საქართველო და ევროკავშირი რამდენიმე თვეა, სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაზე აქტიურად მუშაობენ.
24 საათი 11.03.10
საქართველო და ევროკავშირი რამდენიმე თვეა, სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაზე აქტიურად მუშაობენ.
ევროკავშირის შესაბამისმა სტრუქტურამ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს (საქპატენტს) უკვე მიაწოდა სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების სია, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე იწარმოება. "საქპატენტმა" კი ამ ეტაპისთვის მათ მხოლოდ 18-მდე დასახელების ქართული ღვინის ნუსხა გადასცა. მათ შორის არის ხვანჭკარა", "წინანდალი", მანავი", "ქინძმარაული", "ყვარელი", "კახეთი", "მუკუზანი", "თელიანი", "კარდენახი" და ა.შ.
გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელიც გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილზე მიუთითებს, იმ საქონლის აღსანიშნად გამოიყენება, რომლის განსაზღვრული თვისებები ან რეპუტაცია ამ გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული.
"საქპატენტის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ღვალაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე "ევროკავშირსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის შესახებ შეთანხმების" დადებისათვის აუცილებელი წინასწარი ღონისძიებების განხორციელების შესახებ ისაუბრა. "საზოგადოების ინფორმირების მიზნით უკვე გამოქვეყნდა ამ შეთანხმების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული, ევროკავშირში დაცული, სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნის ნუსხა, რათა ფართო საზოგადოებამ და დაინტერესებულმა პირებმა ორი თვის ვადაში შეძლონ საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა მთავრობის დადგენილების საფუძველზე შექმნილ სპეციალურ კომისიაში. ჩვენ ევროკავშირს გადავეცით სია, სადაც მოცემულია 18 დასახელების ქართული ღვინო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა ის უკვე ოფიციალურ ბიულეტენში გამოაქვეყნა." - ამბობს "საქპატენტის" გენერალური დირექტორი ირაკლი ღვალაძე.
ევროკავშირის მიერ "საქპატენტისთვის" მიწოდებულ ნუსხაში 4000-მდე, სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტებია მოცემული. იმ შემთხვევაში, თუკი ამ ნუსხაში ქართული მხარე ისეთ პროდუქტს აღმოაჩენს, რომლის გეოგრაფიული აღნიშვნები საქართველოშია დაცული, მაშინ ამ პროდუქტის წარმომავლობის შესახებ მონაცემებს საქართველოში თავიდან დეტალურად შეისწავლიან. ეს მონაცემები შემდეგ ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურაში გაიგზავნება. ასევე დეტალურად მოხდება ქართული ღვინის დასახელებების შესახებ მონაცემების განხილვა იმ შემთხვევაში, თუკი ქართული ღვინოების წარმომავლობის შესახებ სხვა ქვეყანა გამოთქვამს პრეტენზიას. "როდესაც ეს პროცედურები საბოლოოდ დამთავრდება, "ევროკავშირსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის შესახებ შეთანხმება" გაფორმდება და 18 დასახელების ქართული ღვინო დაცული იქნება თუ ახლა ევროკავშირის ბაზარზე სხვადასხვა ქვეყნის მიიერ წარმოებული "ხვანჭკარა", "ქინძმარაული" და სხვა ქართული ღვინოები იყიდება, შეთანხმების გაფორმების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში ეს ღვინოები ვერ შევა, თუ საქართველოში დამზადებული არ იქნება. მას უბრალოდ საბაჟოზე არ გაატარებენ. თუ ფალსიფიცირებული პროდუქცია მაინც მოხვდება ევროკავშირის ბაზარზე, მას ამოიღებენ." - ამბობს "24 საათთან" საუბრისას ირაკლი ღვალაძე.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო და "საქპატენტი" ქართული პროდუქციისთვის გეოგრაფიული აღნიშვნის მინიჭების შესახებ მუშაობას კვლავ აგრძელებენ. უახლოეს მომავალში ისინი გეოგრაფიული აღნიშვნის მინიჭების მიზნით ევროკავშირს კიდევ რამდენიმე ათეული დასახელების, ქართული სოფლის მეურნეობის და სხვა პროდუქტების ნუსხას მიაწვდიან.