გუშინ ლონდონში ლიტერატურული პრემიის, ბუკერის ნომინანტთა გრძელი სია გამოცხადდა.
24 საათი 02.02.10

გუშინ ლონდონში ლიტერატურული პრემიის, ბუკერის ნომინანტთა გრძელი სია გამოცხადდა.
ოღონდაც ტრადიციული ბუკერისთვის მებრძოლები კი არა, "დაკარგული ბუკერის" (Lost Man Booker) ნომინატების ნუსხა. ნომინაცია გულისხმობს 40 წლის წინ შექმნილი და შემდეგ გამორჩენილი საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოების გამოვლენას. სულ მალე ლონდონში გამოაშკარავდება 1970 წლის საუკეთესო რომანის სახელი.
"ბუკერის" ორგანიზტორებმა გადაწყვიტეს, წლების წინ დაშვებული შეცდო
მა ახლა გამოასწორონ. შეცდომა კი ერთი წესის შეცვლამ გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ 1969-1970 წლებში ბუკერის პრემიას გასული წლის ლიტარატურული ნაწარმოებებისთვის გასცემდნენ. უკვე 1971 წლიდან გადაწყვეტილა, რომ პრემიით უნდა დაეჯილდოებინათ მიმდინარე წლის გამოცემა. შესაბამისად 1970 წლის ინგლისურენოვანი ლიტერატურის ნიმუშები "ბუკერმა" ვერ აითვისა და ვერც დააფასა.
"დაკარგული ბუკერის" ვრცელ სიაში 22 რომანი აღმოჩნდა, რომელთა შორისაც არის: აირის მერდოკის A Fairly Honourable Defeat, სიუზენ ჰილის I'm The King Of The Castle, დევიდ ლოჯის Out of the Shelter, მიურიელ სპარკის The Driver's Seat, მელვინ ბრეგის A Place In England და ა.შ.
ამ ექსკლუზიური ნომინაციის ფინალისტების ვინაობა განსაზღვრეს ჟიურის წევრებმა, რომლებიც 1970 წლისთვის უკვე დაბადებულები იყვნენ. პრემიის მოკლე ჩამონათვალი მარტში გამოქვეყნდება. რის შემდეგაც გამარჯვებული გამოვლინდება საიტზე - Man Booker Prize, სადაც მკითხველი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულის გვარი უკვე მაისში იქნება ცნობილი.
"ბუკერის" საბჭო უკვე მესამედ გასცემს სპეციალურ პრემიას. რამდენიმე წლის წინ გაიცა "ბუკერი ბუკერთა შორის" და "სუპერბუკერი". საგულისხმოა, რომ ორივე აღნიშნული პრემიის ლაურეატი გახდა სალმან რაშდი რომანისთვის "შუაღამის შვილები".