ნინია კაკაბაძე ბერლინიდან
ბერლინალე 2010 – დღე მესამე – 13.02.2010
შესავალი
ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ კონკრეტულ ადამიანს ან კი ერთ კონკრეტულ ფილმს – ქვეყანა, სახელმწიფო მიმზიდველად აქციოს, ეს არის… ცოტა ხანში გეტყვით.
კანის საერთაშორისო ფესტივალზე ოქროს პალმის რტოს ლაურეატი რუმინელი კინორეჟისორი (თუ არ ვცდები 3 წლის წინ) გახდა. თანაც კარგად მახსოვს, ეს ფილმი “4 თვე, 3 კვირა და 2 დღე” საკონკურსო პროგრამის პირველი სეანსი იყო და მაშინ აჩვენეს პრესას, როდესაც კანის ფესტივალი იხსნებოდა და ყველა გახსნის ცერემონიალს დარაჯობდა წითელ ხალიჩასთან. დარბაზი ნახევრად სავსე იყო და არავინ ელოდა, რომ იმ დღეს ოქროს პალმის ახალ მფლობელს ნახავდა. იმდენად შესანიშნავი სურათი იყო, რომ მას შემდეგ ფესტივალზე, მასზე უკეთესის ძებნაში მუდმივ უკმაყოფილებას გამოვხატავდით. ამის შემდეგ რუმინული კინო განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და თითქმის ყველა საერთაშორისო ფესტივალზე რომელიმე პროგრამაში ერთი რუმინული ფილმი მაინც არის მოთავსებული. ქრისთიან მუნგიუ გახდა ის ადამიანი, რომელმაც დღეს დილით 9 საათზე სწრაფი ნაბიჯით გაგვაქცია “ბერლინალე პალასისკენ” კიდევ ერთი ახალი რუმინული ფილმის სანახავად. აქვე იმას აღვნიშნავ, რომ ორკვირიანი გადაუღებელი თოვლის მიუხედავად, გერმანიის დედაქალაქის ქუჩები სათანადოდ არ იწმინდება და ჩქარი სიარულის ნაცვლად, ჩქარი სრილიათ მივექანებით ხოლმე.
სწორედ ამას ვამბობდი – რუმინეთი, რომელიც აქამდე არაფრით იყო ცნობილი, (კინოს ვგულისმხმობ), ახლა საყოველთაო კინოინტერესის საგანია. ეს მთლიანად ქრისთიან მუნგიუს დამსახურებაა. ამიტომ, ბევრი ფილმი უნდა გადავიღოთ საქართველოში, შემდეგ, იმ ბევრიდან ერთი გამოვა და ის გახდება იმის მიზეზი, რომ მსოფლიო კინემატოგრაფის, კინემატოგრაფისტების და კინობაზრის ინტერესი გარანტირებული გვექნება. ამიტომა ჩვენც, (სიჩქარით 200კმ საათში (ნეტავ ეს ჩქარია?!) გავსრიალდით დილის სეანსზე.
კადრი ფილმიდან “თუკი მინდა, ვსტვენ”
სეანსი პირველი, დილის 9 საათზე – “თუკი მინდა, ვსტვენ” - ფლორიან სერბანი.
რუმინელი რეჟისორი, რომელიც ახლა ნიუ იორკში ცხოვრობს და ეს მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. ფილმი ძალადობაზე – მრავალმხრივ ძალადობაზე. მოზარდი ბიჭი არასრულწლოვანთა ციხეშია, მას 4-წლიანი პატიმრობიდან მხოლოდ 2 კვირა დარჩა თავისუფლებამდე. არასრულწლოვან პატიმარს სახლში უმცროსი ძმა ელოდება. ამასობაში, იტალიაში სამუშაოდ წასული დედა ბრუნდება და უმცროსი ძმის იტალიაში წაყვანას ცდილობს. ერთი სიტყვით, ფილმის პროტაგონისტი სილვიო ცდილობს დარჩენილი პატიმრობის დღეები დისციპლინირებულად გაატაროს, მაგრამ იტალიიდან ჩამოსული დედა ყველაფერს ანადგურებს. დედა, რომელსაც მისი შვილები, საყვარლებს შორის ცარიელი ნიშების ამოვსებისთვის უნდა. “ჯერ მე დამიმახინჯე ცხოვრება და ახლა გინდა ჩემს ძმას გაუკეთო იგივე” – ეუბნება სილვიო დედას და კატეგორიულად სთხოვს რომ უმცროსი ძმა იტალიაში არ წაიყვანოს. მის მჩაგვრელზე განრისხებული გმირი, ფინალში მძევლად მისი ოცნების გოგონას იყვანს და (გოგონა, რომელიც სოციალური სამსახურიდან არასრულწლოვანთა კოლონიაში სტაჟირებას გადის) ერთ-ერთ ბადრაგს სასიკვდილოდ ასახიჩრებს… საბოლოო ჯამში, ფილმი მხატვრული ნაწარმოებისათვის ზედმეტად სწორხაზოვანია, სადაც რეჟისორი პირდაპირ გვკარნახობს, რომ დამნაშავე დედაა. უსიყვარულოდ გაზრდილი ბავშვი აგრესორად იქცევა, გარემო კი თავისთავად ყველაფერს აკეთებს ადამიანის მოძალადედ ჩამოყალიბებისათვის. ფილმში, ყველაზე შთამბეჭდავი სულ უკანაკსნელი ეპიზოდია, სადაც სილვიო ციხის ადმინსიტრაციას მანქანას სთხოვს, იმისათვის, რომ მის შეყვარებულ მძევალთან ერთად კაფეში ყავა დალიოს. ეს ყველაზე მშრალად მოწოდებული, მაგრამ ემოციური ეპიზოდია, სადაც ჩანს რომ სინამდვილეში ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც მისმა მიკრო გარემომ დამნაშავედ აქცია, სიყვარული და თავისუფლება უნდა.
მეორე სეანსი – “სუბმარინო”


კადრები ფილმიდან “სუბმარინო”
დღეს არა “მამათა და შვილთა”, არამედ “დედათა და შვილთა” პრობლემებს ვსწავლობთ მთელი დღეა. თომას ვინტერბერგი “დოგმა 95~-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლარს ფონ ტრიერთან ერთად, შესანიშნავი ფილმის “დღესასწაულის” ავტორი წელს ბერლინში ახალი ფილმით ჩამოდის. ისევე, როგორც ლარს ფონ ტრიერი, არც ვინტერბერგი რჩება დოგმის მიმდევრად. ეს ხომ ერთჯერადი ხანმოკლე აქცია იყო, სადაც დანიელმა რეჟისორებმა დაამტკიცეს – კარგი ფილმის გადაღებისათვის არ არის აუცილებელი მაღალი დიდი ბიუჯეტი. თუმცა, როგორც ამ მიმდინარეობის თაყვანისმცემელი, აქვე ვიტყვი, რომ არა მხოლოდ ბიუჯეტის დაბლა დაწევა იყო ამ აქციის მიზანი – მათ განსხვავებული მხატვრული ფორმები და ხერხებიც შემოიტანეს, რაც კიდევ უფრო ნამდვილს ხდიდა კინემატოგრაფს.
თომას ვიტენბერგის არც ეს უკანასკნელი ფილმი არის მაღალ ბიუჯეტიანი, ის, სულ რაღაც 3 მილიონ ევრომდე დაჯდა. “ცოტა ხნის წინ მეუღლეს გავშორდი და პირველად დავრჩი მარტო ბავშვბეთან” – ამბობს დანიელი კინორეჟისორი. როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო მისი ახალი ფილმის ინსპირაციის წყარო, რადგან ერთერთ ინტერვიუში ამბობს კიდეც, რომ ფილმის მთავარი თემა, სათქმელია – ჩვენ კარგად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს შვილებზე. 2 ძმის ისტორია – სადაც ფილმის დასაწყისი და ფინალი მათ ბავშვობას ასახავს, მთლიანი ფილმი (შუა ნაწილი) კი მათ დღევანდელ ცხოვრებას. ალკოჰოლიზმით დაავადებული დედა, რომელმაც ბუნებრივია შვილებს მზრუნველობა და სიყვარული დააკლო. ამიტომ ფილმი 2 უიღბლო, განუხორციელებელი, მარტოსული ადამიანის ისტორიას მოგვითხრობს.
პირველ და მეორე სეანსზე წარმოდგენილი ფილმები ერთ თემას ეხებიან, მაგრამ რუმინული ფილმი, როგორც უკვე ვთქვი იმიტომ არის სწორხაზოვანი, რომ პირდაპირ და ნაჯახით გვეუბნება – ძალადობა შობს მოძალადეს, ბოროტება – ბოროტმოქმედს და ა.შ. ეს მართლაც ასეა, მაგრამ არა ყოველთვის. ვინტერბერგი იმიტომ არის უფრო ძლიერი რეჟისორი, რომ ლოთი დედის შვილები მსხვერპლად წარმოგვიდგინა, რომელნიც დედის სიყვარულის გარეშე გაზრდილნი, არა უსიყვარულობისკენ, გრესიისკენ თუ ძალადობისკენ, არამედ პირიქით – სიყვარულისკენ, სხვაზე ზრუნვისკენ, ამაგისკენ მიილტვიან. მათ ზრუნვის ობიექტი ჯერ მათი უმცროსი ძმა მარტინი იყო, (რომელიც მოულოდნელად სულ რამდენიმე თვის ასაკში დაიღუპა), შემდეგ კი ერთ-ერთი ძმის შვილი სახელად, ასევე მარტინი.
ერთი სიტყვით 13 თებერვლის საკონკურსო ფილმების მორალი ასეთია – იძრუნეთ და გიყვარდეთ თქვენი შვილები, თორემ (ზემოთ ხომ უკვე დავწერე!)
დღე მეოთხე – 14.02.2010
დღეს წმინდა ვალენტინის ბრწყინვალე დღესასწაულია, (როგორც ერთმა ჩემმა ძვირფასმა და საყვარელმა ადამიანმა მომწერა) და როგორც ჩანს, დღევანდელი საფესტივალო პროგრამაც ამ ბრწყინვალე გრძნობას მიეძღვნა, მაგრამ არა სლოგანით “გიყვარდეთ!”, არამედ “რა დროს სიყვარულია?!” ისე, ვიდრე დღევანდელ ფილმებზე ორ სიტყვას გეტყოდეთ, იმიტომ რომ ბევრი დღეს სათქმელი არაფერია, იმასაც ვიტყვი, რომ საქართველოში და თბილისში, განსაკუთრებით “სვეტსკი” თბილისელებში “ვალენწინობა” უფრო აქტუალურია, უფრო მეტად ისმის და აღვნიშნავთ, ვიდრე შუაგულ ბერლინში. რა ვიცი, იქნებ ვცდები და ეს უბრალოდ საფესტივალო დინებაში არ იგრძნობა. მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს, დაგვიანებით, მაგრამ გილოცავთ…
პირველი სეანსი
კადრი ფილმიდან “ქალი, იარაღი და მაკარონის მაღაზია”
დილა ჩინური ზღაპრით გაიხსნა, რომელიც ანიმაციას უფრო გავდა ვიდრე მხატვრულ ფილმს. პეიზაჟები, სახლები, პერსონაჟები იმდენად ხატოვანი იყო, რომ ზღაპრისთვის დამახასიათებელ პირობითობას სძენდა ძალიან ჩვეულებრივ, მელოდრამატულ-კრიმინალურ ისტორიას. “ქალი, იარაღი და მაკარონის მაღაზია” (ბუნებრივია სათაურით “მზარეული, ქურდი და მისი ცოლი” გაგახსენდებათ, მაგრამ გრინუეი აქ არაფერ შუაშია) – ასე ჰქვია ფილმს, სადაც მაკარონის მაღაზიის ძუნწი მესაკუთრე ცოლს ღალატში ამხელს, შემდეგ მის მოსაკლავად ე.წ. ქილერს დაიქირავებს. მკვლელს, ცოლს, ცოლის საყვარელს, მსახურებს – ყველას მაკარონის მაღაზიის მფლობელის ფული უნდა. ყველა ერთმანეთს ხოცავს და ბოლოს გამარჯვებული მთავარი გმირი ქალი, ცოლი რჩება. ფილმის ფინალი, რაღაცით “მოკალი ბილი”-ის და უმა თურმანსაც გაგახსენებთ, სადაც გამარჯვებული ქალია და გარშემო ყველა დახოცილი, მაგრამ ფილმის სტილისტიკა “მოკალი ბილის” სრული ანტიპოდია. შეხედეთ ფოტოებს და თავად დარწმუნდებით, უფრო სწორედ კი დაინახავთ ზღაპარს ქალზე, სიყვარულზე და მკვლელობაზე.
კადრი ფილმიდან “ქალი, იარაღი და მაკარონის მაღაზია”
მეორე სეანსი – “გრინბერგი”
ეს არის მსუბუქი კომედია, 40 წლის მამაკაცზე, რომელიც განვლილი ცხოვრების და ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანების გადაფასება-შეფასებას იწყებს. კითხვაზე არის თუ არა ეს ფილმი შუახნის მამაკაცის კრიზისზე (midlife crisis), რეჟისორი პასუხობს: “მე ვფიქრობ შუახნის კრიზისი ბევრ რამეში შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩემთვის ის პირველ რიგში იმ მდგომარეობასთან ასოცირდება, როდესაც დაოჯახებული მამაკაცი ერთხელაც დაფიქრდება: – საიდან და რატომ მოვხვდი მე აქ?! (ამ ოჯახში – ნ.კ.) ნოა ბაუმბახის გმირს კი არც ოჯახი ყავს და არც ის იცის რა უნდა, ვინ უნდა, როგორ უნდა… ამიტომ, მართალი გითხრათ, მაშინ როდესაც არსებობს ვუდი ალენი და მისი ფილმები არც მე ვიცი და ვერ გავიგე, რა საჭიროა მისი მსგავსი ფილმების გადაღება?!
კადრი ფილმიდან “გრინბერგი”
P.S. 2 დღის ქრონიკა ძალიან გრძელი გამოვიდა, თანაც ვიცი მკითხველს მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი აინტერესებს. ბერლინის ფესტივალის შემდეგ Shutter Island-ის (სავარაუდოდ, კონტექსტის გათვალისწინებით ასე ითარგმნება – “ჩაკეტილი კუნძული”) პრემიერა ამერიკაში უკვე შედგა, გამოვიდა კინოეკრანებზე და მალე საქართველოშიც, კერძოდ კი “ამირანსა” და “რუსთაველშიც” მალე გამოვა, ჰოდა ამიტომ სკორსეზეს ეს ფსევდო ფსიქოლოგიური თრილერი თავად ნახეთ და შემდეგ მომიყევით, მე დარბაზი ნახევარ საათში დავტოვე!

