რამდენიმე დღის წინ, გოეთეს ინსტიტუტში ზანდუკელზე ამავე ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით შექმნილი ორი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.
24 საათი 27.11.09

რამდენიმე დღის წინ, გოეთეს ინსტიტუტში ზანდუკელზე ამავე ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით შექმნილი ორი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.
ფილმების ჩვენებას გოეთეს ინსტიტუტის მიერ დასახული კონცეფცია უნდა გაემართლებინა, ისე როგორც სხვა არაერთ გამოფენა, თუ შეხვედრას. კონცეპტუალური კითხვა კი შემდეგში მდგომარეობდა: რა შეიცვალა ბოლო 20 წლის განმავლობაში?! ცვლილებების ანალიზი ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ მხოლოდ გერმანელებისთვის როდია საინტერესო. სხვებისთვისაც, თუმცა ბოლო 20 წელიწადი მათ შემდეგ განსაკუთრებით პრობლემური და მნიშვნელოვანი მაინც ჩვენთვისაა, იმ ადამიანებისა და საზოგადოებისთვის, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში უმთავრესი მიზანი - დავძლიოთ საბჭოთა წარსული - ვერ შევცვალეთ და თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენად ზედაპირულია ჩვენი მცდელობები, შედეგები შორეულ მომავალში გველის. ზუსტად არ ვიცი, ვინ რა დაინახა იმ დღეს სალომე ჯაშის ფილმში "ლიდერი ყოველთვის მართალია". ერთმა, ალბათ, დაინახა სისტემა, რომელიც არ მოსწონს; მეორემ მთავრობა, რომელიც არ მოსწონს; მესამემ ხალხი, რომელიც ასევე არ მოსწონს; მეოთხემ შტერი ახალგაზრდობა, რომელიც არ მოსწონს; მეხუთემ, მასთან ერთად ალბათ სხვებმა და ამ სხვებში მე, დავინახეთ ჩვენი თავი, რომელიც არ მოგვწონს.
ფილმის ავტორი დაახლოებით ჩემი თაობის ადამიანია. თაობისა, რომელმაც სულზე მოუსწრო "გარდაქმნას", მაგრამ ვერ მოუსწრო "გარდასულ" ტოტალიტარიზმსა და კომუნისტურ კავშირს... მაგრამ თუ აქამდე ვეჭვობდი, სალომე ჯაშის ფილმის ხილვის შემდეგ ვიცი, რომ ყველაფერს, რაც გამოვტოვეთ, ამ აწმყოში ვსწავლობთ და "გავდივართ". აწმყოში, რომელსაც ვესწრებით, რომელსაც უკვე თავადაც ვქმნით, ყოველ შემთხვევაში, რომელზე პასუხისმგებლები უკვე ჩვენც ისევე ვართ, როგორც ჩვენი მშობლები და ბებია-ბაბუები.
გოეთეს ცენტრში ნაჩვენები ფილმებიდან ერთ-ერთი გახლდათ სალომე ჯაშის "ლიდერი ყოველთვის მართალია" - ფილმი, რომელიც ავტორმა პატრიოტთა ბანაკში ამავე ბანაკზე გადაიღო. პროექტი "პატრიოტები" 2005 წლიდან ხორციელდება და ყოველწლიურად ასი ათასობით ლარი იხარჯება. გრძელვადიანი პროექტის ორგანიზატორი (შემსრულებელი) არის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. უფრო კონკრეტულად, ამ სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდული საქმიანობის დეპარტამენტი. იმის გარდა, რომ ახალგაზრდული საქმიანობა თავად არის უხერხული სიტყვათშეთანხმება, საქმიანობის არსიც უცნაურია და თანაც სეზონური. მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრებს, ყველას, მათი ვრცელი რიგიდან, ჰყავდათ და ჰყავთ მოადგილეები, რომლებსაც ეს დეპარტამენტი და საქმეც საგანგებოდ აბარიათ. ის, რომ ამ საქმეში დიდი ფული იხარჯება, მხოლოდ ჩემი სიტყვები არ არის. ეს სალომე ჯაშის ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირის, ერთ-ერთი ლიდერის (პატრიოტულ ბანაკებში ლიდერი ჰქვია ჯგუფის ხელმძღვანელს, აღმზრდელს) პირველი რეპლიკაა. ლიდერი ბავშვებს ბანაკში შესვლისთანავე აფრთხილებს, რომ მათზე და მათთვის უამრავი ფული იხარჯება და უნდა დააფასონ! დაფასების ხერხები კი სხაპასხუპით იცის და ესმის ლიდერს, რომელიც ბევრ რამეს იტყვის კიდევ, ბევრ "უნდას", მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს ბავშვები ყველაფერს აფასებენ შემდეგი ათი დღის განმავლობაში. აფასებენ ბევრი აზიდვით და (გაუმარ)ჯოს, ჯოს, ჯოს ძახილით, ტყეში სანთლებით სიარულით, ქვიშის ეკლესიების მექანიკური შენებით და პათეტიკური ლიდერების სრულიად არაჰუმანური და ყოველგვარ ინტელექტს და კორექტულობას მოკლებული მონოლოგების სმენით. იქ ამბობენ, რომ “ჩვენში ყოველი წვეთი სისხლი ქართულია”, რომ უნდა “გაუმარჯოთ ქართველებს...” და, აქ აგონდებათ რაღაც-რაღაცები და დასძენენ, “არაქართველებსაც!..”. "ე, ბიჭო..., შენი..., ჩემი..., რა პონტია..." - აქტიურად ამუშავებენ ამ ლექსიკას ჩვენი დროის ლიდერები მოზარდებთან საუბრის დროს.
ლიდერი მაშინაც მართალი აღმოჩნდება, როცა მას ერთ-ერთი მოზარდი ჩოგბურთის თამაშს მოუგებს და შემდეგ მოგებულს დასჯის. ის აზიდვებს აკეთებს, მეორე, ანუ ის, რომელიც ყოველთვის მართალია, ზემოდან უყურებს. მართალია, მაშინაც, როცა ერთ-ერთს უხსნის, როგორ დაეხმარება, სიტყვას შეაწევს უფროსობაში, იმისთვის, რომ ისიც ლიდერი გახდეს. მართალია მაშინაც, როცა სრულიად გაუგონარ "ჭეშმარიტებას" თავს ახვევს. მაყურებელს უჩნდება კითხვა, სად და როგორ შეარჩიეს ეს ლიდერები? მეც მიჩნდება კითხვა, რატომ ჰქვიათ მათ ლიდერები, რატომ მაინც და მაინც ლიდერები?
კონკრეტულ ადგილს, სახელებსა და გვარებს მნიშვნელობა არა აქვს, არც ფილმის ავტორისთვის, მით უფრო არც ჩემთვის. რა არის ჯაშის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა? ის, რომ საინტერესო, იდეითა და ქვეტექსტებით დატვირთული რაკურსები შემოგვთავაზა, რითიც იმაზე ბევრი თქვა, ვიდრე ფილმის ვერბალურ ნაწილში ითქვა და ვიდრე თავად თქვა დისკუსიის დროს? ის, რომ გაბედა სკეპტიკოსების მხარეს დამდგარიყო და არ შეშინებოდა რომელიმე პოლიტიკური იარყილის მიკერების? - არა მხოლოდ ეს. მგონი სალომემ ყველაზე მნიშვნელოვანი მაშინ შეძლო, როცა გაგვახსენა ის, რაც ისედაც ვიცოდით. პირველი, თუ მართლაც რა სასაცილოა პატრიოტიზმის სწავლა და მეორე, რომ გადაიღო საკუთარი თავი და ჩვენი ღრმად პატიოსანი საზოგადოება, რომელიც ემზადება საბოლოოდ დაძლიოს ტოტალიტარული რეჟიმი. ამ ბრძოლაში ერთვება ლიდერი, ამავდროულად ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, რომელიც ჯგუფს უხსნის, რომ "მას ვისაც ლიდერის თვისებები აქვს, ვისაც მასის დამორჩილება შეუძლია, მომავალში ყველა კარი ღია აქვს" - მორჩაო, დამთავრდაო, იყავი ჩვენნაირი ლიდერიო, ილაპარაკე სისულელეებიო... თუ ხალხს აჯობებ, შენია ბურთიც და მოედანიცო. აი, აქ კი აღარ ვიცი, ლიდერები ცდებიან თუ არა?!
სალომე ჯაშის ნამუშევარში ბევრი ისეთი რამ მოვისმინეთ და დავინახეთ, რის გამოც შეგვრცხვა, მათ გამო შეგვრცხვა. მაგრამ, ცოტა რომ დავფიქრდი, საკუთარი თავის გამოც შემრცხვა... საკუთარი, თავის დროზე დაუსმელი შეკითხვების გამო. როცა ვერ ვივარგე, მაშინ, როცა თუნდაც უნივერსიტეტში ახალი ტიპის ტოტალიტარულ რეჟიმში ვისწავლე და არ გავაპროტესტე, რაღაც არ შევცვალე, როცა წლების განმავლობაში მაჩვევდნენ, რომ შრომას აზრი არ ჰქონდა, არც ცოდნას, არც მონდომებას, პრიორიტეტული სხვა რამ იყო, ანდა სხვა ვინმე... ამიტომაც ყველა კარგი იყო, ყველა “ხუთოსანი”... მეც ხომ ამ ქაოსის ხელშემწყობი ჭანჭიკი ვიყავი და ვარ! როცა მოვშალეთ საზოგადოების ლიბერალური ფასეულობების ყველა ჩანასახი, რაც თავისთავად მგონი ნებისმიერშია, და შევქმენით ახალი, ახალპარტიული, ახალფეოდალური და მაინც იგივე პირობები. დღესაც, ამ წუთსაც ასეა, უბრალოდ ახლებურად არის ყველაფერი შეფუთული და შეფუთულობას არა ერთი ჯგუფი, არამედ ყველა ერთად ვქმნით, ყველა სივრცეში. თავი დავიდანაშაულე კიდევ ათას კონკრეტულ ფაქტთან მიმართებაში:
ერთი წლის წინ, ისევ მშობლიურ უნივერსიტეტში, ამჯერად უკვე ახალმა ოფიციალურმა სახეებმა, “ჰიპერაქტიურმა” და პოლიტიკურად მოტივირებულმა ჩემმა უკვე თანამდებობის პირმა თანაკურსელებმა მეგრულ-ქართულ ენაზე (იმ ხანად, იქ სტილი იყო ასეთი) მომიწყვეს სასამართლო, მხოლოდ იმის გამო, რომ პირველად შეკითხვა ხმამაღლა დავსვი - რატომ მისცეს წყალს ათეულობით კურსდამთავრებულის შედეგები და რატომ ფარავდნენ კრიმინალს, თუ არ მონაწილეობდნენ მასში და რით განსხვავდებოდნენ ისინი იმ პედაგოგებისგან, რომლებიც მათვე გაუშვეს? მაშინ ჩემთვის გამოტანილი განაჩენი იყო მძიმე, მაშინ ასევე მეგრულ-ქართულად მითხრეს (შესაბამისად, სამწუხაროდ, კარგად ვერ გავიგე, მხოლოდ მივხვდი), რომ განაჩენს ერქვა საზოგადოების ღალატი, რეფორმისადმი უნდობლობა... კარგად მახსოვს რეპლიკა “შენვე დაგერხევა”... მე ორი მიზეზის გამო არ დამერხა მაშინ, იმიტომ არა, რომ ნამდვილად იცოდნენ ჩემი სიმართლე, იმიტომ, რომ ჟურნალისტი ვიყავი, რაც გვიან გახდა მათთვის ცნობილი, თორემ ცოტა უკეთეს ტყუილებს გამომიცხობდნენ და მეორეც იმიტომ, რომ მე ამდაგვარი “უპირატესობით” სარგებლობა იმ პერიოდს მაგონებს, ბაბუაჩემს მაღალჩინოსანი მეზობელი მიწას რომ ართმევდა თურმე და ემუქრებოდა, ნათესავი ჟურნალისტი გაზეთში გამოგაჭენებსო, გამოაჭენებდნენ კიდეც ნებისმიერი მიზეზის გამო, ვითარება რომ არ შეცვლილიყო. იტყოდნენ რომ... რა ვიცი რას, თუნდაც რაც მანამდე მეორეს აღმოუჩინეს და დაიჭირეს კიდეც - დისიდენტთან მეგობრობა, ანდა რამე სხვას, ჭორებს დაუყრიდნენ, სომეხად მონათლავდნენ. ეს ხომ მაშინაც ისეთივე ცუდი და სათაკილო იყო ქართველობისთვის, როგორც ახლა. მოკლედ, “უპირატესობა” არ გამოვიყენე და ვაღიარე, რომ როგორც რიგითს, წაგებული მქონდა ჩემთვის მართლაც მხოლოდ პრინციპის გამო დაწყებული თამაში. ზუსტად ისე, როგორც წლების განმავლობაში ჰქონდათ და აქვთ დანარჩენებს წაგებული. მას შემდეგ ვიცი, მხოლოდ ერთი შეკითხვის გამო “რიგითი” ამ ჩვენს საზოგადოებაში შეიძლება ინტრიგანი გახდე, ზუსტად ისე, როგორც საბჭოთა საზოგადოებაში გახდებოდი დისიდენტი თუ არა, საეჭვო პირი მაინც. ეს, ძალიან პირადი ამბავი არ მომაგონდებოდა, რომ არა ჯაშის ფილმში არსებული, ჩემი აზრით, ყველაზე მძიმე ეპიზოდი. ლიდერის (საჯარო სკოლის დირექტორი) საჯარო გამოსვლა, რომელიც ყველა იმ შემდგარი და არშემდგარი პოლიტიკოსის, ყველა დემოკრატის და კომუნისტის ცუდი პლაგიატი იყო. საქმე ის არის, რომ მანამდე ამ ლიდერს ერთი პატარა საუბარში გაუმხელს, რომ ბანაკი არ მოსწონს და სახლში სურს დაბრუნება. ლიდერისთვის ეს ამბავი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდება. თუმცა მის, “კარგ საკაცე მასალად” აღქმულ მოზარდს დაუყვავებს. მეორე დღეს, როცა ლიდერი ტრიბუნაზე ავა და უამრავი მოზარდის წინაშე სიტყვით გამოდის, საჯაროდ, სახალხოდ გმობს ბანაკიდან წასვლის სურვილს და სილაჩრედ, დეზერტირობად, არაკაცურ საქციელად აფასებს. დამნაშავის სახელს და გვარს არ ამბობს, თუმცა კოლმეურნეობის თავმჯდომარე ხვდება... მას სულ მალე დააზეპირებინებენ, თუ რას ნიშნავს პატრიოტიზმი, თუმცა, ის მაინც წავა ბანაკიდან. ის ჩემზე გამბედავია...
45-წუთიანი, ვიზუალურად ძალიან ფერადი ფილმი გახდა მიზეზი აუდიტორიის დიდი აღშფოთებისა. მათ შორის ჩემიც. ოღონდაც აღშფოთების მიზეზი და დამნაშავე ყველამ ისე დავინახეთ, როგორც შევძელით. გულმა რასაც გაუძლო. ძალიან წითელი ფილმი ძალიან მძიმე აღმოჩნდა მათთვისაც, ვისთვისაც, ამ ბოლო წლების განმავლობაში, პატრიოტთა ბანაკები სხვასთან ერთად კრიტიკისთვის ერთ-ერთი მწვავე მოტივაცია იყო. მათთვისაც, ვისაც ეს ბანაკები წარსულს აგონებს, მაგრამ ხედავს და აფასებს გზებს, პატრულს, სინათლეს სახლში, ცოტა სითბოს და ა.შ. ეს ჩამონათვალი ყველამ ზეპირად ვიცით უკვე. იმ დღეს გოეთეს ცენტრში აღშფოთება ძალიან მძაფრად გამოვხატეთ. გამოსვლები დაახლოებით ისევე პათეთიკური იყო, როგორც ერთ-ერთი ლიდერისა. ხმამაღლა შესძახეს, რომ ხვალიდან იბრძოლებდნენ პატრიოტთა ბანაკების გასაუქმებლად. დანარჩენებმაც ლამის დავურთეთ - ვაშა! ვაშა! ვაშა!
ნუთუ გულწრფელად დავიჯერეთ, რომ პრობლემა ოდნავ მაინც მოგვარდება ამ ბანაკების გაუქმებით? ნუთუ მხოლოდ ის რამდენიმე ათეული ადამიანია დამნაშავე, ვისაც მთავრობა ჰქვია? ნუთუ ის, რომ ბანაკის ლიდერები რთულად მეტყველებენ და მოზარდების ინტერესებიც ძალიან მწირია, ესეც ამჟამინდელი პოლიტიკოსების ბრალია? ალბათ არა, უბრალოდ აღშფოთება ლოზუნგებად ვაქციეთ მხოლოდ. იმ დღეს ფილმის ჩვენებას ფილმის მონაწილეებიც ესწრებოდნენ. მათ შორის ლიდერები. ჩვენების შემდეგ ეს ადამიანები გამოვიყვანეთ ავანსცენაზე და გუნდურად ჩავქოლეთ. გავლანძღეთ კიდეც. და მათ აღიარეს! მათ დანაშაული აღიარეს! თუმცა, ვერც ერთი მიხვდა “დანაშაულის” არსს. ერთ-ერთი ბოლომდე იმეორებდა, რომ ბანაკში ბავშვებს ათამაშებენ კიდეც და მუსიკებსაც ურთავენ და რომ სიმკაცრე, რომელიც ფილმში ჩანს, რეალურად ბევრად მსუბუქია. საბოლოოდ ის მივიღეთ, რომ მათ მოიბოდიშეს, ერთ-ერთი უფრო გაბოროტდა, მეორემ იტირა და ჩვენც ამ ცრემლების გამო დავმშვიდდით. მგონი, გავძეხით, მერე ცოტა ხანს კულუარებში, ფურშეტზე დავწყევლეთ ყოველი მათგანი, ამ ბანაკის მომგონიც და წამოვედით. და ვითომ ამ ლიდერებზე უკეთესები ვართ?
არის კითხვები? - ისმის ფილმის ბოლოს. პატრიოტებს ბანაკში არ აქვთ შეკითხვები. ეს დუმილი “ცუდად” გამოიყენა რეჟისორმა. ჩვენ საერთოდ გვიჭირს კითხვის დასმა, მაგრამ ხანდახან ხომ მაინც ვახერხებთ. ხომ დავსვით კითხვა - რა შეიცვალა ჩვენთვის ბოლო 20 წლის განმავლობაში? და ხომ ვპასუხობთ, რომ ჯერ მხოლოდ პირობები, ხომ ვაღიარებთ, რომ ლამფის მბჭუტავ სინათლესა და ნავთქურების თაობას მაინც ბევრად მეტი გვინდა - დეკორაციის გარდა, კიდევ გარემო, სადაც თუნდაც “პატრიოტიზმი” არ იქნება სიტყვა განმარტებით, არამედ იქნება მდგომარეობა, რომელიც ყვირილს ვერ უძლებს.
P.S. დასმული კითხვებისთვის და დისკუსიებისთვის მადლობა გოეთეს სახელობის ცენტრის ხელმძღვანელობას და გვაპატიონ სალომე ჯაშის ფილმის ლიდერებმა, რომ ყველა ჩვენი სირცხვილი, ფობია და სისუსტე მათ “შევაწერეთ”