RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

ამერიკაში "ფორდი" კვლავ პირველია

გასული კვირა ორი უმთავრესი მოვლენით აღინიშნა. პირველი დაკავშირებულია ამერიკის შრომის ბაზართან.

24 საათი 11.03.10

გასული კვირა ორი უმთავრესი მოვლენით აღინიშნა. პირველი დაკავშირებულია ამერიკის შრომის ბაზართან.

ამერიკის შრომის სამინისტროს მონაცემებით, უმუშევრობა ქვეყანაში 9.7%-ის დონეზე შენარჩუნდა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია თვისათვის, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ამერიკის ადმინისტრაცია უმუშევრობის მაღალ დონეს კრიზისის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე შედეგად მიიჩნევს. ამ პრობლემის გადაწყვეტის გარეშე ძნელია ლაპარაკი ამერიკის ეკონომიკის ზრდაზე. ეკონომიკაში ცნობილია ოუკენის კანონი, რომლის თანახმადაც, თუ უმუშევრობა ნორმალურ დონეს ერთი პროცენტით აღემატება, ეს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ით შემცირებას იწვევს. თუ ამერიკული უმუშევრობის ჩვეულებრივ დონედ 5-6%-ს მივიღებთ (სწორედ ასეთია უმუშევრობის საშუალო დონე ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე მრავალი ათწლეულის მანძილზე), მაშინ გამოდის, რომ ამერიკული ეკონომიკა უმუშევრობის ასეთი მაღალი დონის შედეგად დაახლოებით 1.5 ტრილიონს კარგავს. ამ რიცხვის მასშტაბი უფრო კარგად რომ გავიგოთ, შეიძლება დავამატოთ: ეს მეტია, ვიდრე ისეთი ქვეყნების მშპ, როგორებიცაა ინდოეთი და რუსეთი.

ძალიან ძნელია თქმა, როგორია უმუშევრობის ჩვეულებრივი დონე საქართველოში. თუ ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის დონეს საყოველთაოდ მიღებული წესით დავთვლით, გავითვალისწინებთ დასაქმებულების და თვითდასაქმებულების იმ ნაწილს, რომლებიც საკუთარი შრომის საფასურად საარსებო მინიმუმზე ნაკლებს იღებენ, მაშინ უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე ის არასოდეს დაშვებულა 50%-ზე დაბლა. ჩვენ რომ უმუშევრობის იმ დონისათვის მიგვეღწია, რომელიც დღეს არის ამერიკაში (დაახლოებით 10%) და რომელიც ამერიკელებს კატასტროფულად მიაჩნიათ, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ორჯერ მეტი იქნებოდა. ე.ი. ჩვენი ქვეყანა ჩადგებოდა საშუალოდ განვითარებულ ქვეყანათა რიგში და ეს იქნებოდა სრულიად სხვა ქვეყანა, სრულიად სხვა ეკონომიკით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მინდა ყველამ გაიგოს: უმუშევრობა, სოციალური უთანასწორობა და სხვა სოციალური პრობლემები დამთრგუნველად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე. ეს არის საყოველთაოდ მიღებული ეკონომიკური კანონზომიერება.

წლის დასაწყისში გამოქვეყნდა დავოსის ფორუმის მოხსენება, რომლის მთავარი თემა იყო გლობალური ეკონომიკის რისკები 2010 წელს. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რისკად მიჩნეული იქნა აქტივების გადაჭარბებული შეფასება და მათი შესაძლო გაუფასურება, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა ახალი "საპნის ბუშტების" გასკდომა და რეცესიის განახლება გლობალურ ეკონომიკაში. მოხსენების შედგენაში მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები მონაწილეობდნენ. მიუხედავად ამისა, მაინც ვიტყვი, რომ ასეთი რისკი უდავოდ არსებობს, მაგრამ მისი განვითარების ალბათობა, მაინც არა მგონია, დიდი იყოს. ამ მოხსენებამ, ეტყობა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ინვესტორებზე. ამას დაემატა შესაძლო ჩინური კრიზისის საშიშროება, რომელიც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ეკონომიკის "გადახურების" კლასიკური სქემის შესაბამისად, რასაც მოჰყვება ხოლმე აქტივების გაუფასურება, საკრედიტო და საბანკო კრიზისები. ინვესტორთა პესიმიზმს აღრმავებდა ევროპის ეკონომიკის მდგომარეობა, განსაკუთრებით მწვავე საბიუჯეტო კრიზისები ევროკავშირის მთელ რიგ სახელმწიფოებში. ეს პესიმიზმი იმდენად დიდი იყო, რომ მდგომარეობა ვერ შეცვალა ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დიდმა მაჩვენებელმაც 2009 წლის მეოთხე კვარტალში. მაშინ ჩვენ რამდენჯერმე შევნიშნეთ, რომ მსოფლიო საფონდო ბაზრები ამ დეპრესიული მდგომარეობიდან შეიძლება გამოიყვანოს მხოლოდ გლობალური ეკონომიკის უაღრესად პოზიტიურმა მოვლენამ. ასეთ შესაძლო მოვლენად ჩვენ ვთვლიდით დადებით მაჩვენებლებს ამერიკული შრომის ბაზრიდან თებერვლის თვეში. ჩვენი პროგნოზი სავსებით გამართლდა. საფონდო ბაზრებზე დაბრუნდა ოპტიმიზმი. დოუ ჯონსის საშუალო ინდუსტრიულმა მაჩვენებელმა კვირა 10,566 პუნქტზე დაამთავრა, ხოლო ნასდაქის შედგენილმა ინდექსმა (Nasdaq composite) - 2,326 პუნქტზე, რაც ამ ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში. Aანალოგიური ზრდა დაფიქსირდა მსოფლიოს ყველა წამყვან საფონდო ბაზარზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია იაპონური ნიკეის (Nikkei 225) 2.2%-იანი ზრდა.

მეორე მთავარი მოვლენა გასულ კვირაში დაკავშირებული იყო საავტომობილო ბაზართან. მსოფლიოს საავტომობილო ბაზარზე გრძელდება ავტომობილების უკან გაწვევების სერია. "ტოიოტას" (Toyota) შემდეგ საკუთარი ავტომობილების უკან გაწვევის შესახებ გამოაცხადეს "ნისანმა" (Nissan) და "ჯენერალ მოტორსმა" (General Motors). "ნისანის" მიერ გამოშვებულ 540 ათას სატვირთო ავტომობილს და მინივენს მთელ მსოფლიოში აქვს პრობლემა სამუხრუჭე პედალთან და საწვავის მრიცხველთან დაკავშირებით. "ჯენერალ მოტორსმა" უკან გაიწვია 1.3 მილიონი "შევროლე" და "პონტიაკი" ჩრდილოეთ ამერიკაში ძრავის სიმძლავრის მართვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. გაწვევა მოხდა გამოძიების შედეგად, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (National Highway Traffic Safety Administration) ჩაატარა.

საკუთარი წარმოების ავტომობილების უკან გაწვევა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმ ცვლილებებისა, რომელიც ამერიკის საავტომობილო ბაზარზე მოხდა და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მოვლენა მსოფლიო ეკონომიკისთვის გასულ კვირას. "ტოიოტამ" განაცხადა, რომ თებერვალში მისი გაყიდვები ამ ბაზარზე 9%-ით დაეცა წინა წლის თებერვალთან შედარებით. სამაგიეროდ, მკვეთრად, 43%-ით გაიზარდა "ფორდ მოტორის" (Ford Motor) გაყიდვები. გაიზარდა აგრეთვე "ჯენერალ მოტორსის" გაყიდვებიც, 12%-ით, რაც ნაკლები იყო, ვიდრე გაყიდვების მთლიანი ზრდა ბაზარზე. ეს უკანასკნელი 13%-ზე მეტი იყო. მნიშვნელოვნად გაიზარდა იაპონური "ნისანის" გაყიდვებიც - 29%-ით. ასეთი მასშტაბური ცვლილებების შედეგად მოხდა ნამდვილი ეპოქალური მოვლენა. "ფორდი" გახდა N1 ამერიკულ საავტომობილო ბაზარზე. ამჯერად სწორედ მასზე მოდის გაყიდვების ყველაზე დიდი წილი ამ ბაზარზე. მას შემდეგ, რაც გასული საუკუნის ოციან წლებში "ფორდმა" დათმო პირველობა, N1 ამერიკაში ყოველთვის "ჯენერალ მოტორსი" იყო.

"ტოიოტას" ხელმძღვანელობა ცდილობს, კომპანიის თავზე დატეხილ პრობლემებს წმინდა იაპონური სტოიციზმით გაუმკლავდეს. კომპანიის პრეზიდენტმა აკიო ტოიოდამ (Akio Toyoda) კომპანიის ათასობით თანამშრომელს მოუწოდა, უფრო უკეთესად იმუშაონ, რათა მომხმარებელთა ნდობა აღადგინონ და მსოფლიოს უდიდესი და საუკეთესო ავტომწარმოებელის ადგილი შეინარჩუნონ.

გასული კვირა შედარებით მშვიდი აღმოჩნდა სასაქონლო ბაზრებისთვის. შენარჩუნებული იქნა მაღალი ფასები ძვირფას და ფერად ლითონებზე. გააგრძელა ზრდა ნავთობის ფასმა. პარასკევს აზიის ბირჟებზე მან გადააჭარბა 81 დოლარს ბარელზე. ფასების ზრდას ნავთობზე ანალიტიკოსები უკავშირებენ მდგომარეობის გაუმჯობესებას ამერიკის შრომის ბაზარზე, რაც დადასტურებაა იმისა, რომ კრიზისი და მისი შედეგები მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანაში თითქმის გადალახულია.

ნავთობის ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოახდინოს ბრაზილიისა და ნიგერიის გადაწყვეტილებამ, გაზარდონ გადასახადები ნავთობმომპოვებელი კომპანიებისთვის. თავისთავად ამ ქვეყნების წილი მსოფლიო ნავთობის ბაზარზე არც ისე დიდია, მაგრამ მათი მაგალითი შეიძლება გადამდები გახდეს. საერთოდ, ნავთობის ფასის ზრდასთან ერთად მკვეთრად იზრდება ამ ნედლეულით მდიდარი ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა მსოფლიოში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სახელმწიფოების უმრავლესობა არადემოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმებით იმართება, ეს მსოფლიოსთვის არცთუ ისე კარგი პერსპექტივაა.

სხვა ფინანსური ბაზრებისგან განსხვავებით, მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა სავალუტო ბაზრებზე. ერთადერთი გამონაკლისი წამყვანი მსოფლიო ვალუტებიდან იყო იაპონური იენა, რომლის კურსიც დაეცა როგორც ამერიკულ დოლართან, ისე ევროსთან მიმართებაში. სტაბილური იყო სიტუაცია საქართველოს სავალუტო ბაზარზეც.

ოპტიმიზმის კვირა იყო არამხოლოდ პოზიტიური ამბების კვირა. კვლავ გვახსენებს თავს მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის საბიუჯეტო დეფიციტი და სახელმწიფო ვალი. ამერიკის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, თუ მიღებული იქნება პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, მოსალოდნელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი 2020 წლისათვის გაიზრდება 9.8 ტრილიონი დოლარით და მთლიანი შიდა პროდუქტის 90%-ს მიაღწევს. ანალიტიკოსები გამოთქვამენ შეშფოთებას იმის გამო, რომ სახელმწიფო ვალის ასეთმა დონემ შეიძლება ამერიკულ ეკონომიკაზე დამთრგუნველად იმოქმედოს.

წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა უდიდესმა ამერიკულმა სადაზღვევო კომპანიამ AIG გადაწყვიტა, საკუთარი აზიური ბიზნესი 35.5 მილიარდ დოლარად ბრიტანულ "პრუდენციალს" (Prudential PLC) მიყიდოს. AIG-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ გარიგების შედეგად მიღებული თანხები კომპანიას საშუალებას მისცემს, სახელმწიფოსაგან მიღებული ფინანსური დახმარების დაბრუნება დააჩქაროს, და გაზრდის კომპანიის ლიკვიდურობას. შეგახსენებთ, რომ AIG-სათვის ფინანსური კრიზისი უაღრესად მტკივნეული აღმოჩნდა. კომპანიას ეკუთვნის ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო მიღწევა ამერიკის ბიზნესის ისტორიაში. 2009 წლის მეოთხე კვარტალში მისმა ზარალმა 61.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ყველა დროის აბსოლუტური რეკორდია. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო და ფედერალური სარეზერვო სისტემა იძულებელი იყვნენ, მისთვის ასტრონომიული, 131 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა გამოეყოთ. ეს გადაწყვეტილება მძაფრი კრიტიკის საგანი გახდა ამერიკულ პრესაში. კრიტიკა პირველ რიგში ფედერალური სარეზერვო სისტემის ახლანდელ თავმჯდომარეს - ბენ ბერნანკეს ეხებოდა.

გრიგოლ ნიკოლეიშვილი

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი