რაღაცას მახსენებენ ეს პლაკატები...
24 საათი 27.11.09

რაღაცას მახსენებენ ეს პლაკატები...
იმ ვეებერთელა პლაკატებს ვგულისხმობ, ქალაქში რომ გამოკიდეს ამ რამდენიმე დღის წინ.
"მე მიყვარს თბილისი", "დაპირებები სრულდება", "კორუფცია დამარცხებულია", "კანონიერ ქარდებს კუდით ქვა ვასროლინეთ (ბოდიშს ვიხდი მცირე ინტერპრეტაციისათვის)" და ა. შ.
როგორც ჩანს, რევოლუციის მორიგ წლისთავს ვზეიმობთ ასე, ან საარჩევნოდ ვემზადებით...
გიგანტური პლაკატები ამაყად დაგვძახიან გამარჯვებებისა და წარმატებების ამბებს, თავს გვაწონებენ აშენებული თუ აშენებადი ცათამბჯენებით, ჩვენთან ერთად ამხელენ გალიაში გამომწყვდეულ გაუპარსავ ქურდებს, გვანახებენ სხვაობას, როგორი იყო და სად მოვიდა ქართული პოლიცია და, რაც მთავარია, თავად ქვეყანა როგორი იყო და რად გარდაიქმნა...
ჩვენც ვათვალიერებთ, ვკითხულობთ, - ზოგიერთებს პლაკატებთან ერთად გვიხარია ეს ამბები, ანუ საკუთარ თავებსაც მოვიაზრებთ ამ პლაკატებზე, ზოგიც ძალიან ვბრაზობთ, ისედაც გაავებულები ვართ და როცა ამ პლაკატებს ვხედავთ, კიდევ უფრო გვეშლება ნერვები.
მე კი არც მაბრაზებენ და ვერც კარგ ხასიათზე მაყენებენ. უბრალოდ, ასოციაციები მთრგუნავენ. საოცდასამნოებრო პლაკატები საშვიდნოემბრო პლაკატებს მახსენებენ და ამიტომაც ვერ ვხარობ ამ კოლოსებიდან მაცქერალი ბედნიერ-წარმატებული ხალხივით და შენობებივით...
გიგანტურობა, იდეის პათოსი, ლოზუნგები, სინტაქსიც კი საბჭოურ პლაკატებს და ლოზუნგებს მაგონებს... "დიდება შენებას!", "ხუთწლედი - ოთხ წელიწადში", "ჩვენი მილიცია საუკეთესოა"...
ფაქტია, ის, ვინც ეს პლაკატები ჩამოგვიკიდა, საბჭოური ლოზუნგ-პლაკატების ქვეშ დაფრთიანდა... ანუ რომ არა საბჭოური პოლიტ-ესთეტიკა, ეჭვი მაქვს, ეს პლაკატები ან საერთოდ არ იქნებოდა, ან სულ სხვანაირად მოიწონებდნენ თავს გაკეთებულ-გაკეთებადი საქმეებით.
და მაინც, როგორ გვიყვარს ეს ლოზუნგები...
ჯერ იყო და ბოლშევიკური ლოზუნგების შეთხზვა-დაზეპირებაში გავლიეთ დღენი, მერე - უკვე დამოუკიდებლობის დროს - რელიგიურ-პატრიოტულ თემებს შევეჭიდეთ ("საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა!", "აფხაზეთი ჩვენი ტკივილია!", "ღმერთს ებარებოდეთ!" და სხვ.), ახლა კი "დაპირებები სრულდებამდეც" მოვაღწიეთ...
მგონი, ერთი და იგივე კაცი იგონებს ამ ტექსტებს...
არცერთ ევროპულ (მოდი, ვთქვათ, დასავლურ) ქვეყანაში არ მინახავს ასეთი რამ... არავინ არ გეპრანჭება ამ ფორმით პატრიოტიზმზე, რელიგიურობაზე, პროფესიონალიზმზე და წესიერებაზე... ჩვენ კი რით ვეღარ განვიკურნეთ ამ ფარისევლობისა და პათეტიკისაგან!
ნუთუ ჩვენს გემოვნებაზეც ნატოში უნდა იზრუნონ?