ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დასახმარებლად 83 მილიონი დოლარი გამოყო.
24 საათი 13.08.10
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დასახმარებლად 83 მილიონი დოლარი გამოყო.
ამერიკისა და საქართველოს მთავრობების შეთანხმებით, 2008 წლის კონფლიქტის გამო საქართველოსთვის გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარიდან 83 მილიონი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და 90-იანი წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.
გუშინ გორში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 83 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა საერთო პროექტების განსახორციელებლად დამატებით 24 მილიონ დოლარს დახარჯავს.
ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობა აგრძელებს საქართველოს დახმარებას და პრიორიტეტია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა და რეგიონები.
«ვასრულებთ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების უკანასკნელი ნაწილის გადმოცემას. ამ ნაწილით დახმარება გაეწევათ ომის დროს ყველაზე მეტად დაზარალებულ ადამიანებს, იმ ხალხს, ვინც ბოლო 20 წლის განმავლობაში ვერ ახერხებს სახლებში დაბრუნებას, ვინც ვერ ისარგებლა ეკონომიკური ზრდის შედეგებით, რაც ბოლო 5-6 წლის განმავლობაში შეიმჩნევა და კვლავ გაჭირვებაში ცხოვრობს. ამ თანხით ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები განხორციელდება,» - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა.
ამერიკისა და საქართველოს მთავრობების შეთანხმება ითვალისწინებს მუნიციპალური განვითარებისა და სოფლის ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას, აგრეთვე ტექნიკურ დახმარებას მებაღეობის, მეფუტკრეობისა და მეცხოველეობის განვითარებისთვის. ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის თქმით, ამერიკის მთავრობის დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომით დაზარალებული რეგიონებისთვის. გამოყოფილი თანხის ნაწილი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასაც მოხმარდება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანის განცხადებით, საქართველოში დევნილთა ჩასახლების 200-ზე მეტ კოლექტიურ ცენტრს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.
ფინანსური დახმარება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ 5 მუნიციპალიტეტსაც მოხმარდება და ამით მათი ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება. რეგიონული განვითარების მინისტრ რამაზ ნიკოლეიშვილის თქმით, გორისა და ქარელის რაიონებში საირიგაციო სისტემები მოწესრიგდება.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამერიკული დახმარებით ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც დევნილთა საცხოვრებელი პირობების, ისე დაზიანებული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. დღეს გორის რაიონისთვის ყველაზე დიდი პრობლემა სარწყავი წყლის დეფიციტია, ამიტომ ფინანსური დახმარების ნაწილი საირიგაციო სისტემების მოწესრიგებაზეც დაიხარჯება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშივილი: «ეს თანხა ბოლო ტრანშია იმ ერთი მილიარდი დოლარისა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გამოგვიყო ომით გამოწვეული ზიანის აღმოსაფხვრელად. ბოლო ტრანში მთლიანად დევნილების პირობების გაუმჯობესებაზე მიიმართება.»
«გარემონტდება 200-ზე მეტი კოლექტიური ცენტრი, სადაც აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები ცხოვრობენ. იმ ნაწილს, ვისაც ჯერ არ დავხმარებივართ გაურემონტდება საცხოვრებელი ფართები,» - განმარტა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა.