რა უნდა იღონოს ათასობით უმუშევარმა არქიტექტორმა?
24 საათი 02.02.10

რა უნდა იღონოს ათასობით უმუშევარმა არქიტექტორმა?
სიეტლში Ballard Farmers’ Market-ზე არქიტექტორ-დიზაინერი ჯონ მორფილდი ხის დახლთან იჯდა, ზემოთ აბრაზე კი ეწერა: "არქიტექტურა 5 ცენტად,” გვერდით, ხურდის მოლოდინში, კონსერვის ქილა იდგა. ერთი ხუთცენტიანის საფასურად არქიტექტორი მზად იყო პროფესიულ შეკითხვებზე ეპასუხა.
2008 წელს, 29 წლის მორფილდმა სამუშაო ორჯერ დაკარგა და გადაწყვიტა, რეცესიის პერიოდში მეგობრებისა და ოჯახისს დიზაინერული მომსახურებით გაეტანა თავი. მაგრამ, როცა სამუშაო აქაც გამოილია, მან ხსენებული დახლი გამართა. მას სწამდა, რომ 20 წლის ადამიანი, რომელსაც საკმაოდ ბევრი პირადი კავშირი აქვს და ნამსახურობის საკმაოდ ვრცელი ნუსხა გააჩნია, პირად კლინეტურას ადვილად იპოვიდა..
"სხვა არჩევანი არ მქონდა," - ამბობს მორფილდი, - "რეცესიამ პირდაპირ დამარეტიანა და მეც იძულებით შევუდექი ამ სამუშაოს".
ეკონომიკურმა კრიზისმა და უძრავი ქონების ბაზრის დაცემამ შარშან ათასობით არქიტექტორი და დიზაინერი უმუშევარი დატოვა და სამუშაოს ძებნა ან სამუშაო ადგილის თავად შექმნა აიძულა. შრომითი მოწყობის დეპარტამენტის ბოლოდროინდელი მონაცემებით არქიტექტურული ფირმების დასაქმების სფეროში, რომელმაც შარშანდელ ივლისში პიკს მიაღწია (იგი 224 500 სამუშაო ადგილს ითვლიდა), ეს მონაცემი ნოემბერში 184 600-მდე შემცირდა.
"არ იცი, სად გაექცე ეკონომიკურ გაჭირვებას", - ამბობს ამერიკის არქიტექტურული ინსტიტუტის მთავარი ეკონომისიტი კერმიტ ბეიკერი. "ძლიერ სექტორს ახლა ვერსად იპოვი".
მდგომარეობის გამოსწორების პერპექტივაც არ ჩანს. არქიტექტურული ფირმები დღემდე ათავისუფლებენ თანამშრომლებს და ბ-ნი ბეიკერი ამ მუშაკთა სამუშაო ადგილზე აღდგენას იქამდე არ ელის, სანამ ბიზნესი არ გაჯანსაღდება, რაც მისი აზრით, მიმდინარე წლის მეორე ნახევრამდე (ყველაზე ადრე) არ მოხდება.
ამასობაში, ბევრმა უმუშევარმა ისეთი ნიჭი გამოამჟღავნა, რომელიც არქიტექტურასთან სრულიად არ არის დაკავშირებული. როცა 26 წლის ნატაშა ქეისმა დაახლოებით ერთი წლის წინ უოლტ დისნეის კომპანიაში დიზაინერის სამუშაო დაკარგა, მან და მისმა მეგობარმა უძრავი ქონების დეველოპერმა, 27 წლის ფრეია ესტრელერმა ლოს ანჟელესში ქეისის მიერ ოჯახური წესით დამზადებული ნაყინის სენდვიჩების ბიზნესი წამოიწყეს. ამ ნაწარმს, რომელსაც ისეთი არიქიტექტორების პატივსაცემად დაერქვა სახელები, როგორებიცაა ფრენკ ჯირი (მარწყვის ნაყინი ტკბილი ნამცხვრით - "ფრენკ ბერი") და მაის ვან დერ როში (ვანილის თხილიანი ნაყინი შოკოლადის ნამცხვარით - "მაის ვანილა როში") უეცარი პოპულარობა ხვდა წილად..
"ვფიქრობ, ახალი რაღაცეების მოგონებისთვის საუკეთესო დროა", - ამბობს ქ-ნი ქეისი, რომელმაც 2008 წელს ლოს ანჟელესში არქტიქტურისა და საჭმლის კავშირის თემა ჯერ კიდევ კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლისას დაამუშავა. "ისეთი რაღაცეების გაკეთებას იწყებ, რაზეც ყოველთვის გიოცნებია და რაც გიყვარდა."
შარშან, აპრილში, ქ-ნი ესტრელერს ნაწარმი თავისი სატვირთო მანქანით "ქულჰაუსით" დაჰქონდა. გოგონები ჯირის ოფისსა და უოლტ დისნეის კომპანიას ღონისძიებების დროს ნაწარმით ამარაგებდნენ. საწყისი თანხა დიდი არ იყო: ჯერ Craigslist -ში 20 წლის საფოსტო ფურგონი იყიდეს, რეტროს სტილში "გამოაწყვეს," ვერცხლისფრად და ვარდისფრად გადაღებეს და ეს სულ 10 000 დოლარი დაუჯდათ. შემდეგ, სრული სამუშაო დღით და ნახევარ განაკვეთზე მომუშავე 7 თანამშრომელი აიყვანეს: ახლა თავსაც ირჩენენ და ბიზნესის გაფართოების გეგმებსაც სახავენ.
ლი ენ ბლეკი სიეტლში არქიტექტურულ დიზაინერად მუშაობდა, როცა (ერთი წლის წინ) სამუშაო დაკარგა. ბევრი ეძება ახალი სამუშაო და ბოლოს ივნისში, ავადმყოფი ბებიის მოსავლელად, მისისიპის შტატის მშობლიურ ქალაქ უოტერ ვეილს დაუბრუნდა.
ამჟამად, 30 წლის ბლეკი მშობლების გარაჟის თავზე ცხოვრობს. მან კერამიკოსობისადმი თავისი სიყვარული გაიხსენა და თავი გაინებივრა. მშობლების ფერმაში ძველი თავლა სახელოსნოდ გადააკეთა, ადგილობრივ მექოთნეეებს შეგირდად დაუდგა და კერამიკის დარგში რამდენიმე პოსტ-ბაკალავრული პროგრამაც გაიარა. ახლა იმედი აქვს, რომ თავის ნაწარმს ადგილობრივ ფერმერებს მიყიდის და პედაგოგიურ მოღვაწეობასაც დაიწყებს.
"არ მეგონა 30 წლის ასაკში ამ სფეროში ამოვყოფდი თავს, მაგრამ ამ დაბრუნებამ ნამდვილად შემასხა ფრთები," - ამბობს იგი, - "კარგია, ოჯახთან რომ ცხოვრობ; არც ქირას იხდი არც გასტრონომში დარბიხარ ყოველწამს; ჩემს ოთახში თავისუფლად ვსუნთქავ".
როცა მიმდინარე წლის მაისში 33 წლის დები ვენი ბინის დიზაინის პატარა ფირმიდან დაითხოვეს, მან გადაწყვიტა თავისუფალი მხატვრის საქმიანობისთვის მოეკიდა ხელი, რამდენ ხანსაც შეძლებდა. იგი Getty and Huntington მუზეუმის თვის დიზაინს ასრულებდა. თავისუფალ დროს ქსოვაც დაიწყო. როგორც თვითონ ამბობს, "ცოტათი შერეკილ" სათამაშო ცხოველებს, რვაფეხებსა და მედუზებს ქსოვდა. მოგვიანებით, თავისი ბლოგის მკითხველების წაქეზებით მან ამ სუვენირების Etsy-ზე გაყიდვაც დაიწყო. თავის ნაწარმს იგი Les Petites Bêtes Sauvages-ს ეძახის. "ბოლო თვეების განმავლობაში ისინი ქირის გადახდაშიც და სხვა გადასახდებთან გამკლავებაშიც დამეხმარნენ," - ამბობს იგი.
"გგონია, რომ შენი პროფესიის ბატონ-პატრონი ხარ, რეცესია კი უეცრად თავში გირტყამს და გრძნობ, რომ შენი კარიერა ბაზარზეა დამოკიდებული," - ამბობს ქ-ნი ვან ზილი. - "ამან ძალა შემმატა, გამოვფხიზლდი და უფრო ინდივიდუალური პიროვნება გავხდი. ჩემი დევიზია: არაფერზე თქვა უარი."
რიჩარდ ჩაკი (ილინოისი), ამბობს, რომ ერთი წლის წინ კომერციული დიზინერის ადგილის დაკარგვის შემდეგ, როცა მისი ფირმის ორმა კლიენტმა (ორივე მათგანი დეველოპერი იყო) პროექტებისთვის დაფინანსება დაკარაგა, მან ნებისმიერ სამუშაოს დაუწყო ძებნა, რათა როგორღაც ერჩინა ცოლი და ორი შვილი (6 და 7 წლის ასკის).
"გგონია, რომ ერთი წელი საერთოდ ამოვარდა შენი ცხოვრებიდან," - ამბობს 38 წლის ბ-ნი ჩაკი, - "ხელფასი გაქრა, ყოველგვარმა გამოცდილებამ ფასი დაკარგა; მაგრამ პოზიტიური განწყობა არ უნდა დაკარგო და წინსვლა არ შეწყვიტო. მე ეს გაკვეთილად აღვიქვი. შენს წინ თითქოს მეტი კარი იღება და არც კი იცი, როდის დაგხვდება ეს ყველაფერი წინ."
რაც შეეხება ბ-ნ მორფილდს, მას იმედი აქვს, რომ თავისი ჯიხური (ვებსაიტი architecture5cents.com) იმდენ შემოსავალს მაინც მოუტანს, რომ უკეთეს დროებამდე თავის გატანაში დაეხმარება. შეკვეთებმაც არ დააყოვნა მას ოსართულიანი შუშაბანდის, ტერასის, საძილე ოთახის დაპროექტება ანდეს და აღმოჩნდა, რომ თავის რჩენა შესაძლებელი ყოფილა.
შარშან მან 50 000 დოლარზე მეტი გააკეთა - ეს იყო უმაღლესი შემოსავალი, რომელიც მან შეკვეთებით მუშაობის დროს გააკეთა; წელს კი უკეთეს შედეგებსაც ელის.
"აღმოჩნდა, რომ ზუსტად საჩემო საქმეს ვაკეთებ. სამუშაო ბევრია, ზოგჯერ ფრთხები კიდეც, მაგრამ ყოველი წუთი მაინც სიამოვნებას მანიჭებს. ახლა ვინმემ
80 000 დოლარი რომ შემომთავაზოს კომპიუტერს მიუჯექიო, უარს ვეტყვი."
კრისტინა სეივორი