიო.
ეს, მაშინდელი მსოფლმხედველობით, არ შეიძლებოდა საშინელ მუქარად არ მოსჩვენებოდათ და არ მოენდომებინათ მისი თავიდან აცილება, რა საშუალებითაც უნდა ყოფილიყო.
და აამუშავეს ყოველი ღონისძიება: თუ თხოვნები, თუ ფული, რაც კი გააჩნდათ, თუ ძველებური ოქრო-ვერცხლის სამკაული ოჯახისა, ოღონდ კი როგორმე მიეღოთ წერილობითი საბუთი: გამოამზევეს გაყვითლებული დოკუმენტები; განვითარდა მათი ფალსიფიკაციის დანაშაულობა...
გამოვიდა უქაზი, რომლითაც სახელმწიფო საბჭოს მოსაზრებაზე დაყრდნობით შემოღებული იქნებოდა ისეთი გვარიშვილებისთვისაც კი, როგორიც არიან ერისთავები, ანდრონიკაშვილები, ამილახვრები, აბაშიძეები და მრავალი სხვა.
აზნაურობის უფლების მიღებისათვის თხოულობდნენ ამ უქაზით:
1. წარმოედგინათ ღრამატა თავადობის ან აზნაურობის ღირსების ბოძებისა;
2. სინამდვილე და უეჭველობა ამ ღრამატისა უნდა დამტკიცებულიყო მთავრობისთვის ცნობილი ორმოცდარვა თავადისა და აზნაურის მოწმობით, რომელიც წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ფიცის ქვეშ თავად-აზნაურთა დეპუტატობის საკრებულოს თანდასწრებით;
3. თუ ბოძებული ღრამატა თავადობაზე ან აზნაურობაზე დაკარგული იყო, უნდა წარმოედგინათ იმნაირადვე და იქვე, მაზრის ყველა თავად-აზნაურთაგან და ზოგს შემთხვევაში მთელი გუბერნიის თავად-აზნაურთაგანაც ჩვენება იმის შესახებ, რომ იმათ პირადად იციან, რომ ესა და ეს ღრამატა "ამადაამ მეფისა, ამდაამ პირზე ბოძებული და რომ ის დაიკარგა ამდაამ დროს, ამდაამ შემთხვევისა გამო და ყოველივე ეს ამრიგად უნდა გატარებულიყო თვითოეულ გვარზე ცალ-ცალკე."
ნიკო ლორთქიფანიძე ბრძანებდა: იმერეთში რამდენიც კორტოხია, იმდენივე ბატონი არისო. აბა წარმოვიდგინოთ, რა დღეში ჩავარდებოდა პატარა ქვეყნის მრავალრიცხოვანი თავად-აზნაურობა ზემონახსენები "უქაზის" გაცნობის შემდეგ. დიდად გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ იმ წლებში ნახევარი საქართველო გაცრეცილი სიგელ-გუჯრების ძიების ცხელებით იყო შეპყრობილი. ამ სიგელ-გუჯრების მოძიება კი თითქმის შეუძლებელი ხდებოდა, რადგან საქართველოს დინასტიურ მეფეს არ შეიძლებოდა პირადად არ ცნობოდა თავისის თავადაზნაურობა და ამიტომ არისტოკრატიული გვარების წარმომადგენლები წყალობის სიგელების შენახვაზე დიდად არ ზრუნავდნენ. ის კი არა, ერთ დროში ჩვენში არსებული ეტიკეტის მიხედვით მაღალი წოდების პირი არც პირად და არც წერილობით მიმართვაში არ შეიძლებოდა თავადად მოხსენებულიყო. ამ "ეტიკეტის" საფუძველი ასეთი რამ გახლდათ: "განა ვისთვის არის ეს ახალი, რომ თავადი ვარ ან აზნაური, ან ვინ არ იცის ეს?" ამ სკვითების შეკითხვაზე ხომ მთლად გულზე სკდებოდნენ, რადგან ზოგთა გვარს უფრო დიდი ხნის ისტორია ჰქონდა, ვიდრე სკვითების თვით სახელმწიფოს. მაგალითად, ერთხელ, როცა მუხრანში ყაზახები თავს დაადგნენ როსტომ ბაგრატიონს, რომელიც ალექსანდრე ბატონიშვილთან კავშირში იმხილებოდა და პირადობის საბუთის წარმოდგენა მოსთხოვეს, როსტომს ქედმაღლურად მიუცია პასუხი: მე გახლავართ როსტომ ბაგრატიონი და არავითარ დოკუმენტს არ ვატარებ, რადგან ბაგრატიონთ ათას ორასი წლის სახელოვანი ისტორია აქვთ, ხოლო მე მხოლოდ 35 წლის ვარო.
გრიგოლის შემთხვევაში ქედმაღლობა საბუთად არ გამოდგებოდა. საქართველოს ახალმა მმართველებმა ამ ჩვენი თავადების ისტორია მართლა არ იცოდნენ. სწორედ ამიტომ გაემგზავრა გრიგოლ ჭავჭავაძე გულჯავრიანი თბილისს. გრიგოლმა კარგად იცოდა შექმნილი ვითარება. ჯერ კიდევ კეთილშობილთა სასწავლებელში სწავლისას მოსთხოვეს მას თავადობის დამადასტურებელი საბუთი. თან მაშინ ასე გართულებული არ იყო საქმე. ახლა კი თავადობის დამტკიცება თითქმის შეუძლებელი ხდება. თავადობა აუცილებელი პირობაა მომავალში მისი შვილების შედარებით უზრუნველყოფილი ცხოვრებისათვის. გრიგოლმა თავისი წარმომავლობის შესახებ ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იცის. იცის, რომ მისი წინაპარნი მამულისა და მეფის "ერთგულებისა, სამსახურსა შინა აღსრულეულ იყვნეს". "არა ჰრიდეთ ხორცთა თქვენთა სიკვდილად" - მადლიერების გრძნობით მიმართავდა ჭავჭავაძეებს მეფე კონსტანტინე პირველი.
გრიგოლის წინაპრები, XV საუკუნიდან მოყოლებული, უკვე აღზევებულნი ჩანან. 1914 წელს თბილისის თავად-აზნაურთა სადეპუტატო საკრებულოს არქივში ილიას თხზულებების ცნობილი გამომცემლის მიხეილ გედევანიშვილისა და სარედაქციო კომისიის წევრების თაოსნობით მოუძებნიათ საბუთები, რომელთა მიხედვით ირკვევა, რომ ილია ჭავჭავაძის გენეალოგიური შტო სწორედ XV საუკუნეში იღებს დასაბამს. ჭავჭავაძეთა გვარზე საინტერესო გამოკვლევა აქვს ლევან ასათიანს, სარგის ცაიშვილს. კახეთში ფშავ-ხევსურეთიდან ჩამოსულან. თუმცა მთაში ბარიდან, ქართლიდან ჩანან ასულები. ცერონსა და ავლევს ასახელებს გრ. ყიფშიძე. სხვათა შორის წერეთლებიც ქართლიდან, ფრონეს ხეობიდან გადასულან იმერეთში.
თეიმურაზ პირველი ჭავჭავაძეთა გვარის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენლის შესახებ ამბობდა: "იმ ტოლი კაცი იმ დროსა, მე აღარ მყვანდა მისთანა".
ჭავჭავაძეებს თავი უსახელებიათ ერეკლე მეორისა და საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი მეთორმეტის დროსაც. გრიგოლის მამა-ბიძებიც ქვეყნის სამსახურში იდგნენ. სამშობლოსათვის სისხლი ჰქონდათ დანთხეული. გრიგოლის მამა - პაატა გიორგი XII ხუთასისთავი იყო, ხოლო მისი ოთხი ძმიდან ოთხივე - სვიმონ, ალექსანდრე, გარსევან და იოსები მტრებთან ბრძოლებში დაიხოცნენ, სრულიად ახალგაზრდები. წინაპართა ქება-დიდება არაერთგზის სმენია გრიგოლს, მაგრამ გაგონილსა და მოსმენილს საბუთის ძალა არ ჰქონდა. მთავარმართებელი გოლოვინი სულ რამდენიმე თვის დანიშნული იყო და, ცხადია, ჭავჭავაძეთა გვარის ისტორიაზე მას წარმოდგენა არ ჰქონდა, ისევე როგორც "სპეციალური კომისიის" წევრებს. ერთი სიტყვით, გრიგოლ ჭავჭავაძის შვილების თავადების სიაში ჩარიცხვა დამოკიდებული იყო იმ ხალხზე, ვინც ენის ბორძიკით, დამახინჯებით ძლივს ახერხებდა ჭავჭავაძის წარმოთქმასაც კი.
1838 წელს გრიგოლ ჭავჭავაძის ვიზიტი თბილისში უშედეგო აღმოჩნდა...
ნოდარ გრიგალაშვილი
გაგრძელება. დასაწყისი No 20
გაგრძელება შემდეგ ნომერში